„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ წერილს ასაჯაროვებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს გაუგზავნა.
ერთი წერილი ეხება საარჩევნო ბლოკი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამზადებული ქ. თბილისის მერობის კანდიდატის - ნიკანორ მელიას და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის - გიორგი ონიანის ამსახველი სააგიტაციო მასალების განადგურების, დაზიანების, გადაღებვისა და საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას პლაკატებით დაფარვის ფაქტს. ნაციონალები თვლიან, რომ ამ ქმედებას „ორგანიზებულად და ჯგუფურად ახორციელებენ საარჩევნო ბლოკ - „ქართული ოცნების“ აქტივისტები“.
მეორე წერილი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე პოლაკატების ჩამოხევა - საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ახალი ფორმით დაწყებული ბრძოლის - ზეწოლის თაობაზე, რომელიც ხორციელდება უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ თითქოს „საკუთარი სურვილით“ უარი განაცხადონ კანდიდატობაზე“.
„მივმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს - სასწრაფოდ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი ზემოქმედება ყველა იმ კონკრეტული პირისა თუ უწყების მიმართ, ვინც ჩართულნი არიან ამ უკანონო პროცესებში, შეწყდეს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების დევნა, მათზე ზეწოლა და შანტაჟი“, - ნათქვამია წერილში.
ნაციონალების განცხადებაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები - ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა და პარტიული სიების საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიებში წარდგენის ვადის დასრულებისთანავე ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო - ზეწოლა უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ „საკუთარი სურვილით“ მოხსნან კანდიდატურები.
„ზეწოლა მომდინარეობს, როგორც მაჟორიტარული წესით ასარჩევ, ასევე პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებზე. დასახელებულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში ჩართულნი არიან სამართალდამცავები და მათი მხრიდან მიმდინარეობს პირდაპირი მუქარა, რომ საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ან მათი ოჯახის წევრებს ჩაუდებენ იარაღს ან ნარკოტიკულ საშუალებას, დააპატიმრებენ, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები დაკარგავენ სამსახურს და აიძულებენ დაწერონ განცხადება“, - ნათქვამია წერილში.
როგორც ნაციონალები აცხადებენ, 2014 წლის 28 მაისის მდგომარეობით, „საკუთარი სურვილით“ კანდიდატობაზე უარი განაცხადა საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა 11-მა კანდიდატმა.
„ამ მხრივ განსაკუთრებით „აქტიურობაა“ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ქვემო ქართლში ამ პროცესს ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოს უფროსი ლევან კვიციანი, რომელიც პირდაპირ აძლევს დავალებას მის დაქვემდებარებაში შემავალი რაიონების პოლიციის ხელმძღვანელებს ზეწოლა განახორციელონ დარეგისტრირებულ კანდიდატებზე“ ,-ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალების მტკიცებით, დმანისში კანდიდატებზე ზეწოლის პროცესს ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე გიგანი. სამართალდამცავების აქტიურობის შედეგად კანდიდატობაზე უარი განაცხადეს საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით წარდგენილმა საკრებულოს წევრობის ოთხმა კანდიდატმა: სტამბულ ყურბანომა, შახვადინ კოჯაევმა, ალმაზ რამაზანოვმა და ელმურაზ გასანოვმა“ , - აცხადებენ ნაციონალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუ დმანისის მუნიციპალიტეტში ნაციონალების კიდევ ორი კანდიდატი განაცხადებს უარს, ბლოკის პარტიული სიას გაუქმების საფრთხე დაემუქრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, „ქართულ ოცნებას“ რაღაცნაირად, ჩრდილი მიადგეს, განსაკუთრებით მომავალი ბრიუსელის სამიტის წინ.
გიორგი ვოლსკი: „იმ ბეგრაუნდის გათვალისწინებით, რაც ნაცმოძრაობას ჰქონდა, შეიძლება არც იყოს გასაკვირი, ვიღაცამ გადაიფიქროს, რომ მისი სახელი ნაცმოძრაობასთან იყოს ასოცირებული და გაიტანა განაცხადი. მაგრამ, თუ ასეთი ფაქტები მართლაც დადასტურდა, ამასთან დაკავშირებითაც საჭიროა მეტი ინფორმაცია. საინტერესოა, რას ამბობენ ის ადამიანები, ვინც განცხადებები გაიტანეს.
აუცილებელია, ამ საკითხს ბოლომდე ჩავყვეთ და გამოვიძიოთ - ეს სერიოზული თემაა. თუ ვინმე გამოვლინდება ზეწოლის ისეთ ფორმაში, რაც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული და ამის შესახებ ჭიკაიძემაც განაცხადა. თუ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა და ინფორმაცია გვექნება, ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შემადგენლობაც ჩაერევა ამაში“.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ სწორედ იმ რეგიონებში, სადაც მათი კანდიდატები უშიშროების სამსახურის ზეწოლის ქვეშ საკუთარ კანდიდატურებს ხსნიან, ძალიან დიდი შანსი აქვთ წარმატების. არგუმენტად ჭიაბერაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50%-მდე აიღო ხმები - ორჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, რაც ჭიაბერაშვილის შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ დღესაც მათი წარმატების შანსი მაღალია დმანისში და სწორედ ამიტომ გახდა დმანისი განსაკუთრებული სამიზნე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ცაგერის რაიონში ასეთ ქმედებაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ამირან მიშველიანი იყო ჩართული, დმანისში - ასევე სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენელი - გიგანი.
დედოფლისწყაროში უკვე ჩვენმა მაჟორიტარმა, ბაღაშვილმა, რომელისაც წარმატების დიდი შანსი ჰქონდა, ასევე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რასაკვირველია, ზეწოლის ქვეშ.
ეს ხდება არა მხოლოდ ერთ რაიონში ან რეგიონში, არამედ ეს ხდება ყველგან - აღმოსავლეთ საქართველოშიც, დასავლეთ საქართველოშიც და ეს ყველაფერი კარგად არის კოორდინირებული ხელისუფლების მხრიდან“.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მოკვლეული და რაციონალური პასუხი გაეცეს ყველა ბრალდებას.
გია ხუხაშვილი: „ამაზე რეაგირება რომ საჭიროა, ამასათან დაკავშირებით ორი აზრი არ არის, ხელის აქნევა ამ თემაზე არაფრით არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, შინაგანი რწმენით შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ცნობილი პროვოკატორები არიან ნაციონალები და შეიძლება ვიღაც ამას სკეპტიკურადაც უყურებდეს, მაგრამ ამაზე არრეაგირება არ შეიძლება. განსაკუთრებული პასუხი უნდა გაეცეს ყველა ბრალდებას. თუ ეჭვქვეშ დადგა არჩევნების ლეგიტიმურობა, განსაკუთრებით, დასავლეთის მხრიდან, ეს საკმაოდ სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.
თუ ვინმე არის იმდენად უგუნური ამ ხელისუფლებაში, რომ იგივე მეთოდებს მიმართავს, ხელისუფლებას ეს არაფერში არ სჭირდება. შეიძლება მოსახლეობა ხელისუფლებით მაინც და მაინც არ იყოს კმაყოფილი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურ ალტერნატივად არ განიხილება ქართულ საზოგადოებაში არც ერთ რეგიონში და ამის შესაბამისად, არავინ არ უნდა მისცეს სალაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობას“.
როგორც გიორგი ვოლსკი თვლის, პლაკატების ჩამოხევა, ქვების სროლა, ადამიანებზე ძალადობა დაშინება, ჩვეულებრივი ამბავი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს - ახლა ცდილობენ, პარალელები გაავლებინონ საზოგადოებას ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, რომ „ქართული ოცნებაც“ იგივეში დაადანაშულონ - თითქოს არაფერი შეცვლილა ქვეყანაში.
„ამავე დროს, ხშირად ამბობენ, რომ მათ ბევრი მინუსი ჰქონდათ და სურთ თავიანთი ნაკლოვანებები „ქართულ ოცნებასაც“ მიაწერონ. ასე რომ, ესეც პროპაგანდისტული ფანდია, რასაც მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა“,- მიიჩნევს ვოლსკი.
როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, წარსულში რაც ხდებოდა, არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ხდება დღეს.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ძალადობის ერთეული ფაქტები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, მაგრამ ის რაც ხდება დღეს, მასობრივად გაზრდილი კრიმინალის ფონზე და ის, რაც ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - კოორდინირებულად ჩვენს საარჩევნო კამპანიაზე შეტევა - ასეთი მასშტაბით საქართველოში არასოდეს ყოფილა“,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისივე შეფასებით, იმით, რომ ოდესღაც რაღაც ხდებოდა, ხელისუფლება თავს ვერ გაიმართლებს.
„თუკი ისინი ამბობენ, რომ ჩვენ თვითონ ჩავდივართ ამას, გამოიძიონ და ისიც საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის, რომ გამოააშკარავონ ვინ იტყუება. მაგრამ ისინი გამოძიებასაც არ იწყებენ, ისე, როგორც ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი არ გამოუძიებიათ“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
გია ხუხაშვილის შეფასებით, ჩვენი, ყველას პრობლემა ის არის, რომ ნაციონალების მიმართ მიუღებლობა აქვს ქართულ საზოგადოებას - ისინი ლაპარაკობენ იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც თვითონ მოქმედებდნენ წლების განმავლობაში - მინიმუმ, ეს ყველაფერი მათ ბუმერანგად უბრუნდებათ.
გია ხუხაშვილი: „არ გამოვრიცხავ, რომ სადღაც-სადღაც მათ მიერ ჩამოყალიბებული სისტემა ჯერ კიდევ შეიძლება იყოს შენარჩუნებული - სისტემის დამარცხება საკმაოდ რთულია. ეს ის სისტემაა, მათივე შექმნილი, რომელიც სადმე კიდევ შეიძლება მოქმედებდეს და ეს ძალიან არ მინდა დავიჯერო.
ვიცი, რომ ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ნება, მსგავსი რაღაცეები არ ხდებოდეს. დარწმუნებული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. თუ ადგილზე ვინმე ცდილობს, რომ ერთგულება დაუმტკიცოს ხელისუფლებას და ასეთ მეთოდებს მიმართავს, ხელისუფლებამ ამაზე სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება - თავისი პოლიტიკური ნება აჩვენოს.
როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამ რეგიონებში გარანტირებული ჰქონდათ გამარჯვება, ამ დროს, ვიღაც სიიდან მოიხსნა და ამით ხელი შეეშალათ, ასეთი არამყარი სიებით რანაირად ჰქონდათ გარანტირებული გამარჯვება, ესეც ლოგიკურად ვერ დავაკავშირე - არ იმარჯვებენ ადამიანები, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ შეიძლება არჩევანი შეცვალონ. შესაბამისად მთლად ლოგიკური არ არის მათი განაცხადი“.
რაც შეეხება პლაკატების თემას, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ თითიდან გამოწოვილი საკითხია, რადგან არც მელიას და არც ონიანის პლაკატების გადაფარვით ნარმანიას რეიტინგი არ მოემატება და თუ ვინმე მართლა ამას აკეთებს, ან პროვოკატორია და გარკვეული დავალებით მუშაობს, ანდა აბსოლუტურად გონებადაბნელებული ადამიანია და ამას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ შეიძლება, ჰქონდეს.
„აბა, ონიანის პკლასკატის გადაფარვა-არგადაფარვას რა აზრი აქვს - თუ მართლაც ამ ქმედებებს ადგილი აქვს, ერთადერთი, ვინც შეიძლება დააზიანოს, ეს არის „ქართული ოცნება“. ასე რომ, არც პრაგმატული მოსაზრებით და არც ლოგიკით, მაგათი პლაკატების ხელყოფას არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძლევა საშუალება, ეს ამბავი გაავრცელოს და მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ყურადრებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ შეფასებებზე, რამდენად დემოკრატიულად და პროგრესულად ჩატარდება ეს არჩევნები“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ იმ ფონზე, რაც მათ წინააღმდეგ ხორციელდება - საარჩევნო აგიტაციის ჩაშლა, ფიზიკური ძალადობა, დაპატიმრებები და ა.შ. სააგიტაციო მასალის დაზიანება არ წარმოადგენს ამ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტს.
„იმიტომ, რომ გაცილებით უფრო სერიოზული საკითხები დგას დღის წესრიგში ვიდრე პლაკატზე პლაკატის გადაკვრა. თუმცა, რა თქმა უნდა, უწყებათაშორის კომისიაში ამასაც ვაფიქსირებთ“, -აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ექსპერტ გია ხუხაშვილს პლაკატების მნიშვნელობა გადაჭარბებული ჰგონია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს. აქედან გამომდინარე, მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი „ქარიშხალი ჭიქაში“ აჩვენონ, რათა შემდგომში თავი გაიმართლონ - მათ იმიტომ კი არ წააგეს რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა და ისტორიას ჩააბარა, არამედ იმიტომ, რომ განუკითხაობაა არადემოკრატიული გარემოა და ა.შ“,- მიიჩნევს ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით, ძირითადად, ეს ყველაფერი გათვლილია უცხოელებზე.
„დღეს, ფაქტობრივად, ისინი გამოდიან თავისივე შექმნილი სისტემის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს სისტემა აღარ არსებობს, მაგრამ თუ სადღაც შემორჩენილია, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რეაგირება პლაკატებთან იქნება ეს დაკავშირებული თუ პერსონალური ზეწოლის ფაქტებთან“,- აცხადებს ხუხაშვილი.
როგორც ვოლსკი აცხადებს, ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რაც ნაციონალებს არ მოსწონთ - სიები მკვდარი სულებისგან გაიწმინდა, ისეთი სისტემა ჩამოყალიბდა, სადაც ესოდენ პოპულარული გაყალბების მეთოდების, „კარუსელების“ დატრიალების შესაძლებლობა ნულამდეა დაყვანილი.
„ასეთი მიღწევების და პროგრესულად ჩატარებული საარჩევნო პროცესის, რისთვისაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველომ საერთაშორისო დონეზე, ამ ყველაფრისთვის ჩრდილის მისაყენებლად თუ იქნება გამოსადეგი პლაკატების ჩამოხევა-გადაფარვის თემები, თორემ ნაციონალები ამით ვერაფერს მოიგებენ“, - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.