„წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან“

„წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს 2015 წლის გაზაფხულამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას დღეს დათანხმდა. საქართველოს მთავრობის მეთაურთან საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე გამოთქვა სურვილი, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში ჩემი გერმანიაში მოწვევისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, რომლის ძალისხმევითაც არაერთხელ მოხერხდა საფრთხეების განეიტრალება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და მათი გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს. გამოითქვა კმაყოფილება, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც აღინიშნა, გარკვეულ პერიოდში არსებული ვაკუუმის შემდეგ, გერმანელი მრეწველები საქართველოთი დაინტერესდნენ. გამოითქვა იმედი, რომ ბერლინში მიმდინარე ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას.

გერმანიის კანცლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დაადგა ევროკავშირისკენ მიახლოვების გზას. მისივე განმარტებით, მისასალმებელია ისიც, რომ ამის პარალელურად საქართველო ურთიერთობას ალაგებს რუსეთთანაც.

„ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერობაზე. ჩვენ კარგი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო დაადგა ევროკავშირისკენ მიახლოვების გზას, რაც გამოიხატება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხემოწერაში. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველო დაინტერესებულია ნაბიჯ-ნაბიჯ განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან - ამ მაგალითზეც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ორივე მიმართულებით მუშაობს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის შეფასებით, კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკურ ურთიერთობას.

„ბატონი პრემიერი დაესწრება ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა აქვს, რათა განვითარდეს პარტნიორობა და ინვესტიციები საქართველოში. ამისთვის თქვენი ქვეყანა კარგ პირობებს ქმნის, თუმცა უკანასკნელ წლებში გარკვეული არასტაბილურობის შთაბეჭდილება იქმნებოდა ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ნათლად ასრულებს ყველანაირ საკანონმდებლო ჩარჩო პირობებს და ეს ხელს შეუწყობს მომავალ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც კარგი საინვესტიციო პარტნიორი გახდეს უფრო ცნობილი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე. მერკელი ამბობს, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ იქნება. მისი თქმით, MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს იმის გამოსახატად, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და ნატო ხედავს იმ პროგრესს, რაც საქართველოში არის.

„მე ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად“, - აღნიშნა მერკელმა.

კითხვაზე - ნატო ხომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავი შეიკავოს შემდგომ ნაბიჯებზე და ეს ხომ არ იქნება რუსეთის მხრიდან აღქმული, როგორც მწვანე შუქი შემდგომი აგრესიისთვის? - მერკელმა განაცხადა: „არა გონია, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება დამატებითი აგრესიისთვის“.

„მე არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც მწვანე შუქი დამატებითი აგრესიისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, პირიქით, მხარდაჭერის ღირსია“, - განაცხადა მერკელმა.

MAP-ის მიღებაზე არა, მაგრამ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ანგელა მერკელმა გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის უნდა გაღრმავდეს ვაჭრობა, ეკონომიკა, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.

„ჩვენ გერმანიის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. 27 ივლისს ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავდივართ. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა მივიღეთ. ასოცირების შეთანხმება ხელს შეგვიწყობს, რომ დავუბრუნდეთ ერთიან ევროპულ ოჯახს და გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი. ასოცირების ხელშეკრულების პროცესში გაღრმავდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, საქართველოსთვის.

შეხვედრაზე ჩვენ გავაცანით ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვჯერა, რომ უფრო მეტად გავაღრმავებთ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჩვენ ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო. ამან აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს სტაბილური და კონსტრუქციული მთავრობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრას აფასებენ თბილისში. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გერმანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება სურს.

„გერმანიას სურს განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, ასოცირების თაობაზე გაკეთებული ჩვენი ნაბიჯების ფონზე და მეორე მხრივ, იმ აგრესიის ფონზე, რაც რუსეთის გამო შეიქმნა რეგიონში. გერმანიის ფაქტორი ევროკავშირსა და ნატო-ში ძალიან სერიოზულია და ამ ვიზიტის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრებსა და კანცლერს შორის უფრო ახლო და მეგობრული სათანამშრომლო ურთიერთობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან“, - ასე ეხმაურება სამიტის თემას სოციალურ ქსელში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

„ყურები არ ჩამოყაროთ ატლანტისტებო და ტყუილად არ აჟღურტულდეთ ევრაზისტებო! წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან! გითხარით საინტერესოს გამოვაცხობთ! ე.ი. გამოვაცხობთ!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

რაც შეეხება მერკელის განცხადებას, რომ ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ გერმანიის პოზიციის ცვლილებისთვის საჭიროა ძალიან სერიოზული მუშაობა, რისთვისაც ჩვენი მთავრობა არ არის მზად.

„ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოება და რა გზით მოვიპოვებთ მას, ეს არის მთავარი. თუ აქ ამერიკა გახსნის სამხედრო ბაზებს, სულ არ მადარდებს მაპს მოგვცემენ თუ არა. როგორც ჩანს, საქართველოს მაპს არ მისცემენ, მაგრამ არ ვიცი ახლა რას მოიგონებენ მაპის სანაცვლოდ. გერმანიის პოზიციის ცვლილებისთვის საჭიროა ძალიან სერიოზული მუშაობა, რისთვისაც ჩვენი მთავრობა არ არის მზად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ვიზიტი არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკა გერმანელების სრულ მხარდაჭერას და მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, რაც ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელწმიფოს ევროპეიზაციის, ევროპულ ოჯახში დაბრუნების, საერთო-ევროპული მომავლის, ერთიანი ფასეულობებისა და საერთო პრინციპების დიდი დადასტურებაა. მსგავსი მაღალი დონის მოწვევა მერკელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქამდე არ ყოფილა, რაც მეტყველებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერასა და იმაზე, რომ მოქმედმა მთავრობამ ევროპელი ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცა.

ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკა გერმანელების სრულ მხარდაჭერას და მაღალ შეფასებას იმსახურებს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ იდეებს და მისწრაფებებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი დიდი აღიარება საქართველოსი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ბერლინში ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება. პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მიმზიდველი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაა.

„თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაში გამოიხატება.

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია - მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა, ეფექტური ფინანსური სისტემები, სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პირობას შექმნის. მანვე ფორუმის მონაწილეები 13 ივლისს თბილისში საქართველო-ევროკავშირის ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია. ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმს გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.