„ის, რომ საუკეთესო ჩაქუჩი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ლურსმანია“

„ის, რომ საუკეთესო ჩაქუჩი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ლურსმანია“

„აშშ-მ რუსეთის იზოლაციას მიაღწია“, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უესტ-პოინტის სამხედრო აკადამიის სტუდენთა ბოლო ზარზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ლიდერების წყალობით, მსოფლიომ დაუყოვნებლივ დაგმო რუსეთის ქმედებები. ევროპა და დიდი შვიდეული ამერიკას დასთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზირებაში, ეუთოს დამკვირვებლები კი ცდილობენ მსოფლიოს ყურადღება უკრაინის არასტაბილური რეგიონებისკენ მიაპყრონ.

„უკრაინაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები მაგონებს იმ დროს, როდესაც საბჭოთა ტანკები აღმოსავლეთ ევროპაში შევიდნენ. მაგრამ ეს ცივი ომი არაა. შევქმენით შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი და მყისვე მოვახდინეთ რუსეთის იზოლაცია. სწორედ ამ ყოველივემ გაუწია წინააღმდეგობა რუსულ პროპაგანდასა და რუსულ სამხედრო ნაწილებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და მოიწონა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგანაც „უკრაინელმა ხალხმა მოახერხა საკუთარი მომავალი ერთი გასროლის გარეშე აერჩია“.

ობამას განცხადება მარტო უკრაინის თემით არ ამოწურულა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იყო ლიდერი და მომავალ ასწლეულშიც დარჩება მსოფლიოს ლიდერად, ხოლო ირანი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აგვარებს ამერიკა დაპირისპირებებს მშვიდობიანი გზით.

„ამერიკელები მსოფლიოსთვის კვლავ შეუცვლელ ერად რჩებიან. როდესაც ფილიპინებს ტაიფუნი ატყდება თავს, როდესაც ნიგერიაში სკოლის მოსწავლეებს იტაცებენ, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული ტერორისტები მოქმედებენ, ყველა ამერიკის დახმარების იმედადაა. სწორედ ამიტომ, აშშ შეუცვლელია. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება! რეგიონალური აგრესია, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება, საბოლოო ჯამში, მართლაც შეიძლება გახდეს ჩვენი ჯარის ჩარევის მიზეზი. ვერ გავუწევთ იგნორირებას იმას, რაც ჩვენს საზღვრებს გარეთ ხდება. ჩვენი ჯარი შეუდარებელია, ხოლო საფრთხე, რომლის წინაშე ვგდვართ, მინიმალური“.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მართალია, აშშ ყოველთვის უნდა ლიდერობდეს მსოფლიო არენაზე, თუმცა სამხედრო მოქმედებების წარმოება პრიორიტეტად არ უნდა იქცეს. „ის, რომ საუკეთესო ჩაქუჩი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ლურსმანია“, - ასეთია ობამას თვალსაზრისი.

ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობენ რუსეთის იზოლაციაზე. გვახსოვს ხმამაღალი განცხადებები, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან, რომ რუსეთს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო იზოლაცია ელის. კეთდება განცხადებები საქართველოდანაც, რომ რუსეთის იზოლაცია უნდა შეწყდეს, რადგან ეს მას კიდევ უფრო აგრესიულს გახდის. ამ სიტყვების ავტორი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

როგორც ჩანს, იზოლაცია არ აფრთხობს რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ დასავლეთი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას რუსეთის იზოლაციაში მოქცევის მტკიცებულება.

„იზოლაცია - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოგონილი ტერმინია, რომლებიც ცდილობენ, იმოქმედონ ნეოიმპერიული ნოსტალგიური ამბიციებიდან გამომდინარე. რამე ისე თუ არაა, ისინი მაშინვე ეტაკებიან სანქცირების ხელკეტს. ასეთი ქმედებების დრო უკვე წავიდა“.

მიაღწია თუ არა აშშ-მ რუსეთის იზოლაციას, თუ მართლაც ხელოვნურად შექმნა რუსეთის იზოლაციაში მოქცევის მტკიცებულება?!

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ამერიკამ ვერ მოაქცია რუსეთი იზოლაციაში. საერთოდაც, იზოლაციაში მოქცევა არ ნიშნავს გამარჯვებას. მაგალითად, აფხაზეთი 20 წელი იზოლაციაშია და აქედან ხეირი ქართულ მხარეს არ უნახავს. მეტიც, ჩვენი შეცდომა და სირცხვილია, რომ იზოლაციაში მოვაქციეთ საკუთარი მოქალაქეები აფხაზეთში.

„რაც შეეხება ამერიკას, რომელ იზოლაციაში მომქცევები ეგენი არიან?! ზოგადი განცხადებები, როგორც მინიმუმ, კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი რუსული პრობლემის გადასაწყვეტად. რეალური სანქციები ეს არ არის. არ შეიძლება, ლავროვი იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ლავროვი როცა გადალახავს საზღვარს, უნდა დაიჭირონ, როგორც სამხედრო დამნაშავე. რუსეთის ხელმძღვანელობა არის აგრესორი, დამპყრობი, თაღლითი და მათ პირდაპირ უნდა უთხრან, თქვენთან არ ვლაპარკობთო. მათ მოლაპარაკების ენით არ უნდა ელაპარაკონ. ეს რუსეთია, სადაც ზაპოროჟეცებით დადის ხალხი და რომელი მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზეა საუბარი?! ამიტომ რუსეთთან მიმართებით სიმკაცრე და თანმიმდევრულობაა საჭირო“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ და განმარტა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არაფრის შემძლე არ არის.

მისივე თქმით, კარგია, რომ რუსეთი პირდაპირ და ღია აგრესიას ყირიმის შემდეგ ვერ ახერხებს, მაგრამ, მეორე მხრივ, არაფორმალურად, ფინანსურად, ადამიანური რესურსებით რუსეთი უკრაინის ომში ძალზე შეუპოვრად მაინც მონაწილეობს, რაც, რა თქმა უნდა, შორსაა იმ განაცხადისგან, რომ ეს ომი მოგვარებულია - რეალურად, ომი მიმდინარეობს.

„სულ ახლახანს რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას ხელი მოაწერეს. ასე რომ, იზოლაციაზე საუბარი ზედმეტია. წინა კვირას ჩინეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ამ დროს კიდევ არწმუნებენ მსოფლიოს, თითქოს რუსეთი იზოლაციაშია და არავინ ელაპარაკება. ეს სრული ტყუილია“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკა ძალზე თანმიმდევრულია ბევრ პოზიციაში და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება. ამიტომ ცდილობს, მოძებნოს პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების ნაბიჯები. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული, რომ რუსეთის მკვეთრ იზოლაციაში მოქცევა და სანქცირება ამერიკისთვის არ იყო გამართლებული.

მისი თქმით, ამერიკამ გარკვეული სანქციები მიიღო, რაც მარტო მკაცრ განცხადებებს არ გულისხმობდა, არამედ იყო გარკვეული ქმედებებიც - იგივე სავიზო პრობლემები, რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა რიგ საკითხებში, მათ შორის, სამხედრო საკითხებშიც და ეს არ იყო მარტო ამერიკის მხრიდან, არამედ რიგმა ევროპულმა ქვეყნებმაც ანალოგიური შეზღუდვა დააწესეს. თუმცა ევროპამ, გარკვეულწილად, მაინც გადადო სანქციების პროცესი. ამის მიუხედავად, უკვე არსებული სანქციებიც მტკივნეულია რუსეთისთვის. ეს რომ არა, უკრაინაში უფრო ფართომასშტაბიან ექსპანსიას ვიხილავდით.

„მართალია, უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთი ასე ღიად არ არის ჩართული ამ კონფლიქტში, ფართო ექსპანსია არ ხდება. ბოლოს და ბოლოს, ჯარი გაიყვანა საზღვრიდან. ეს ზუსტად ამ სანქციების შედეგია. ერთია, ობამას განცხადება და მეორეა, რომ ამ განცხადებას საფუძვლად უდევს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია. ასეთი თამამი როცა არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები, ბუნებრივია, საქმე უფრო მეტადაა გაკეთებული, ვიდრე ეს ზედაპირიდან ჩანს. რუსეთმა კარგად იცის, რომ მას არ აქვს დიდი შანსი, ვერ გაუძლებს დიდ დაპირისპირებას. მისი ფინანსური რესურსები ძალზე ჩამორჩება ევროპისა და ამერიკის ერთად აღებულ რესურსებს, რაც მსოფლიო ეკონომიკის სადღაც 50 %-ია, რუსეთისა კი მხოლოდ - 2-3 %. ამას ემატება ისიც, რომ პუტინს შიდა პოლიტიკური საქმე ბრწყინვალედ არ აქვს. მისი პროპაგანდისტული ტელევიზიებისგან განსხვავებით, რუსეთის შიგნით უკმაყოფილება არსებობს, რადგან რუსეთი ცხოვრების დონით არ ბრწყინავს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტს სერგეი ლავროვის სანქცირება არ მიაჩნია გამართლებულად. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს უკიდურესი ნაბიჯი, როცა სხვა გზა აღარ რჩება. იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბევრ რამეს წააგებს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ევროპამ კარგად იცის რუსეთის მოქმედებების ფასი. ევროპამ კარგად უწყის ისიც, რუსეთთან მეგობრობის ფასს რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, რუსეთის საფინანსო რესურსების, აქტივების დიდი ნაწილი თავმოყრილია ევროპასა და აშშ-ში. რუსეთი შემოსავლებს, თავისი ნედლეულის გაყიდვებიდან, ევროპასა და ამერიკაში აკეთებს. ამის შეწყვეტა კი მას დააყენებს დიდი საფრთხის პირისპირ და ჩინეთის წინაშე დატოვებს, რაც სასურველი არაა. ასე რომ, დრო იმუშავებს რუსეთის საწინააღმდეგოდ.