„ასმათ ტყაბლაძე არის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, უფლებდაცმველი, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი. ქალბატონ ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა სამთავრობო, საჯირითო ზონა, არამედ გადაიქცევა ჭეშმარიტ სახალხო დედაქალაქად, სადაც (თბილისის მერიაში) თითოეული თბილისელი მივა ყოველგვარი საშვის გარეშე თავის დიასახლისთან, ქალაქზე პასუხისმგებელ და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანთან“, - განაცხადა მერობის კანდიდატის წარდგენისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ასმათ ტყაბლაძის მერად არჩევის შემთვევაში მისი უმთავრესი პრიორიტეტი ქალაქში სოციალური საკითხების მოგვარება იქნება. იგი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვას და ერთი ხის მოჭრასაც კი დიდ დანაშაულად მიიჩნევს. მის გეგმებშია ცენტრალური გათბობის სისტემის აღდგენა, ბიზნესის დახმარება და ა.შ.
თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე for.ge-ს შეკითხვებს პასუხობს.
ქალბატონო ასმათ, თბილისელებს ბევრი პრობლემა აქვთ, გამარჯვების შემთხვევაში თქვენ საიდან დაიწყებდით მათ გადაჭრას?
- ჩემს პრიორიტეტებად დავასახელე სოციალურად დაუცველი ადამიანების მაქსიმალურად დახმარება, დასაქმება, პენსიის ასაკის დაწევა, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობა, ვაუჩერების გაცემა დენზე, გაზზე, წყალზე, დასუფთავებაზე პენსიონერებისათვის, რომ პენსია გადასახადებზე კი არ დახარჯონ, არამედ თვითონ დარჩეთ.
პენსიის მომატება ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ დავაყენებ საკითხს პენსიის მომატებასთან დაკავშირებითაც. აუცილებლად დაარსდება სოციალურად დაუცველების დახმარების ფონდი - დახმარება იქნება არა 22 ლარი, არამედ რეალური დახმარება, რომ მშიერი არავინ იყოს და ნაგვის ურნებში ხელი არავინ ჩაყოს.
თუ აპირებთ, რომ მაქსიმალურად დაასაქმოთ ადამიანები, სოციალური პაკეტი რატომ უნდა გაიზარდოს, თუკი ხალხი უზრუნველყოფილი იქნება?
- ყველას ერთად ხომ ვერ დაასაქმებ, მსოფლიოში ვერავინ ვერ მოახერხებს ამდენი უმუშევრის ერთ თვეში და ერთ წელიწადში დასაქმებას.
როგორ უნდა დაასაქმოს ქალაქის მერმა ხალხი, ეს არის საინტერესო, რა მექანიზმის ამოქმედებას გეგმავთ?
- მცირე და საშუალო მეწარმეობას შევუწყობ ხელს. გავცემ სესხებს, უპროცენტოს და გრძელვადიან - მცირეპროცენტიანს.
ქალაქის ბიუჯეტი გასცემს ამ სესხებს?
- ქალაქის ბიუჯეტიდან დავაფინანსებ მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს უკვე დასაქმების წინაპირობა იქნება აუცილებლად.
გარდა ამისა, მოვძებნი, კიდევ რა რესურსი არსებობს თავად მერიაში, ეს იქნება ნაგვის გატანა თუ გადამუშავება - ათასი რაღაც შეიძლება აღმოჩნდეს ხალხის დასაქმებისთვის.
მთავარია, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა. ეს ჩვენთანაც აუცილებლად გასაკეთებელია.
მე თვითონაც მცირე მეწარმე გახლავართ, მაქვს ბარი და ეს საქმე კარგად ვიცი. მეურნე გახლავართ, შესანიშნავად ვიცი, რას ნიშნავს მეწარმეობა. 16 წელიწადია, ერთი ბარი მაქვს და მეორე - უკვე მეექვსე წელია. შემიძლია მესამეც გავაკეთო, მაგრამ აღარ მინდა, რაღაც ახალს მოვიფიქრებ და ჩემს იდეებს სხვებსაც გავუზიარებ.
გამოვაცხადებ ბიზნეს-იდეების კონკურსს, წარმატებული იდეების განხორციელებას ყველანაირად დავეხმარები იმით, რომ გავცემ სესხებს. ადამიანი რომ გააკეთებს საწარმოს, ცოტა ხნით გავათავისუფლებ გადასახადებისაგან, ვიდრე ვალი ექნება გადასახდელი. როცა მორჩება ვალის გადახდას, ჩვეულებრივ საგადასახადო რეჟიმში ჩადგება. დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი - ეს რაც შეეხება ჩემს პირველ პრიორიტეტს.
მაგრამ ყველას ხომ ვერ დაასაქმებ, არიან უმწეო ადამიანები, არიან ისეთებიც, რომლებსაც უკვე აღარ ასაქმებენ 50 წელს ზევით - ქალისათვის პენსიის ასაკი 60- წელია, 10 წელი რა გააკეთოს? მას აუცილებლად დახმარება უნდა მისცე.
თქვენ ამბობთ, რომ საპენსიო ასაკს დასწევთ, პენსიის ასაკი მერმა როგორ უნდა დაწიოს?
- ესეც პარლამენტის პრეროგატივაა, კანონია ამის შესახებ მისაღები და ამ კანონს მივაღებინებ ყველა ვარიანტში, იმიტომ, რომ ვერ აღწევს ხალხი საპენსიო ასაკამდე, 60- 65-წლამდე იმის გამო, რომ მშიერ-მწყურვალნი არიან.
მერობის ყველა კანდიდატი აღშფოთებულია ქალაქის ურბანული მდგომარეობით, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- 16 ივნისსვე მოვიწვევ საუკეთესო ურბანისტების, არქიტექტორების კომისიას და მეორე დღესვე შეჩერდება ეს უკანონო და უზნეო მშენებლობები, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა. რაც ხდება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს დანაშაული და კრიმინალია! ვინც ამ მცირე ტერიტორიაზე სახლების აშენების ნებართვა გასცა, ეს არის კორუფციის უმაღლესი ზღვარი, - ერთმანეთს ცხვირპირში უშენებენ, თან ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ სახლს ააშენებს. ახლავე უნდა გადამოწმდეს მათი მდგრადობა, როცა მიწისძვრა მოხდება და დაინგრევა, მერე უკვე ვეღარავის ვეღარ აგებინებ პასუხს.
ადგილობრივი არჩევნებისთვის ასევე პოპულარული ხდება-ხოლმე ე.წ. ხრუშჩოვკების თემა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?
- პიარია მხოლოდ - საქართველოში ამდენი უსახლკარო ადამიანია და მათ სახლები მაინც აქვთ. თუ დავანგრევ „ხრუშჩოვკას“, ჯერ სხვა სახლს ავაშნებ და ისე. არარეალური პროექტია - ათიათასობით კაცი ცხოვრობს ასეთ კორპუსებში, ამ ადამიანების ქირით გაყვანა, სახლების დანგრევა და ახლის აშენება იმავე ადგილზე - ეს ხომ ზღაპარია. თბილისის გარშემო არის ტერირორია, სადაც ახალი უბნები შეიძლება აშენდეს. ჩემს ახალგაზრდობაში აშენდა დიდი დიღომი - ცუდი უბანია? ასევე შეიძლება, მოინახოს ადგილები და ისე არ გაიყოდოს „სამ შაურად“ და ორ თეთრად, როგორც ყიდდნენ. ძალიან დიდი კორუფციაა სამშენებლო სფეროში, საშინელება ხდება.
თქვენ აცხადებთ, რომ პრიორიტეტი იქნება სოციალური საკითხები - გვახსოვს თბილისის მერიის ინიციატივით როგორ გაძვირდა ტრანსპორტის ღირებულება. როგორც მემარცხენე პარტიის კანდიდატს, გაქვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?
- ტრანსპორტის გადასახადი აუცილებლად შემცირდება, ამით მძღოლებს ხელფასი არ დააკალდებათ. გვარები არ მინდა დავასახელო, თვითონ კარგად ხვდებიან, ვისაც ვგულისხმობ - ვინც გააძვირა, ახლა ამბობს, რომ არის საშუალება და შევამციროთო - შე მამაცხონებულო, ლეიბორისტები რომ დავობდნენ სასამართლოში ყველაფრის გაძვირებაზე - გინდა, „სითი პარკის“ და გინდა, სხვა თანხების მომატებაზე, მაშინ რომ ჭიდაობდნენ და იძახდნენ, გაიაფება შეუძლებელიაო, ეგენი არ იყვნენ, ვინც ახლა ამბობს, შევამციროთო?!
მე მართლა შევამცირებ. რამდენი სასამართლო პროცესი მოიგო შალვა ნათელაშვილმა ამისთანა თემებზე... „სითი პარკის“ საფასურის 50 ლარამდე გაძვირება მთელი ერთი წლით შეაჩერა და ა.შ.
სწორედ ამიტომ დავთანხმდი შალვას - მე პარტიის წევრი არ ვარ - ვფიქრობ, რომ რისთვისაც ის იბრძვის, ის თემებია მთავარი ჩემი სატკივარი და ამიტომაც დავთანხმდი, ერთად გავაკეთებთ ამ საქმეს.
ქალბატონო ასმათ, თქვენი სარეკლამო ბილბორდი, ყოველ შემთხვევაში, ცენტრალურ ქუჩებზე არ ჩანს, თქვენი სლოგანიც კი ვერ მოიძებნა ვერსად, რა ხდება?
- იუსტიციის მინისტრმა რომ გამოაცხადა, სადაც გაკრულია პლაკატი, არ მოხიოთ და იქ არ გააკრათ, ხოლო სადაც პლაკატის გაკვრა არ შეიძლება, იმ ადგილებსაც ნუ გამოიყენებთო - დარჩენილია ადგილი ქალაქში სადაც პლაკატის გაკვრა შეიძლება?! სადაც შეიძლებოდა პლაკატის გაკვრა, ყველგან თვითონ გააკრეს, ცალკე - მაგათ, ცალკე - ნაციონალებმა - ეგენი ხომ შეთანხმებულები არიან - ბილბორდი გინდა თუ რა, ყველაფერი მაგათ აქვთ დაკავებული.
ანუ წინასწარ მოხდა სარეკლამო სივრცის ათვისება და ფულიც რომ გქონდეს, პლაკატს ვერ გააკრავ?
- უსწრაფესად შეისყიდეს ყველა ადგილი, ფული აქვთ, მილიონებს ხარჯავენ. სად აქვს ნათელაშვილს ამდენი ფული? რაღაც პლაკატები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს. ვფიქრობთ, სად გავაკრათ, ცაში ხომ არ ჩამოვკიდებთ? ისე, ცაშიც აქვთ ჩამოკიდული ნარმანიას პლაკატი - სადღაც ისეთ სიმაღლეებზე და ისეთ ადგილებშია ნარმანიას პლაკატები, რომ უკვე სამარცხვინოა - ამას ჰქვია „ძალით გტენი“ - ისეთი სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი, რა უნდა თქვა - 5-სართულიანი სახლის მთელი კედელი და 8-სართულიანი სახლის მთელი კედელიც, ნარმანიას პლაკატებია.
რა არის თქვენი სლოგანი?
- ლეიბორისტების სლოგანია, „სიმართლე დაუმარცხებელია“ - საერთო სლოგანია, პირადად ჩემი სლოგანი შეძახილივით არის, „აბა თქვენ იცით თბილისელებო“ - იგულისხმება, არ შეგეშინდეთ მომეცით ხმა, დამიჭირეთ მხარი და ა.შ.
თქვენი წარდგენისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მთავრობის საჯირითო ქალაქი აღარ იქნება და ყველა თბილისელს შეეძლება მერიაში საშვის გარეშე შესვლა - როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი ხალხი მერიაში?
- მთელი 9-10 წლის მანძილზე მერიაში ვერავისთან ვერ შეხვიდოდით - ერთ-ერთ მათგანს sms-იც კი გავუგზავნე, სტალინთან შედიოდნენ და თქვენ ვინ ხართ-მეთქი და საგაზეთო ინტერვიუშიც ვთქვი ეს. ჩემთან შემოსვლა შესაძლებელი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მე მივიღებ, იქნებიან ვიცე-მერები, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები და ა.შ. ყველაფერზე ერთად ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ.
კიდევ ვამბობ, ისეთ საქმეებს გავაკეთებ, თითოეულ თბილისელზე რომ აისახება - ვაუჩერები იქნება ეს თუ სხვა ტიპის დახმარება, პენსიის მომატების საკითხსაც დავაყენებ, დავეხმარები ბიზნესსაც და ა.შ. ყველას უფლებებზე ვიზრუნებ და რაღაზე უნდა მოვიდეს ამდენი ხალხი ჩემთან?
გამგეობებს დაევალება, შეისწავლონ, ვინ არის რეალურად სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, ვინ არის მარჩენალის გარეშე დარჩენილი, აფერისტებს კი არ დავუწყებთ თავზე ხელის გადასმას, რეალურად გაჭირვებულებს დავეხმარებით.
ამომრჩეველთან შეხვედრებისას ალბათ მათთვის მტკივნეულ, სოციალურ თემებზე აკეთებთ აქცენტს, სჯერათ თქვენი, გრძნობთ მხარდაჭერას?
- ხალხს მანამდე ვუყვარდი, როგორც მსახიობი, ვიდრე მერობის კანდიდატი გავხდებოდი. ჯერ ისე მხვდება ამომრჩეველი, როგორც მის საყვარელ მსახიობს, შემდეგ, როდესაც ჩემს საარჩევნო პროგრამაზე ვსაუბრობ, სჯერათ ჩემი. როდესაც ვსაუბრობ, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ეს ყველაფერი არადამაჯერებელია, რადგან მართალი ვარ. მე კი არ ვპირდები ხალხს, მე მინდა ეს ყველაფერი გავაკეთო. მერობა, თანამდებობა, არაფერში არ მჭირდება. თანამდებობა რომ ჩემი იდეა-ფიქსი ყოფილიყო, როგორმე მოვახერხებდი.
თუ ხელს არ შემიშლის ან გაყალბება, ან ხელისუფლების აგრესიული პიარი ნარმანიასთან დაკავშირებით... ღარიბაშვილი მას მერს ეძახის, თანაც საჯაროდ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე - ეს დაძალებას ნიშნავს. აბა ჰკითხონ თბილისელებს, უნდათ მერად ნარმანია, თუნდაც ღარიბაშვილის მიერ დასახელებული?
თქვენ ამბობთ, რომ ყველა სოციალური პროექტი განხორციელდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან - იდეებიც საკმაოდ გაქვთ - რის ხარჯზე მოხდება ეს ყველაფერი? არის ბიუჯეტში ისეთი დინებები, რომელსაც შეიძლება მიმართულება შეეცვალოს, ისე რომ სხვა საქმე არ დაზარალდეს?
- თქვენც ხომ იცით, რომ არის. აღარ ავაშენებ არასაჭირო შენობებს, მხოლოდ უსახლკაროებისთვის აშენდება სახლები და მათ შორისაც დასადგენია, ვინ არის რეალურად უსახლკარო. ზოგს სამი ბინა აქვს გაქირავებული და მეოთხეს ითხოვს - მსგავსი რამ აღარ მოხდება.
თქვენი საუბრიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების მწვავე ოპონირებას აპირებთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების თანადგომა არ დაგჭირდებათ თქვენი გეგმების განხორციელებაში?
- ჩემი გეგმები რაც არის - საპენსიო ასაკის დაწევა, პენსიების გაზრდა, ყველაფერი მაგათი გადასაწყვეტია, პარლამენტის და თუ ისინი არ დამთანხმდებიან, ისეთ აქციას მოვუწყობ პარლამენტს, ცხოვრებაში რომ არ უნახავთ. ამისი უნარი მაქვს და გამიკეთებია - ყველას ახსოვს, დენთან დაკავშირებით მთელი ქალაქი რომ გადავაკეტინე, საბურავები რომ ენთო ვაკეში, ჩემი მოწყობილი აქცია იყო.
გაქვთ პროგნოზი, რამდენად სამართლიანი და ობიექტური არჩევნები იქნება და თქვენ რა შანსები გაქვთ?
- ობიექტურობის ნაკლებად მჯერა - კომისიის 13 წევრიდან რომ 12 „ოცნებისაა“, ობიექტურობაში ეჭვი მეპარება - სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ნაციონალები რომ ნაციონალები იყვნენ, მათაც კი, 6 წევრი სხვა პარტიიდან ჰყავდათ. ამათ 12 თავიანთი ჰყავთ და მეცამეტე ნაციონალი. როგორც ჩანს, ნაციონალებს უარი ვერ უთხრეს, რადგან კარგად ლანძღავენ ერთმანეთს.
მერობის ყველა კანდიდატი მეორე ტურზე ლაპარაკობს, თქვენც ფიქრობთ, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა?
- ვფიქრობ, იქნება მეორე ტური. იმდენი მხარდამჭერი მყავს, რომ ვერაფრით ვერ დავიჯერებ, ჩემზე მეტი მხარდამჭერი ვინმეს ჰყავდეს ისეთი, ვისაც რეალურად ესმის, მერი რატომ უნდა აირჩიოს.
რატომ უნდა მოგცენ ხმა თქვენ და არა სხვა კანდიდატს თუნდაც ოპოზიციიდან?
- ჯერ ერთი ქალი ვარ და იმიტომ, ეს ნიშნავს რომ უფრო დამთმობი ვარ, უფრო მომრიგებელი, მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ ქალი პოლიტიკოსი უფრო საინტერესოა.
გარდა ამისა, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი მაქვს წესრიგში. სახლი გინდათ, მანქანა თუ საკუთარი ეზო, სადაც ზღაპრული სკვერი მოვაწყვე - მეზობლებს სისუფთავეს ვაცვევინებ, ზოგს ძალით და ზოგს თხოვნით - მინდა, ყველაფერი წესრიგში იყოს. მიყვარს ადამიანების დახმარება - ხევსურეთიდან ჩამოვიყვანე ადამიანი და სიკვდილს გადავარჩინე - ჩემს გარშემო ყველას ვეხმარები, ვიღაცას - წამლით, ვიღაცას - ექიმით, ვიღაცას - ლუკმა-პურით, ვიღაცას - ვესაუბრები და სტიმულს ვაძლევ და ა.შ. ისე მიყვარს ჩემი თბილისი, შევეცდები ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმარო - სწორედ ამიტომ უნდა მომცენ ხმა და მხარი დამიჭირონ.
როგორ ფიქრობთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, მისი კანდიდატი ვერ მოუგებდა არჩევნებს ხელისუფლებას? ახლა ხმებს ართმევთ ერთმანეთს...
- სხვათა შორის, ჯობდა, მაგრამ ვინ არის ოპოზიცია? არ გაერთიანდება ნათელაშვილი სხვებთან. პირადად მე, ერადერთი, კახა კუკავა მესიმპათიურება, ვფიქრობ, ჭკვიანი და განათლებული ყმაწვილია. დანარჩენები არ ვიცი - ლორთქიფანიძეს ყველა პარტია მოვლილი აქვს, თურმე დაზვერვაშიც უმუშავია და „მოქალაქეთა კავშირის“ დამფუძნებელიც ეგ ყოფილა - ეს ჩემთვის დიდი მინუსია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ბევრი შვილები ჰყავს.
რაც შეეხება ნაციონალებს, მორჩა ნაციონალები, რასაც დაგვპირდნენ და რაც გააკეთეს, საკმარისია - რომელ ოპოზიციასთან შეიძლებოდა გაერთიანება? მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი, შევარდნაძის დროსაც, ნაციონალების დროსაც და ახლაც. ნათელაშვილმაც რომ არ გააკეთოს რასაც იტყვის, მასაც შევახსენებ, რომ ეს არ გააკეთა.
მე ვარ ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს. თეატრშიც ოპოზიცია ვიყავი და იმიტომ წამოვედი იქიდან, რომ დავიცავი ჩემი მეგობრების ინტერესები - მიმანიშნეს, ჩუმად რომ ყოფილიყავი, დარჩებოდი თეატრშიო. ღმერთმა დამიფაროს, თუ სიმართლეს არ ვიტყვი, ასეთი არც მერობა მინდა და არც პრეზიდენტობა.
გამარჯვების იმედი გაქვთ?
- თუ სამართლიანად ჩაივლის არჩევნები, კი.
თუ ყველა ფაქტორს რეალურად გავითვალისწინებთ, როგორი შედეგით დასრულდება არჩევნები? - საქართველოში ყველამ წინასწარ იცის-ხოლმე, რა შედეგიც შეიძლება დადგეს...
- ხიზილალა ხომ დელიკატესია, სულ რომ ხიზილალა შემოგთავაზონ, ისიც კი მოგბეზრდება - ამდენი ბილბორდებისგან ხალხი უკვე გაღიზიანებულია. ყველა შეხვედრაზე, ყველა უბანში ხალხის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ, თუ სამართლიანად წავა არჩევნები, ძალიან ბევრ ხმას მოვაგროვებ და აუცილებლად იქნება მეორე ტური.
თქვენი ოპონენტი ვინ იქნება მეორე ტურში?
- ვისაც ძალით გაათრევენ.