პრემიერი და მისი ოჯახი სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით იქნებიან უზრუნველყოფილნი. შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71-ე დადგენილებაში შევიდა.
დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებს. კერძოდ, ესენია პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირები.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მათ დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ახორციელებს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს პირველი პირი და სახელმწიფოს მეთაური გახდა, მას, რა თქმა უნდა, დაცვა ეკუთვნის. თუმცა საკითხავია, ჩვენს მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, ბევრ მაღალჩინოსანს ავტომატურ რეჟიმში რატომ ეკუთვნის დაცვა და პრივილეგიები?! მათ კეთილი უნდა ინებონ და სამსახურში საკუთარი მანქანებით იარონ. ეს არის პრინციპული მოთხოვნა იმ სახელმწიფოში, სადაც ერი და ბერი ერთნაირ პირობებში უნდა ცხოვრობდეს. ამდენად, გიორგი თავდგირიძის აზრით, საქართველოში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს მაღალჩინოსნების და სახელმწიფო მოხელეების დაცვის გრაფიკის უზრუნველყოფის შესაცვლელად.
„ეს ნომენკლატურა გადასახედია, რაც ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანას უნდა შეეფერებოდეს, რომელსაც არ აქვს ფინანსური რესურსი. სხვა საკითხია, კონკრეტული პირისთვის დაცვის დანიშვნა საშიშროების შემთხვევაში. ეს იმ დროს უნდა მოხდეს, თუკი სპეცსამსახურებს აქვთ ამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამის შესახებ და ამა თუ იმ პირს მცირე ვადით ან სამუდამოდ დაცვა დაუნიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვიყალიბდება კასტა, ე.წ. ცისფერსისხლიანთა ფენა, რომელიც გამოეყო საზოგადოებას და ხალხისგან დაცვა სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვათ, უცხოეთიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან იქ არავის აინტერესებს, ვინ იქნება საქართველოს ჩინოვნიკი. საპარლამენტო რესპუბლიკაში ცალკეული ჩინოვნიკის გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი სახელმწიფოსთვის, თანაც, ეს ჩინოვნიკები ძალზე სწრაფად იცვლებიან. დღეს ვიღაცა ხდება, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მას აუცილებლად „ეკუთვნის“ მანქანა, დაცვა და პრივილეგიები“,- აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის დაცული პრემიერის უსაფრთხოება. ამის საპასუხოდ, ექსპერტი განმარტავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, მას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა შეიძლება, მისი დაცვის ხარისხი იმითაც იყოს განპირობებული, რომ მას დისკომფორტი არ შეექმნას საზოგადოების ე.წ. უზრდელი წევრებისგან (არა მარტო ნაციონალებისგან), რომლებმაც შეიძლება, მას პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის დაცვა პრემიერს აუცილებლად სჭირდება. მისი მოძრაობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„მე მაინც მოხარული ვიქნები, თუ სახელმწიფოს სათავეში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ საყოველთაო სახალხო სიყვარული და მათ არ დასჭირდებათ ბარიერები ხალხთან. ვიცი ბევრი ევროპული ქვეყანა, სადაც ყოველგვარი ზედმეტი დაცვის გარეშე მოძრაობენ სახელმწიფოს პირველი პირები. პრეზიდენტსაც შეიძლება ჰყავდეს დაცვის სამსახური, მაგრამ ძალიან ვიწრო წრე და მოკრძალებული დაცვა. თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ხალხის სამსახურში მყოფი ჩვენი ყველა მეფის დაცვა მხოლოდ სამხედრო იერიშის წინააღმდეგ იყო გათვლილი და უბრალო ხალხისგან დასაცავად მათ დაცვა არ ჰყოლიათ. იმიტომაც არსებობს სპეცსამსახურები, რომ მათ შეისწავლონ და დაადგინონ, ამა თუ იმ ობიექტს, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელს, ემუქრება თუ არა საფრთხე და, როცა გაივლის საშიშროება, მას ეს დაცვა უუქმდება. არსებობს კერძო დაცვის ინსტიტუტები მდიდარი ადამიანებისთვის, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ვითარება, როცა ადამიანს საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივი აქტიურობისთვის. ამიტომ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, ჩინოვნიკია თუ არა ეს ადამიანი, შეიძლება იგი დაიცვას. ეს სახელმწიფოს პრესტიჟია. ასევე, ძალიან ვიწრო ნომენკლატურულ წრეს, სულ რაღაც, ოთხ-ხუთ თანამდებობის პირს შეიძლება, ავტომატურ რეჟიმში დაენიშნოს დაცვა, რადგან ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის სოლიდური ტვირთია“.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრი თეონა აქუბარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადრინდელი კონსტიტუციით, პრემიერი არ იყო ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი. სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე ვრცელდებოდა ეს კომპეტენციები. ახლანდელი ცვლილებებით კი, უკვე პრემიერი და მისი ოჯახის წევრები იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფილნი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დღის წესრიგში დგას მისი უსაფრთხოების აუცილებლობა.