„საარჩევნო სიები დღესაც გაყალბებულია“

„საარჩევნო სიები დღესაც გაყალბებულია“

ოპოზიციური კოალიციის სახელით მერის პოსტის დასაკავებლად ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძვის. ოპოზიციურ კოალიციაში ოთხი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება შედის - „დემოკრატიულ მოძრაობა“, „მემარცხენე ალიანსი“, „ქართულ დასი“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

დიმიტრი ლორთქიფანიძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან. 2009 და 2012 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ჰქონდა პრეტენზია, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

For.ge ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

ბატონო დიმიტრი, თბილისელებისთვის საინტერესოა, თუ არჩევნებში გაიმარჯვებთ და თბილისის მერი გახდებით, პირველ რიგში რას გააკეთებთ?

- პირველი, რაც მინდა გავაკეთო, ეს არის თბილისის მერიის რესტრუქტურიზაცია. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს იმ საეჭვო ფონდების შესწავლას, რომლითაც მილიონები იქაჩებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აქტივების დასაფინანსებლად.

ვფიქრობ, არ დამჭირდება თბილისის განვითარების და ძველი თბილისის განვითარების ფონდები იმისათვის, რომ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროექტი განვახორციელო,

მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იხარჯებოდა არამიზნობრივად თანხები. ძალიან ბევრმა დაზარალებულმა მომმართა ძველი თბილისის რეკონსტრუქციის პროექტიდან გამომდინარე და მათთან ერთად ამ დღეებში ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს.

ჩემთვის პრიორიტეტული იქნება კოოპერატიული ბინათმშენებლობების დროს დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასახვა თვითმმართველობის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სახელმწიფოს შიდა ვალში აღიარებული სერიოზული დავალიანება.

საგულისხმოა, ისიც, რომ თბილისის თვითმმართველობამ 2004 წელს განახორციელა მიწების ინვენტარიზაცია და მოახდინა მისი პრივატიზაცია, მისი მართლზომიერება და კანონიერება იქნება შესწავლის საგანი - ასე რომ, რევიზიონისტული პოლიტიკა თბილისის მერად გახდომის შემთხვევაში იქნება თანმხლები პროცესი, რათა სამართლიანობის აღდგენა თვითმმართველობიდან მაინც დავიწყოთ. დღეს მექნება საშუალება, თვითმმართველობის დონეზე განვახორციელო ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეუსრულა ქართველ ამომრჩეველს.

ანუ, თქვენთვის პირველი რიგის ამოცანა  სოციალური პროექტებია?

- ქვეყანაში არიან სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებული ადამიანები. რაც შეეხება სოციალური ნიშნით დისკრიმინირებულებს, მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შესაძლებელია რაღაცის გაკეთება - მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისთვის, უსახლკაროებისთვის, დევნილებისთვის პირობების გაუმჯობესება.

მერწმუნეთ, 800-მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ის მოვალეობაა, რომლის განხორციელებასაც საზოგადოება ელოდება მერისგან.

ვაპირებ, ყოველი ორშაბათი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვის გამოვლინებად ვაქციოთ და ხალხს წინა კვირის გაწეული ხარჯების ანგარიში ჩავაბაროთ. ასევე ვგეგმავ, ბიუჯეტის ხარჯების გაკონტროლება მოხდეს ონლაინ-რეჟიმში ყველა მიმართულებით.

კიდევ რა თემებია თქვენი პროგრამის მიხედვით აქტუალური?

- ურბანული გეგმის არქონის გამო თბილისის ყველა უბანში ხდება ხელოვნური ჩარევა, აღარაფერს ვამბობ მწვანე ნარგავების და რეკრეაციული ზონების ხელყოფის ფაქტებზე. ამ მხრივ თბილისის სკვერებისა და პარკების დაცვის საკითხს გადავწყვეტთ შესაბამისი აქტების საუძველზე, რომელიც მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც თბილისის ურბანული გეგმის განხორციელება დამტკიცდება ორსაფეხურიანი სისტემით.

თბილისის მერიაში შეიქმნება მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, რომელიც იქნება არქიტექტორებით, ურბანისტებითა და ხელოვნებათმცოდნეებით დაკომპლექტებული. თბილისის მთავარი არქიტექტორი იქნება არჩეული კოლეგიალური ორგანოს მიერ. საბჭოს შექმნის შემდეგ მთელი თბილისი დაიყოფა უჯრედებად და თითოეული მონაკვეთის ირგვლივ მოეწყობა მსჯელობა, რა და როგორ შეიძლება, განვითარდეს.

რაც მთავარია, დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესები, რომ ახალ-ახალი, ხშირად, უკანონო მშენებლობების მსხვერლლნი არ აღმოჩნდნენ - ასეთი ტენდენცია პირველ რიგში, აქტუალურია ვაკის უბანში, როდესაც მშენებლობის გამო ცენტრალური თუ პერიფერიული გზის სავალ ნაწილებს კეტავენ.

წელიწადზე მეტია, ბარათაშვილის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის შეწყვეტა დისკომფორტს ქმნის ტრანსპორტისთვის, ამ კუთხით გაქვთ კონკრეტული გეგმა?

- არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, გზების მოწესრიგება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ბარათაშვილის ქუჩაზე ვგეგმავ ორმხრივი მოძრაობის აღდგენას (იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას), ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ძველი თბილისის გალავნის შენარჩუნება, ამავე დროს მასზე მოძრაობის აღდგენა.

გარდა ამისა, ფილარმონიის სამკუთხედთ დაკავშირებითაც მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც გამყარებულია არქიტექტორთა მოსაზრებებით და პირდაპირ გეტყვით, რომ შესაძლებელია, წრიული მოძრაობა შეიცვალოს ორმაგი მოძრაობით და ასეთ შემთხვევაში კეკელიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის გავაკეთებდი ორდონიან მოძრაობას - ამის შესაძლებლობას იძლევა პროექტი, რომელიც არსებობს.

გარდა ამისა, ვახუშტის ხიდის გაგრძელებაზე (მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს ერთმანეთთან) განხორციელდება უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობა ნაძალადევის რაიონისკენ და შესაძლებელი იქნება საბურთალოდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი მოძრაობა.

ეს არის, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალი - შემოვლითი გზის გადატანას აუცილებლად მოჰყვება ალბათ გარკვეული პროექტები, რომლის ფარგლებშიც ნაძალადევში ვგეგმავთ განვახორციელოთ სითის პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესცენტრის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მხარე და სწორედ ამ ადგილას მინდა შევთავაზო „პანორამა თბილისის“ იდეის ავტორებს, რომ განახორციელონ თავისი პროექტი და არა ნარიყალას მიმდებარე ტეროტორიაზე, რომელიც მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია და მასში ჩარევა დაუშვებლად მიმაჩნია.

ალბათ კიდევ უამრავ, კონკრეტულ თემას მოიცავს თქვენი პროგრამა, რამდენად გაქვთ საშუალება, რომ ფართო სააზოგადოებას გააცნოთ ეს ყველაფერი, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ყოველთვის შეზღუდულად ეთმობოდათ საეთერო დრო და .. - სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. დღეს როგორი გარემოა?

- როდესაც საარჩევნო გარემოს მიმოხილვას ვაკეთებთ, ყოველთვის ვიწყებთ-ხოლმე საეთერო დროით. ვფიქრობ, საარჩევნო გარემოს შეფასება უნდა დავიწეყოთ იმით, თუ საკანონმდებლო დონეზე რა გაუმჯობესდა.

ვიცით, რომ საარჩევნო სიები კვლავ ვერ უძლებს კრიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაახლოებით 80 ათასი ადამიანის მიგრაცია ხდება უკანშემოუსვლელად, - ეს სტატისტიკაც გვაქვს - მიუხედავად ამისა, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 7-დან 12 ათას ამომრჩევლამდე არის გაზრდილი.

ამბობთ, რომ სიები ხელოვნურად არის გაბერილი?

- რა თქმა უნდა, თავის დროზე, კაციტაძის სიები რომ იყო, მასათან შედარებით კიდევ არის გაზრდილი ამომრჩევლის რაოდენობა, რაც მიუღებელია.

ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ახალი პირადობის მოწმობები შედარებით ზუსტ სიებს უზრუნველყოფს...

- პირადობის მოწმობებზეც მინდა გითხრათ - ზემოთ რელიგიუირი ნიშნით დისკრიმინაცია ვახსენე და ამ თემის გაგრძელებაა - ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც წულუკიანის უწყებას სთხოვა, რომ მათთვის ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაეშვათ და უარი მიიღეს, არ მიდის არჩევნებზე, რადან არ სურს ელექტრონული ბარათის აღება. დღეს აღმოჩნდა, რომ ვისაც გაუვიდა ძველი პირადობის მოწმობის ვადა და ამ (რელიგიური) მიზეზით არ იღებენ ახალ პირადობის მოწმობებს, მათი რიცხვი არის დაახლოებით 60 ათასი - ამით ამ 60 ათასი ადამიანის კონსტიტუციური უფლება იზღუდება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

ეს დღევანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომაა და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო საარჩევნო კანონმდებლობის კუთხითაც არ არის რეალიზებული.

როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ ამ არჩევნებზე?

- შანსები არის იმაზე დიდი, ვიდრე შეიძლება ჩემმა ზოგიერთმა ოპონენტმა წარმოიდგინოს, საზოგადოებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ იმ შეხვედრებისას, რომელსაც ვმართავ ამომრჩევლებთან. თითქმის ორი თვეა, ყოველდღიურად 4-5 შეხვედრა მაქვს ამომრჩეველთან და ეს შეხვედრები სტიმულს მაძლევს, რომ არჩევნებში გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ვფიქრობ, მეორე ტური იქნება განმსაზღვრელი საბოლოო არჩევანისთვის.

მეორე ტური ნარმანიასთან თუ სხვა ოპონენტთან?

- ნარმანიასთან.