ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიასთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე არ ეთანხმება. ანქვაბი ასევე არ ეთანხმება შეთავაზებას მის ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოპოზიციამ სამთავრობო შენობები დაიკავა. რაულ ხაჯიმბა საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის მმართველობასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას. მეტიც, მოსალოდნელი შეტაკებებიც დაანონსა და პასუხისმგებლობაც ანქვაბს დააკისრა.
პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ სახალხო ნდობის საბჭო შექმნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, საბჭოში 21 ადამიანია გაერთიანებული. მათ შორის არიან რაულ ხაჯიმბა, შამილ არძინბა, ბესლან ბუთბა და სხვები. სახალხო ნდობის საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება ოპოზიციის მიტინგზე გამოაცხადეს. რაულ ხაჯიმბამ მიტინგზე გამოსვლისას მხარდამჭერებს მოუწოდა, ოპოზიციის ლიდერების მითითებების გარეშე არავითარი ქმედებები არ განახორციელონ.
„მე მოვისმინე, რომ გამოითქვა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა დაიწყოს სხვადასხვა შენობებზე თავდასხმა. მსგავსი რამის დაშვება არ შეიძლება. ალექსანდრე ანქვაბმა დიდი ხანია, აფხაზ ხალხთან და რეალობასთან კავშირი დაკარგა. აფხაზმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ამ გაბანკროტებულ მოღვაწეზე, რომელმაც კანონის ყველა ნორმა და აფხაზური პოლიტიკური ტრადიეციები ფეხქვეშ გათელა. პრეზიდენტს დღეს აქვს შანსი თავის კარიერაში აფხაზი ხალხისთვის ერთადერთი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს“, - აცხადებს რაულ ხაჯიმბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, რომელიც გუშინ, 21.00 საათზე საგანგებოდ შეიკრიბა, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი მიმართა, საკუთარი ნებით დათმოს პრეზიდენტობა და გადადგეს. გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი 21 დეპუტატიდან ხმა 20-მა მისცა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული დადგენილება მიღებულია აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და საზოგადოებრივი თანხმობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას, აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება „პრეზიდენტის“ კომპეტენციაა. შესაბამისად, ანქვაბი აცხადებს, რომ ის „პრემიერ-მინისტრის“ გაავისუფლებას არ აპირებს.
ჯერ კიდევ მოქმედი „პრეზიდენტი“ ამ დრომდე გუდაუთაში იმყოფება და გადადგომას არ აპირებს.
„მე არ ვუშვებ პრემიერს. ჩემი ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ წინადადებას არ ვუპასუხებ, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს დეპუტატების სხვა, გაცილებით დიდ ჯგუფთან, რომელიც პარლამენტის სხდომაში არ მონაწილეობდა, ასევე ამომრჩეველებთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მთელი ეს დღეებია, კანონიერ ხელისუფლებას უჭერენ მხარს“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ აშუბას განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა სტრუქტურას მოსთხოვა, პრობლემის გადაწყვეტის ძალოვანი ვარიანტი სრულად გამორიცხონ.
„დეპუტატების საქმეა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება. მათ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის ფარგლებში მიიღეს და პრეზიდენტს შესთავაზეს, სათანადო გადაწყვეტილების მიღება. სხვა საქმეა, მიიღებს პრეზიდენტი მათ შეთავაზებას თუ არა“, - განუცხადა აფხაზურ მედიას ნუგზარ აშუბამ.
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია მისი გადადგომის მოთხოვნაზე, ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭების სულელურ მცდელობად შეაფასა. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელური მცდელობაა, როდესაც ამის არც რესურსი არსებობს და არც დაბრუნების შესაძლებლობა. მან მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა მოსალოდნელ პროვოკაციებს არ წამოეგონ.
ოპოზიცია შიშობს, რომ ალექსანდრე ანქვაბი საბოლოოდ აპირებს საკუთარ ხალხზე შურისძიებას შეტაკების პროვოცირებით. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, სოხუმის ქუჩებში ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერებიც გამოვიდნენ და სამთავრობო შენობების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ბოლო მონაცემებით ოპოზიციამ სრული კონტროლი დააწესა სამთავრობო შენობებზე, სოხუმს ხაჯიმბას მხარდამჭერები აკონტროლებენ.
პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ანქვაბს ოპონირებას უწევენ, ძირითადად არძინბას პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენილია რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა. ამ პროცესების ორგანიზატორი სტანისლავ ლაკობა კი ჯერ-ჯერობით გვერდზეა გაწეული. ექსპერტების განცხადებით, აშკარაა, რომ მოსკოვს თავად უნდა, მართოს პოლიტიკური პროცესები აფხაზეთში. აღსანიშნავია, რომ გალელებისათვის პასპორტების ჩამორთმევის ინიციატორი სწორედ ლაკობა იყო.
გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ხაჯიმბას სახით დე-ფაქტო ხელისუფლებაში მოდიან ყველაზე რადიკალები, რომლებიც რეალურად ითხოვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი ეთნოწმენდის მოწყობას, ახალ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით.
„ძალიან საგანგაშო ვითარებაა აფხაზეთში. ამაზე ძალიან ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. რაც შეიძლება მეტად მოვითხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება. ეს არის ძალიან ცუდი პროცესისი დასაწყისი, რომელიც თუ ასე განვითარდა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კარგისაკენ მიგვიყვანს. ამ პროცესებმა შეიძლება ძალიან საშიში ფორმები მიიღოს. დღეს რუსეთს სჭირდება 100 პროცენტიანი მორჩილი რეჟიმი, რომელიც დიდი ეთუზიაზმით შეასრულებს ნებისმერ ბრძანებას, რომელიც წამოვა მოსკოვიდან, არ დასვამს შეკითხვებს, არ გამოაჩენს თავის განსხვავებულ აზრს, როგორც ამას ზოგიერთ შემთხვევაში აკეთებდა ანქვაბი.
საგანგაშო ვითარებაა და ამაზე შიშის ზარები დროზე უნდა შემოვკრათ. ადამიანები, რომლებიც ახლა იქ მოდიან, ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია იმ ქართველებისათვის, ვინც გალის რაიონში ცხოვრობს. მოდიან ყველაზე რადიკალები, მოდიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ითხოვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი ეთნოწმენდის მოწყობას, ახალ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პირველად ხდება, რომ შიდა აფხაზურ კონფლიქტში აფხაზებს საქართველოს თემით სპეკულირების საშუალება არ აქვთ. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგია.
„კონფლიქტის მართვა ყოველდღიური საქმეა და არა განცხადებების კეთება. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ არ დადგეს შედეგი, რომელზეც ხშირად სპეკულაციურად და პროვოკაციულად საუბრობენ. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ სახელდებოდა, რომ სოხუმში ოპოზიციამ გალის რაიონიდან მოსახლეობის გასახლება მოითხოვა. რეალურად მიტინგზე არცერთ გამომსვლელს და ლიდერს ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია.
პირველად შიდა აფხაზურ კონფლიტში, აფხაზები საქართველოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვერ იყენებენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ისე მოვახერხეთ ჩვენი პოლიტიკის წარმართვა, რომ აფხაზებს საშუალებას არ ვაძლევთ, საქართველოს თემით ისპეკულირონ. ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ, არცერთი პოლიტიკური ძალის, რომელიც იქ დღეს დაპირისპირებულია. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანის უკან ვდგავართ. უკვე მკაფიოდ გამოჩნდა საოკუპაციო ძალის ჩართულობა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
შეგახსენებთ, 27 მაისს რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ქართველების გამოსახლება აფხაზი ხალხის დაკვეთაა. „აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც.
„ჩვენ ვაკვირდებით აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. ერთადერთი განცხადება, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოკუპაციო ძალების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რომ ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის პოლიტიკურ ანექსიასაც.
ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.