თბილისის საკრებულოს ინიციატივით დედაქალაქს იტალიის წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების დელეგაცია ეწვევა

თბილისის საკრებულოს ინიციატივით დედაქალაქს იტალიის წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების დელეგაცია ეწვევა

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს საქართველოს იტალიის წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების დელეგაცია ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ისეთი ცნობილი მსოფლიო მასშტაბის არქიტექტორები, როგორიცაა; მაურო ლიპარინი, მარკო პივა, ჯანპაოლო ტიბალდო, მაურისიო ფავეტა, ლუკა სკაჩეტი, ტიციანო კამინიტი და სხვ.

იტალიელი სტუმრების დელეგაცია 30 მაისს საკრებულოს  ისტორიულ დარბაზში შეხვედრებს გამართავს ქართველ არქიტექტორებთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა; ქალაქგეგმარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქართველი დამწყები არქიტექტორებისა და დიზაინერების სტაჟირება იტალიის წამყვანი კომპანიების შემოქმედებით სტუდიებში, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ურთიერთგამოცდილების გაზიარება და სხვა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი არქიტექტორები და ურბანისტები თბილისის საკრებულოს მოწვევით ჩამოდიან და ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ თბილისის განვითარების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში და ამ კონცეფციის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში. თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ კონცეფციაზე, რათა ქალაქს ჰქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა. დოკუმენტი ითვალისწინებს ურბანისტიკას, ქალაქგეგმარებას, გამწვანების სტრატეგიას, ქალაქის ავარიული ნაწილის რეკონსტრუქციის ასპექტებს და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ვიზიტის ფარგლებში ქ. თბილისის საკრებულოს, იტალიის ცნობილი არქიტექტორთა და დიზაინერთა საზოგადოებასა და კომპანია „გრამურის“ მიერ, ასევე დაგეგმილია მიმიდნარე წლის 31 მაისს საგამოფენო დარბაზ „ქარვასლაში“ 11.30 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, საქველმოქმედო აქცია/პერფორმანსის ჩატარება, სადაც იტალიური მხარე შექმნის ექსკლუზიურ ფერწერულ-დიზაინერულ ნამუშევრებს, რომელებიც შემდგომ აუქციონის წესით გაიყიდება და მათგან შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქომე ბავშვებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
სტუმრები საქართველოს 1 ივნისს დატოვებენ.