„მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება“

„მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება“

დამოუკიდებლობის დღე წელს საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნა. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქი იყო ჩართული. 12 ქალაქში დამოუკიდებლობის დღე ერთიანი სცენარით აღნიშნა. რუსთაველის გამზირზე სამინისტროების კარვები განთავსდა, სადაც უწყებები წარმოდგენილი იყვნენ საინფორმაციო და გასართობი კუთხით. მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ასევე წარმოდგენილი იყო ყვავილების გამოფენა.

რუსთაველის გამზირზე ფეხით სეირნობენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მათ რუსთაველის გამზირზე გამოფენილი სტენდები დაათვალიერეს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა მისი ქალიშვილი და მაკა ჩიჩუა.

ირაკლი ღარიბაშვილი კი რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქვეყნის უმაღლეს პირებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ასევე სეირნობდნენ ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე. რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა თბილისის მეორიბს კანდიდატი, დავით ნარმანია.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი ღონისძიების მთავარი მოვლენა, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი იყო. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფიცი საწყისი-საბრძოლო მომზადების კურსის 200-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო. 

სამხედროების ფიცის დადების ცერემონიის გარდა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მიერ ჩვენება მოეწყო, ასევე გაიმართა ფლეშმობი საქართველოს დროშებით. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას და სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. 

ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება. პრეზიდენტმამავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.

„ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია, დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობის შესახებ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან მავთულხლართებს მიღმა, მაგრამ მაშინაც და ამ 23 წლის განმვალობაშიც, ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ასეთი გაგრძელდეს საუკუნოდ.

ჩვენ ეს ნება ასობით გმირის თავდადებული ბრძოლით განვამტკიცეთ და დღეს დავაჯილდოებთ ამ გმირებს – დავაჯილდოებს მათ, ვინც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე იმ გმირებს, ვინც გამოიჩინა თავი ISAF-ის მისიაში. დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია და აუცილებელი წინაპირობაა შემდეგი წინსვლისთვის, მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება“, - განმარტა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება განუკითხაობად გადაიქცევა.

„თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც არიან თავისუფალნი. თავისუფლება ნიჭია ღვთით ბოძებული, რომელიც ჩვენშია ჩადებული, მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება დაცვა, აღზრდა, ჭკუით მოპყრობა. მთავარი ამ ნიჭში არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება განუკითხაობად გადაიქცევა. იყო თავისუფალი, ნიშნავს, განაგებდე საკუთარ ბედს, მონაწილეობდე საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში, იყო პასუხისმგბელიანი მოქალაქე. იყო თავისუფალი ნიშნავს, იცავდე არამარტო საკუთარ, არამედ პატივს სცემდე და იცავდე სხვათა უფლებებსაც.

პასუხისმგებლიან ადამიანთა ერთობლივი შრომა ქმნის თავისუფალ ქვეყანას. დღეს ვზეიმობთ რა დამოუკიდებლობას, ამავე დროს ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, წინაპართა ხსოვნისა და მომავალი თაობის წინაშე, რომ ვიყოთ უფრო თავისუფალი და შევქმნათ უფრო თავისუფალი ქვეყანა“, - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას.

პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნა საქართველოს პრემიერ-მინისტმა დაიკავა. პრემიერმა 26 წვევამდელებს, შეიარაღებულ ძალებს და ოფიცრებს მიულოცა.

„ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს სამშობლოს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს.

დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით! გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა წვევამდელებს უსურვა, არასოდეს განელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული.

„მჯერა, თქვენ ღირსეულად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს! რაც მთავარია, - მშვიდობას გისურვებთ! საქართველო ამაყობს თქვენით. თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართველ სამხედროებს. ალასანიამ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ. მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელი დღე მივულოცო მათ ვინც ფიცი დადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღეიდან თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. 

მისივე თქმით, 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.

„არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის ეს არის პირადი ზეიმი. იმიტომ, რომ სწორედ თქვენ დგეხართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, რომ იყოს დაცული თქვენი თავადადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში - საქართველოს შეიერაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი“, - მიმართა ირაკლი ალასანიამ წვევამდელებს.

რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება დილიდან დაიწყო, სახლახო ზეიმში მონაწილეობა მიიღეს როგორც მთავრობის წევრებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმაც. რუსთაველის გამზირზე მოსახლეობას დილიდან შეეძლო დაეთვალიერებინა სხვადასხვა სამინისტროს მიერ წარმოდგეილი საინფორმაციო კუთხე. რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იყო როგორც სამხედრო ტექნიკა, ასევე იარაღები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ენერგეტიკის და განათლების სამინისტროებიც. სხვადასხვა ქართული პროდუქცია წარმოადაგინა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. შესაძლებელი იყო მათი როგორც დაგემოვნება, ასევე შეძენა. 
მინერალური რესურსები წარმოადგინა გარემოს დაცვის სამინისტრომ. მიყვანილი ჰყავდათ ცხოველები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებას ასახავენ. რუსთაველის გამზირზე მოწყობილი იყო გასართობი კუთხეები ბავშვებისთვისაც. 

საკუთარი კუთხით იყო წარმოდგენილიევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრედების ნამუშევრები, თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს მომავალს ევროკავშირში, ევროპასა და ნატო-ში. სამინისტროს სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო საინტერესოს ბროშურები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანურ ენებზე, სადაც საუბარია იმ კეთილდღეობის შესახებ, რომელიც მოაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, უსაფრთხოებას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. 

„საქართველოს მთავრობაც ხალხთან ერთად აღნიშნავს ამ უდიდეს მონაპოვარს, დამოუკიდებლობას, რომელსაც სჭირდება განმტკიცება, მოვლა, გაძლიერება და ზრუნვა“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს იუსტიციის სამინისტროც შეუერთდა. სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალი თერთმეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სერვისები რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპეციალურ პავილიონში იყო წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ები მოქალაქეებს პოპულარული და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. სერვისების გარკვეული ნაწილი პავილიონშივე იყო ხელმისაწვდომი. წარმოდგენილი იყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო კუთხე, სადაც შესაძლებელი იყო მელანომაზე დიაგნოსტიკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენაზე შს სამინისტრომ სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შსს-მ ე.წ. „იმელი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანა - ჯავშანმანქანები - „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“, საპატრულო პოლიციის ავტომანქანები – „შკოდა ოქტავია“, „მინი კუპერი“, „ფორდი“, „პიკაპი“, მოტოციკლი, დაცვის პოლიციის ჯავშანმანქანა, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლი, სახანძრო მანქანა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბურანი გამოიყვანა.

ასევე, წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოძრავი ლაბორატორია და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის (თითის ანაბეჭდების აღების) დემონსტრირება ადგილზე მოეწყო. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა წარმოადგინა „GPS ტრეკერები“, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს, სატელიტური სისტემის საშუალებით ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრით უზრუნველყოფს და განგაშის (ე.წ. „SOS“) ღილაკები, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო შს სამინისტროს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „მოდულის“ შენობასთან 181 წვევამდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. წვევამდელთა ფიცის დადებას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო. ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, შემდეგ კი საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა დავითმა დალოცა.

წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24- საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.