შეხვედრები კომპლიმენტების გარეშე

შეხვედრები კომპლიმენტების გარეშე

თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრა ექსპერტთა კლუბის ინიციატივით შედგა. ალასანიას და დამოუკიდებელი ექსპერტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საათნახევარი გაგრძელდა. შეკითხვები, ძირითადად, რეგიონალური უსაფრთხოების, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხებს, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის პროცესს შეეხო.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში მინისტრმა ანალიტიკოსებისგან მოსაზრებები და რეკომენდაციებიც მოისმინა.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორი, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, თავდაცვის მინისტრის შევხედრაზე პრაქტიკულად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული.

For.ge. სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ექსპერტთა კლუბის წევრები შეხვდით თავდაცვის მინისტრს, რა საკითხები განიხილეთ დახურულ კარს მიღმა და რამდენად პროდუქტიული იყო ეს შეხვედრა? როგორც ცნობილია ექსპერტთა კლუბის წევრებს მსგავსი შეხვედრა ბოლოს ჰქონდათ ყოფილ პრემიერთან...

- ექსპერტთა კლუბის წევრები ჩამოვყალიბდით იმ მიდგომაზე, რომ პირველ პირისგან მივიღოთ ინფორმაციები. ეს სიახლე არ გახლავთ ჩვენი კლუბის პრაქტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ თავად მინისტრები არ იქნებიან უარზე, რასაკვირველია, სხვებსაც მოვიწვეთ იმ საინტერესო საუბრისათვის, რომელიც შედგა თავდაცვის მინისტრთან.

ამ შეხვედრების ციკლს, რომელსაც ჩვენ ორი-სამი წელია ვახორციელებთ, საერთო სათაური აქვს - „კეთილგანწყობილი შეხვედრები კომპლიმენტების გარეშე“. ანუ, არ გვყავს კლუბში მეხოტბე ექსპერტები, მაგრამ კეთილგანწყობა და საქმის ღრმად შესწავლის ინტერესი თითოეულს გააჩნია. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერხელ დავრწმუნდით, რომ პირველი პირისგან მიღებული ინფორმაცია ბერად უფრო საინტერესო და გასათვალისწინებელია. მეტი სტიმული გაგვიჩნდა იმისა, რომ მთავრობის თუ პარლამენტის წევრებს შევთავაზოთ ღია საუბარი დახურულ რეჟიმში.

ძირითადად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება?

- თემები რაზეც ვისაუბრეთ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. მინდა გითხრათ, რომ საჭორაო თემებზე სასაუბროდ ვერ მოვიცალეთ. იყო მხოლოდ საქმიან თემებზე საუბარი. მიუხედავად მინისტრის ძალიან გადატვირთული დღის წესრიგისა, საათნახევარი გაგრძელდა შეხვედრა. შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა კითხვა ამოვწურეთ. ჩვენს მიერ ადრე ნაფიქრი ზოგი რამ დავადასტურეთ, ზოგის კორექტირებაც მოვახდინეთ.

შეგიძლიათ გვითხრათ რა საკითხში შეიტანეთ კორექტირება?

- უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ ნატოსთან მიმართებაში გადაგმული ნაბიჯები და შიგნიდან დანახული პროცესი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში. არის დეტალები რომელზე საჯაროდ საუბრის უფლებას დავუტოვებთ ბატონ მინისტრს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, დოკუმენტალურად დავრწმუნდით, რომ თემა, რომელზეც საყვედურობენ ბატონ ირაკლის და ეს უკავშირდება საჰაერო თავდაცვის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაშინგტონში, სხვა არაფერია თუ არა სიტყვა-სიტვით გამეორება იმ ჩანაწერისა, რომელიც ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ასე რომ, ზედმეტი აჟიოტაჟი, რატომ, რისთვის და ვისთან უნდა შეეთანხმებინა თავდაცვის მინისტრს თავდაცვის საკითხები, რომელიც ზედაპირზე დევს თავისი აქტუალურობით, სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ თემის გაჟღერება, რომელიც თავად ნატოს მიერ არის შეთავაზებული მისი არაწევრი ქვეყნებისთვის.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ გადაჭარბებული იყო ის შეფასება, რომელიც ალასანიას განცხადებას მოჰყვა საქართველოში?

- რა თქმა უნდა. რუსეთის ქმედებები გვარწმუნებს იმაში, რომ სწორედ დროული და აქტუალური განცხადება იყო მინისტრის მხრიდან გაკეთებული. მე მგონია, რომ ეს ყველას უნდა გახარებოდა საქართველოში. შემთხვევითი არაა ისიც, რომ გაჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელ პირთა მიერ და დუმის ზოგიერთი წევრის წუხილის თემა და ღიად სვამენ კითხვას - ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული ეს საჰარეო თავდაცვის სისტემა? უკაცრავად, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც თურქეთს, არც ირანს არ აწუხებს ეს თემა?! არანაირი კითხვები არ უჩნდებათ და ბუნებრივია, რომ ჩვენისთანა გამოწვევების ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთი შეიარაღება. რატომ წუხს რუსეთი, მე მგონია, ამაზე პასუხი მარტივია და არც თუ სასიამოვნო. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და არა მინისტრის.

და როგორია მინისტრის პოზიცია?

- მინისტრი არა მხოლოდ საუბრობდა, არამედ გვისმენდა კიდეც. ჩვენი ნათქვამზე ნაწილობრივ კომენტარს აკეთებდა, მაგრამ ასეთი დეტალების გასაჯაროვების უფლება ჩვენ არ აგვიღია და ამდენად, არ ვაპირებთ ამ თემებზე ღიად საუბარს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე თუ ისაუბრეთ და როგორია თავდაცვის მინისტრის პოზიცია, ვინ უნდა მოაწეროს დოკუმენტ ხელი?

- ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია. ეს არ გახლავთ თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია. მხოლოდ საკუთარ აზრს მოგახსენებთ. ეს ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების და სასამართლო ხელისუფლების ვალდებულებებს. ცხადია, ამის ერთიანად გაყოლა და პრეზიდენტის მეთაურობით წარმატებამდე მიცილება უნდა ხდებოდეს. თუ მთავრობა სხვაგვარად ფიქრობს, იხელმძღვანელონ ბატონი პრეზიდენტის ფორმულით, რომ ამ საკითხზე ის დავას არ აპირებს და არც ითაკილებს სხვა ლიდერის ხელმოწერას ასეთ დოკუმენტზე.

მე მგონია, რომ თემა ამოიწურა მას შემდეგ, რაც განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა, მაგრამ ვფიქრობ და სამომავლოდ საზოგადოებამაც უნდა იფიქროს, რომ ძალიან არ გადავტვირთოთ ახლაგაზრდა პრემიერ-მინისტრი იმ ვალდებულებებით, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაწერილი იყო ახალ კონსტიტუციაში, როგორც პრეზიდენტის ვალდებულებები. ასეთი ტენდენცია თვალსაჩინოა და რასაკვირველია, ამას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებასთან. ეს სხვა საკითხია და მართალი გითხრათ, ასეთი საკითხებით ჩვენ დროს არ ვკარგავთ, მითუმეტეს, როდესაც ვხვდებით საინტერესო სტუმარს, რომელსაც სათქმელი თავისიც ბევრი აქვს.

რეგიონალური უსაფრთხოება და მოახლოებული უელსის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხებზე თუ იყო საუბარი და იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს?

- ამ თემაზე იყო საუბარი, მაგრამ უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს უპასუხისმგებლობა და ასეთი ჩემის მხრიდან არ იქნება. ვგულისხმობ იმ თემების გასაჯაროვებას, რაზეც ჩვენ იქ ვსაუბრობდით. ბოდიშს მოგიხდით როგორც მაღალი ინტერესის მქონე ჟურნალისტს, მაგრამ ეს თემები გაჟღერებადი დოზით წარმოჩენილი იქნება ბატონი მინისტრის მიერ. ის შეფასებები, რომელიც ბატონმა მინისტრმა მოისმინა ექსპერტებისგან, ვფიქრობ, რომ მისთვის ღირებულია და ასეთად აღნიშნა მან ამ შეხვედრის შედეგები.

მესმის, რომ იყო დახურული შეხვედრა და დეტალები, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით ვერ გახდება საჯარო, მაგრამ რეკომენდაციები, რომელიც მიეცით, თუ მიიღეთ პირობა, რომ იქნება გათვალისწინებული?

- ბატონმა მინისტრმა ჩაინიშნა 4-5 საკითხი, რომელიც წამოიჭრა ამ დისკუსიისას და ცხადია, რომ მისსავე ინტერესებში შედის ამაზე რეაგირება. შედგება თუ არა შემდეგი შეხვედრა, ამას გვაჩვენებს აუცილებლობა. თუმცა, უკვე სხვა ტიპის კომუნიკაციები შეიძლება დამყარდეს და ვეცდებით, ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმ ინფორმაციის სანდოობაში, რომელსაც ვიღებთ.

თუ გეგმავთ მსგავს შევხედრებს სხვა მინისტრებთან? არის კითხვები, რომელზეც პასუხებს ელის საზოგადოება. ძირითადი პრობლემები არის საგარეო კუთხით, ამ უწყების მიმართ ისმის ძალიან ბევრი კითხვები, მათ შორის იგივე ფინანსთა მინისტრის მიმართ....

- ეს არაა ერთჯერადი სუვრილი და მხოლოდ თავდაცვის მინისტრთან საუბრის გამო არ წამოგვიწყვია ასეთი შეხვდრების ციკლი. ჩვენთვის ამჟამად საინტერესო არის წინასაარჩვენო პროცესი. ორ კანდიდატთან უკვე გვქონდა შეხვედრა კლუბში, ალბათ, გვექნება კიდევ სხვა კანდიდატთან ასეთი შეხედრა და რასაკვირველია, უკვე, არჩევნების შემდეგ, ვეცდებით ყველა იმ მინისტრთან საუბარს, რომელსაც ჩვენთან უშაუალო ურთიერთობა არ აქვს.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ჩვენი კლუბის სამი თუ ოთხი წევრი არის მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი, ამდენად გვაქვს მასთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება. რასკვირველია, არსებობს კითხვები და ვფიქრობ, რომ ეს არაა ექსპერტთა ინტერესის საგანი. თავად მინისტრებისთვისაც ასეთი ფორმატი საინტერესო უნდა იყოს.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ის ფარული დაპირისპირება, რომელიც გრძელდება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რამდენად სახიფათოდ გამოიყურება ქვეყნისთვის?

- ეს საკითხი უკვე, გადაჭრის პროცესშია. თქვენსავე საიტზე გამოქვეყნებულ ჩემი ინტერვიუში გამოვთქვი სურვილი, რომ ქართულ სუფრასთან შეხვედროდა ეს ორი ლიდერი. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ეს შეხვედრა შედგა. ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ წაიკითხეს ეს ინტერვიუ და გაიქცნენ „პურის სახლში“ სასადილოდ, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ხვდება, როგორც უშუალოდ ეს დუეტი, ასევე მათი გარემოცვაც, რომ მხოლოდ ვნებს ჩვენს სახელმწიფოს ასეთი უკვე ხილული დაპირისპირება პრეზიდენტთან. ეს თემა უნდა დასრულდეს. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან, არის მავნებლობა სახელმწიფოს წინაშე.

ეკონომიურად დღეს მოსახლეობას უჭირს, უმუშევართა რაოდენობა ყოვედღიურად იზრდება, ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალჩინოსნები და მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თავს უფლებას აძლევენ, რომ გამოიწერონ პრემიები და საუბარია ასტრონომიულ ციფრებზე. მიგაჩნიათ, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, მათ შორის საკადრო პოლიტიკა, რომელიც ნათესაურ კლანზეა ძირითადად აგებული...

- გადატვირთული მთავრობის ინიტერესს მიღმა დარჩა ეს საკითხი თავის დროზე და საზოგადოების რეაგირებაც სავსებით ბუნებრივია. შედეგიც სახეზეა, დაწყებულია მუშაობა იმ სტანდარტებზე, რომელიც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქურების მიერ. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ეს თემა ნამდვილად არაა დღევანდელი ხელისუფლების სატრაბახო ნაწილი. ამას საზოგადოებაც გრძნობს და შედეგიც უფრო ნაკლებია იმაზე, ვიდრე უნდა ყოფილიყო უფრო ჯანსაღი საკადრო პოლიტიკის პირობებში.

ამას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური გაახლავთ თითოეული ინდივიდის მახასიათებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. ობიექტურიც შეიძლება იგივე მიზეზი იყოს, რადგან გადაწყვეტილების მიმღებს ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალიან მცირე გამოცდილება აქვს. ასეთი გამოცდილების მიღებას ათეულობით წლები სჭირდება. რასაკვირველია, მათი წლები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ აქტიური ურთიერთობა საზოგადოებასთან ყოფილიყო ჯანსაღი აზრის შექმნის წინაპირობა. ამიტომაც არის არჩევნები და ვნახოთ, საზოგადოებას აქვს უკეთესი ხედვა სახელისუფლებო კადრებზე თუ არა. ახლა უკვე, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ვაგოთ პასუხი, ვის ავირჩევთ და მერე შევეჯიბროთ ხელისუფლებას საკუთარ არჩევანში.

როგორ ფიქრობთ, ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება თვითმმართველობის არჩევნებში?

- დიდი ზიანი, რაც შეიძლება თითოეულმა ჩვენთაგანმა მიაყენოს სახელმწიფოს, ეს გახლავთ არმონაწილეობა არჩევნებში, რადგან ამით ადამიანი კარგავს უფლებას იყოს მომთხოვნი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. ვურჩევ ყველას საკუთარ სიზარმაცეს ნუ გააფორმებს როგორც პოზიციას და მივიდნენ საარჩევო ურნასთან, არჩევანი მართლაც ძალიან ფართოა.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს. ეს კი გახლავთ სრულიად მკაფიო თანხვედრა იმ მოვლენებთან, რასაც ჰქვია ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერა, რასაც ჰქვია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რასაც ჰქვია უკვე უპასუხიმგებლობის პიკში გადასული ქცევები რუსეთის მხრიდან და ალბათ, არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, რომ ეს გახდეს ხელოვნურად ინიცირებული შფოთვის თემა. ამაზე ფიქრობს, ამაზე მოქმედებს მე-5 კოლონა და ნუ ვიქნებით დოყლაპიები, მივხედოთ საკუთარ ქვეყანას და მივიდეთ არჩევნებზე.