„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ყველას სთხოვს, დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სპეკულირება. კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელეს.
„მე აგრეთვე გახლავართ კოალიციის ლიდერი, ჩვენ გუნდშიც ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერი მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ საკითხის „გამოდავებას არ აპირებს“.
„პრეზიდენტმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, თუმცა გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობიდან, ამ საკითხზე პრეზიდენტი არ აპირებს არანაირ გამოდავებას“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა, რომ მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში, პრეზიდენტი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად ბრიუსელში ვიზიტისთვის მზად არის. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება სწორედ მარგველაშვილს აქვს.
„27 ივნისს ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. შესაბამისად, გიორგი მარგელაშვილმა კონსტიტუციაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას აქვს უფლება მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გაზიარებული ბევრი კონსტიტუციონალისტის მიერ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც უნდა დაფიქსირებულიყო.
ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ხელმოსაწერი დოკუმენტი, კონსტიტუციის მიხედვით. მაგრამ ამავე დროს ეს ხდება მთავრობასთან შეთანხმებით და თუ იქნება ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მზადაა ბრიუსელში ეს ვიზიტი განახორციელოს. თუმცა, ამავე დროს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ არ დაიწყებს ის ამაზე გამოდავებას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა და აქვე დასძინა, რომ ეს თემა გადაწყდება ზუსტად სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
მაჭავარიანის განცხადებას საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა დააზუსტა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობით.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საქართველოს, კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა.
„აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ის მოკლებულია შესაძლებლობას, მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სწორედ მთავრობა“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
შალვა თადუმაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ხელმოწერა ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის (თანახელმოწერის) გარეშე, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი სახის ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენს ხელმოწერის მომენტიდან.
საია-ს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას სჭირდება მთავრობის კონტრასიგნაცია, მაგრამ ამავდროულად, უნდა ვნახოთ, თუ რას ამბობს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე პრიმა მუხლი.
„მასში წერია, რომ „კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად გამოცემულია მთავრობის წარდგინებით, ან რომელზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა“.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოცემულ შემთხვევაში მთავრობას არ უნდა იმ უხერხულობის შექმნა, რომ პრეზიდენტის ხელმოწერას კონტრასიგნაცია სჭირდება და გაუგებრობა არ შევქმნათ, მაშინ ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი გამოსავალია. გამოსავალი გულისხმობს იმას, რომ კონტრასიგნაცია ხელმოწერის მერე კი არ მოხდეს, კონსტიტუცია იძლევა იმის საშუალებას, რომ წინასწარ უთხრას მთავრობამ პრეზიდენტს, რომ ჩვენ თანახმა ვართ, ისე როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერო ხელი. ასეთი აქტი რომ მთავრობამ ხელმოწერამდე მიიღოს, პრეზიდენტი მოაწერს ხელს საერთაშორისო ხელშეკრულებას და არანაირი კოტრასიგნაცია არ იქნება საჭირო“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი თუ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ეს კონსტიტუციურად სრულიად მართლზომიერი იქნება. მისივე თქმით, პრეზიდენტსაც აქვს უფლება ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ოღონდ მთავრობის თანხმობით.
„პრეზიდენტს უფლება აქვს ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ოღონდ მთავრობის თანხმობით. კონსტიტუციაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშიროსო ხელშეკრულებებს ოღონდ მთავრობასთან შეთანხმებით. დამოუკიდებლად პრეზიდენტი ვერ მოაწერს ხელს. მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ასეთი ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერა კონსტიტუციის დარღვევაა.
რაც შეეხება მთავრობას, მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და პრემიერ-მინისტრები და მინისტრები დებენ ხელშეკრულებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისად, არავის თანხმობა არ არის საჭირო, როდესაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ან მინისტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში“, - აცხადებს ჯონი ხეცურიანმა.
მისივე განცხადებით, ეს არის მართლზომიერი აქტი და პრემიერ-მინისტრი თუ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას მაშინ მას იურიდიული ძალა ექნება და ეჭვს ამაში ვერავინ შეიტანს. როგორც ხეცურიანი აცხადებს, საერთოდ ასეთი საკითხები წყდება კონსულტაციებით პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, თუ რა უფრო აჯობებს - პრემიერმა მოაწეროს ხელი თუ პრეზიდენტმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ კონსტიტუცია რომელიც დღეს ჩვენთან მოქმედებს, საკმაოდ ორაზროვანია ამ საკითხებთნ დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაური ჩვენი კონსტიტუციით არის პრეზიდენტი და ამასთანავე, პრეზიდენტი წარმართავს საგარეო ურთიერთობებს. ის ამბობს, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, ამ მხრივ შეიძლება გამართლებული იყოს.
„მაგრამ არის მეორე მხარე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი და ის განსაზღვრავს საგარეო ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტს არ აქვს უფლება რაიმე საგარეო ურთიერთობებს მოაწეროს ხელი. ანუ დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროებს წინასწარ შეთახმებას პრემიერთან და პრემიერი უნდა დაეთანხმოს ამას. ეს არის ის, რაც წერია კონსტიტუციაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ხელი მოაწეროს პრემიერმა, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, შეიძლება მოაწეროს პრეზიდენტმაც.
მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობია, ზოგადად, პოლიტიკური სიტუაციიდან და არა სამართლებლივიდან, ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა პრემიერთან წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ. მაგრამ, თუ პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ის პრობლემა, რომ შეიძლება დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს, ჩემი აზრით არასწორი მიდგომაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტვას, რომ მთვარობისა და პრეზიდენტის კინკლაობის ფონზე ყველას ავიწყდება, რომ დოკუმენტი საჭიროებს რატიფიკაციებს საკანონმდებლო ორგანიოებში. ხელმოწერა დიდი დასაწყისია, რომელიც რატიფიცირებით გრძელდება. ასე რომ, ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს და კარგად გაითვალისწინონ. რაზე დაობენ? ამასობაში, უცხოელები კულისებს მიღმა ჩვენს ქირქილსაც აღარ ერიდებიან. ეს კი ამ ინფანტილიზმის სამართლებრივი გამართლების უსუსური მცდელობაა. კანონი რა შუაშია, როცა კონსტიტუცია განუსაზღვრავს პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას.
კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ პრემიერს მხოლოდ და მხოლოდ მისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს სახელმწიფოს სახელით. კონსტიტუცია კი პრემიერს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არავითარ უფლებამოსილებას არ განუსაზღვრავს“, - განმარტა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამაუკა კუდავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ - „მე მოვაწერ, არა მე მოვაწერ“, საკითხზე და საერთოდ, ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებაზე, მათ შორის პრეზიდენტ-პრემიერის ჯერ კიდევ შეუმდგარ ახალ კოაბიტაციაზე, ერთმა მაღალი რანგის უცხოელმა მითხრა - „განა ცუდის გაკეთება უნდათ, უბრალოდ ასე გამოსდითო. თავის მიკრო სამყაროს ხედავენ მხოლოდ, აი, ცხენს რომ თვალების გვერდებზე მხედველობის დამხშობს უკეთებენ, ისეო“. ისე კი ხელმოწერა ყველაზე მეტად ბატონ ხადურს ეკუთვნის - მგზავრობის ფულსაც ეგ იხდის და პურმარილსაც, მენიუც შეგვითანხმა“, - ხუმრობს მამუკა კუდავა.