„უახლოეს პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში შევალთ შუამდგომლობით და მოსამართლის წინაშე დავაყენებთ საკითხს, რომ გაუქმდეს იმ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი უგულავა თანამდებობიდან იქნა გადაყენებული“, - განუცხადა for.ge-ს უგულავას ინტერესების დამცველმა ბექა ბასიალაიამ.
ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, რა ვადაში იქნება შესაძლებელი სასამართლოს მიერ უგულავასთავის უფლებამოსილების აღდგენა. მისი განმარტებით, მსგავსი პრეცენდენტი, პრაქტიკულად, არ ყოფილა და ამიტომაც არის ძნელი ზუსტი ვადების დასახელება.
თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას აღდგენის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 23 მაისს დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას.
„სადავო ნორმა არჩეული მერის ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იძლევა - კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რა ვადაში მიიღება სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ამდენად, არსებობს რისკი, რომ თანამდებობიდან გადაყენების დროებითი ღონისძიება ფაქტობრივად, თანამდებობიდან გადაყენებას გაუთანაბრდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების პერიოდული გადასინჯვის ან გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ გადაყენების მიზანი - თანამდებობის პირის მიერ გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე აღარ არსებებს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან გადაყენება შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, შეუქცევადად დაარღვევს თავად ამომრჩევლის ინტერესებს.
ამავე დროს, ასეთი ჩარევა ზედმიწევნით ცხადი, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და ეფუძნებოდეს ინტერესების სამართლიან ბალანსს. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია ჩარევა, მით უფრო მაღალია უფლების დარღვევის ხარისხი.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე პირის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის კონსტიტუციური უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს.
„თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, მატერიალური და საპროცესო საკითხების შეფასებას. კანონმდებლობა არ უნდა უშვებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მეორე მხარისათვის შეტყობინების და მისთვის დაცვის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის უფლება, სასამართლოს წინაშე წარადგინოს საკუთარი პოზიცია და დაიცვას თავი უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით, რაც შეამცირებს სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების რისკს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მხარეთა შეჯიბრებითობისა და, შესაბამისად, პირის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დაცვა“,- მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო.
ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უაღრესად კომპეტენტური და დასაბუთებული. ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ დიდ პოზიტიურ როლს ითამაშებს თვითმმართველობის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ბრალდებას არ ექნება საშუალება, სასამართლოს მეშვეობით, პირდაპირი გზით გადააყენოს არჩეული თანამდებობის პირი.
„ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად იმოქმედებს ყველა მოქალაქეზე, ვისაც კი შეიძლება სისხლის სამართლის პროცესთან შეხება ჰქონდეს. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ პირის უფლებათა შეზღუდვის შემთხვევაში ამ პირს უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოთქმის მინიმალური სტანდარტი მაინც“, - განმარტავს ადვოკატი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აქცენტს იმ ფაქტზე აკეთებს, რომ კანონის ნორმა, რომელიც ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა, სწორედ, გიგი უგულავას და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მიღებული.
„თავისივე მიღებული კანონი გაასაჩივრეს და ეს ნორმა სასამართლომ სცნო ანტიკონსტიტუციურად. საკუთარი კანონები თავადვე შემოუბრუნდათ, ეს არის ფაქტი და რეალობა“, - განუცხადა for.ge-ს ზურაბ აბაშიძემ.
ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამომავლოდ გიგი უგულავას თანამდებობაზე აღდგენას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
„სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე პირადად ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ზეწოლით მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სამართლიანი. ღამის საათებში, ქურდულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ობიექტურია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გიგი უგულავასთვის თანამდებობა უმნიშვნელოა, უბრალოდ, იბრძოდა იმისთვის, რომ სიმართლე დაემტკიცებინა“, - განუცხადა for.ge-ს ირმა ნადირაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონკრეტულ პუნქტებს ეთანხმება სამართლებრივ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილი, თუმცა, აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარეთა თანდასწრების გარეშე საკითხების განხილვის და პირის გადაყენების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, როცა თავად მათ წარმომადგენელს შეეხო კონკრეტული პრობლემა.
„სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. ვეთანხმები იმას, რომ არ უნდა მოხდეს იძულებითი ღონისძიების გამოყენების განხილვა მხარეთა მონაწილეობის გარეშე. სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ბევრი ადამიანის უფლება შეილახა, როდესაც მათი საკითხები სასამართლომ განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
ვეთანხმები, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაწესებული ვადა ნებისმიერ იძულებით ღონისძიებაზე და ამ ვადის გაგრძელების საშუალებას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ვადის გაგრძელების საკითხიც უნდა განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ მხარეთა მონაწილობით.
მაგრამ, არ ვეთანხმები იმას, რომ სასამართლოს პირდაპირი წესით არჩეული თვითმმართველობის თანამდებობის პირების გადაყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს. უნდა ჰქონდეს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დროებით თანამდებობიდან გადაყენების უფლებას სახალხო დამცველის და პარლამენტის წევრების შემთხვევაში და გამონაკლისი არ უნდა იყვნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას კახა კახიშვილი.
ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის რეგულაციები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა.
თუ თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას მერის უფლებამოსილებას აღუდგენს, დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელი ის მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება. მანამდე კი თბილისელებისთვის გაუგებარი რჩება, რა ქვეტექსტი აქვს ქალაქის ქუჩებში გამოფენილ გიგი უგულავას საარჩევნო ხასიათის პლაკატებს. უგულავა თბილისის მომავალ ხელისუფლებაში არ განიხილება, რადგან არც მერობის კანდიდატია, არც მაჟორიტარობისთვის იბრძვის და მისი გვარ-სახელი პარტიის პროპორციულ სიაშიც კი არ არის.
უგულავას თანაგუნდელი ირმა ნადირაშვილი for.ge-სთან განმარტავს, რომ თბილისის ქუჩებში გიგი უგულავას პლაკატების გამოკვრა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.