გაფრთხილება რუსეთიდან და პასუხები თბილისიდან

გაფრთხილება რუსეთიდან და პასუხები თბილისიდან

მოსკოვს აშფოთებს თავდაცვის მინისტრის მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები.

„თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით, ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

გარდა ამისა,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არასასურველად მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს დაფიქრებისკენ მოუწოდებს. როგორც ლუკაშევიჩმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათვითცნობიეროს ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგები. 
„გასათვითცნობიერებელ“ საკითხებს შორის ლუკაშევიჩმა ორმხრივი და სავაჭრო ურთიერთობები დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დღეისთვის საქართველოსთვის სავაჭრო ბრუნვით მესამე პარტნიორია და მიანიშნა, რომ საქართველოს არ უნდა უღირდეს ამ რეალობის დაკარგვა. 

„აუცილებელია შედეგების გაცნობიერება, რომელიც შეიძლება მოყვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას... ეს ეხება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საფინანსო და ეკონომიკურ შედეგებს, რომლზედაც მოგვიწევს მუშაობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ფაქტორის გათვალისწინებით.

ყველა სახელმწიფომ ნაბიჯის გადადგმის დროს უნდა გააცნობიეროს და გათვალოს არა მხოლოთ ურთიერთქმედებებით გამოწვეული უპირატესობა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სტრუქტურასთან თანამშრობლობისას, არამედ დაფიქრდეს იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმა მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომელთაც მათთან ორმხრივი ურთიერთობა აქვთ“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაპირება მისცა ევროპას - ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულებაზე.

„მე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა განვუცხადეთ ნათლად და გახსნილად პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ ველოდებით, იგი ხელს არ შეუშლიდა მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოსთან ვამზადებთ და მან მოგვცა დაპირება, რომ ასე არ მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი სრულად სცემს პატივს საქართველოს სუვერენულ უფლებას, გააფორმოს ხელშეკრულება ევროკავშირთან“, - აღნიშნა ბაროზომ. 

ლუკაშევიჩის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველო არავის წინააღმდეგ არ დებს ხელშეკრულებას ევროკავშირთან. მისი თქმით, ხელშეკრულება იდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო კარგი, გახდეს უფრო დემოკრატიული, გახდეს უფრო აყვავებული და უფრო საინტერესო ნებისმიერი მეზობლისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ამ მოკლე დროში რუსეთთან ურთიერთობების რეალური დალაგება მოვახერხეთ და იმ დაძაბულობის დეესკალაცია მოვახდინეთ, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთი ადეკვატურად აფასებდა და აფასებს. გვაქვს თანმხვედრი ნაბიჯები და მე ყოველთვის მივესალმები მათ პოზიტურ და კონსტრუქციულ პოლიტიკას.

მოვისმინეთ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი ასოცირების ხელშეკრულების პროცესში არ ჩაერევიან. ეს კიდევ ერთხელ მისასალმებელია. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ დამატებით პროდუქციაზე მოიხსნება ემბარგო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესება და პოზიტიური დინამიკა. დამატებით, ნუღარ დავძაბავთ სიტუაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ რუსეთის ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, ჩვენს მეგობრებს კი, კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი პარტნიორების წინაშე. 

„რუსეთმა 2008 წელს დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ჩვენს მიწა-წყალზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო ჯარები განალაგა. ყოველდღიურად, სომალელი მეკობრეების მსგავსად, რუსი სამხედროები იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, ავლებენ მავთულხლართებს, არ უშვებენ ხალხს სალოცავებთან და საფლავებთან.

2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირება და განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს სუვერენული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. სწორად ამიტომ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამოისობით, როდესაც საოკუპაციო ჯარები დგას დედაქალაქიდან 40 კმ-ის დაშორებით, არათუ მისასალმებელია, არამედ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი, ხაზს ვუსვამ - თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი ჩვენი პარტნიორების წინაშე შესაბამის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე“, - აცხადებს პეტრიაშვილი. 
მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის შეტანა ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ აქციას ან კეთილგანწყობის ჟესტს კარგი მოქცევისთვის. მისი თქმით, 23 მილიონ ბოთლ ღვინოს ჩვენი ხათრით ერთმორწმუნე რუსები ნამდვილად არ სვამენ და არც ერთი მაგდენი ბორჯომი ენატრებათ დილაობით ტყუილად.

„ვერც ემბარგოთი შეაშინებს დღეს ვერავინ საქართველოს. ევროკავშირის მზაობა ყოველმხრივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის სულ უფრო მეტად გამოკვეთილია კონკრეტულ ქმედებებში. ასე იქნება მომავალშიც. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მერე, მართლაც, შესაძლოა, რომ გადასახედი გახდეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები. 

ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ არა ხელების ამოგრეხვით და შანტაჟით, არამედ ორ სხვადასხვა სავაჭრო სისტემაში, უფრო ზოგადად კი ღირებულებათა სისტემაში მყოფი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე. წარმატება ძალიან ახლოს არის და ჩვენ მას აუცილებლად ვიზეიმებთ 27 ივნისს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას“, - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ალექსი პეტრიაშვილმა.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კარგი ინდიკატორია იმისა რა ფასი აქვს რუსეთის მოცემულ პირობებს და მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმეტებს.

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოწერილი აქვს ხელი ბუდაპეშტის ხელშეკრულებაზე, რომლითაც უკრაინიდან ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ აღიარებული იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი და ხელშეუხებლობა.

რუსეთმა როგორც კი დაინახა საკუთარი ინტერესებისადმი საფრთხე, მაშინვე დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უგულებელყო შეთანხმება, რომელსაც მან ხელი მოაწერა აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან. ასე რომ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები და მათ განცხადებებზე ნდობა, ცოტა არ იყოს, სარისკო საქმეა და ლუკაშევიჩის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.

ამ განცხადებით მოსკოვმა დიპლომატიურ ენაზე დელიკატურ ფორმაში საკამოდ მკაფიოდ ერთგვარი გაფრთხილება გამოუგზავნა ამ ხელისუფლებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული სირთულეები ორ მხრივ ურთიერთობებში. რა სირთულეები იქნება ეს, ამას ვნახათ. სამწუხაროდ, ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთს ჯერ კიდევ იმისათვის, რომ საქართველოში განახორციელოს დესტრუქციული მოქმედებები. ამიტომ, ძალიან ფრთილად და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამომწვევბისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.