ადგილობრივ არჩევნებს, გარდა თავისი სამეურნეო სპეციფიკისა, ახლავს კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ტენდენცია. როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ახალი ადამიანური რესურსის, ახალი სახეების წარმოჩენას სწორედ ადგილობრივი არჩევნების მეშვეობით. ახალი სახეები ადგილობრივი არჩევნების შედეგად იძენენ პირველად გამოცდილებას, ერკვევიან საკანონმდებლო პრაქტიკის თავისებურებებში, სწავლობენ ამომრჩეველთან ურთიერთობას და ეგუებიან პოლიტიკურ გარემოს თავისი საკომუნიკაციო სიმბოლოებითა და ნიშნებით.
ხშირად ახალი სახეების თვისებები მეტყველებს პოლიტიკური პარტიების განვითარების ტენდენციებზე, მისი მსოფლმხედველობითი, იდეოლოგიური და ეთიკური ვექტორის არსებობაზე მომავალში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა „ქართული ოცნების“ ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პიროვნების განხილვა, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამი - ირაკლი აბუსერიძე, ლევან დარახველიძე და ბექა ნაცვლიშვილი. საქმე ისაა, რომ მაჟორიტარი კანდიდატები განსხვავდებიან თავიანთი „პროპორციული“ კოლეგებისგან იმით, რომ მათ მოსახლეობა პირდაპირ ირჩევს და შესაბამისად მათი პოლიტიკური წონა საკრებულოს წევრთა შორის ოდნავ მეტია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სიაში მოხვედრილი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ბევრად აქტიურად ატარებს თავის საარჩევნო კამპანიას - ხვდება ამომრჩევლებს და ნაკლებად სარგებლობს პარტიური ბრენდის დივიდენდებით. ამას გარდა, პოლიტიკაში დებიუტანტებისთვის მაჟორიტარად არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. მათ უწევთ ერთდროულად საარჩევნო ტექნოლოგიების შესწავლა-ათვისებაც და გამოყენებაც, რომელთა ეფექტიანობის საზომი არის მხოლოდ ერთი - გამარჯვება არჩევნებში.
ზემოთ ჩამოთვლილი სამივე კანდიდატი არის ახალგაზრდა, ენერგიული, თავის საქმეში წარმატებული და ამავე დროს ახალბედა პოლიტიკოსი. სამივეს აქვს ლიდერის თვისებები, საკუთარი პრინციპები და ცხოვრებისეული კრედო.
ირაკლი აბუსერიძე ახლო წარსულში გახლდათ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, ღვინისფერი კეპის მფლობელი, ერთა თასის ხუთგზის ჩემპიონი და, ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მორაგბე. მეგობრები და კოლეგები აბუსერიძეს ახასიათებენ, როგორც შეუპოვარ ლიდერს; ამასთანავე, მიაჩნიათ, რომ ის ძალზე მოკრძალებული ადამიანია. რამ გადააწყვეტინა აბუსერიძეს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: “ოცნებისათვის’’ ახალი, წარმატებული, აშკარა ლიდერის არსებობა თავის რიგებში, რა თქმა უნდა, დამატებითი ელექტორალური ბონუსების მომტანია.
ლევან დარახველიძე ნაკლებად ცნობილი სახეა ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ბიზნესწრეებში მყარი რეპუტაციით სარგებლობს. მას ახასიათებენ, როგორც მუყაითად მშრომელ და ინოვაციებისკენ მიდრეკილ ბიზნესმენს. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მას უწევდა ეგზოტიკურ და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა - ჩინეთში, სინგაპურში, იაპონიაში. სადაც ის ინტერესდებოდა ახალი ტექნოლოგიებით, იძენდა გამოცდილებას მენეჯმენტში, ე.წ. START UP -ების ფუნქციონირებით და იყო პერსპექტივების ძიებაში. მისი ყურადღება მუდამ მიპყრობილი იყო ახალი ბაზრებისკენ და, მიუხედავად ბევრი სარფიანი წინადადებისა, მაინც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა და ფრიად არაკომფორტულ პირობებში თავისი ბიზნესის განვითარება სცადა. როგორც ბიზნესწრეებში საუბრობენ, დარახველიძე თავის მისიად მიიჩნევს ბიზნესგარემოს რეალურ გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას; რაც მთავარია, მოსახლეობის ფართო მასებისთვის ბიზნესის კეთების რეალური პირობების შექმნას, ინიციატივების და, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიური სეგმენტების სტიმულირებას.
ბექა ნაცვლიშვილი ამ ტრიუმვირატიდან ყველაზე ცნობილი სახეა, თუმცა, ახალგაზრდა ინტელექტუალის პოლიტიკური პერსპექტივების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულ მცირე ხანში ნაცვლიშვილი “ოცნების“ ვარსკვლავად იქცევა. განვლილი წლეების მანძილზე მემარცხენეობა ნათელაშვილის ბუფონადური რიტორიკის გამო მკვეთრ მარგინალიზაციას განიცდიდა. ახალგაზრდა პროფესორ ბექა ნაცვლიშვილს ძალუძს მემარცხენე იდეოლოგიური ტრენდის გამოცოცხლება და მოდერნიზაციული, ევროპული ყაიდის ახალი მემარცხენე რაკურსის შეთავაზება ქართველი ამომრჩევლისთვის. სტუდენტების ფავორიტი, შესაძლოა, უმოკლეს ხანში ბევრად ფართო აუდიტორიის რჩეული გახდეს.
და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს “ოცნების“ სამივე მაჟორიტარს: როგორც ამერიკელები იტყოდნენ, სამივე არის self-maid, ანუ ადამიანი, რომელმაც თავისი თავი თავად შექმნა და მიაღწია წარმატებას მდიდარი ნათესავებისა და გავლენიანი ნაცნობების გარეშე. როგორც ჩანს, “ოცნებას“ უნდა, რომ თავისი მომავალი ინტელექტუალებსა და ინოვაციურად მოაზროვნე, ენერგიულ ლიდერებს დაუკავშიროს.