მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაძაბულ ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი უფრო ინტენსიურ კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. ამას წინ უძღოდა გასულ კვირას რესტორან „პურის სახლში“ გადაღებული ფოტოები, რომელზეც ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ტანდემის თბილ გარემოში შეხვედრა და ვახშამი იყო ასახული. ეს იყო იმის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაემსხვრიათ მითი, თითქოს ბოლო ხანებში პრეზიდენტი და პრემიერი ერთ სივრცეში ერთად აღარ ჩნდებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთობლივად დაგეგმილი ინტენსიური კოორდინაციის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს გადაჭარბებულია და „პურის სახლში“ გამართულ შეხვედრაზე ისინი უფრო ინტენსიურ და კოორდინირებულ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. მარგველაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციის პირობებში ბევრ საკითხს მოთელვა სჭირდება. შესაბამისად, მათ შორის მეტი კოორდინაციაა საჭირო. ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ სულ ახლახანს მარგველაშვილი ყაზბეგში ჩავიდა და მომხდარი ტრაგედიის გამო შტაბის სხდომას დაესწრო, სადაც რესტორან „პურის სახლის“ შემდეგ პრემიერთან რიგით მეორე შეხვედრა გამართა. როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა?
- თავისთავად ცხადია, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. ისიც ცხადია, ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს ივანიშვილის პირად თვისებებზე, რომ ის წყენას დიდი ხნით, ან საერთოდ არ ივიწყებს. ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ მისი ყოფილი მოსკოველი პარტნიორები. აქედან გამომდინარე, გაუცხოების ნიშნები დიდი ხნით დარჩება მათ შორის, მაგრამ ეს არ გადავა ღია დაპირისპირებაში. არ გადავა არა იმიტომ, რომ ორივე მხარეს ერთნაირი სურვილი აქვთ, შიდა საქმეები გარეთ არ გაიტანონ, არამედ იმიტომ, რომ, ელემენტარულად, აქ ძალთა თანაფარდობა სულ სხვადასხვაგვარია. მთელი ის ზღაპრები, რაც ჩვენს საზოგადოებაში ისმოდა, მათ შორის, არასამთავრობოების თუ ჟურნალისტებისგან წამოსული ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი ვასაძესა და ალასანიასთან ერთად აპირებს ოპოზიციური ჯგუფის შექმნას, ეს ყველაფერი მაისის ღამის ზღაპრებია.
ამ პოლიტიკური „წინასწარმეტყველების“ ავტორი შალვა ნათელაშვილია, რომლის თქმითაც, ალასანია, მარგველაშვილი, ლევან ვასაძე და ნაცმოძრაობა სამომავლოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიულ ბლოკს შექმნიან.
- რომელ ალიანსზე შეიძლება მაგათ შორის საუბარი? გამოვიდა ალასანია და ამერიკაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე ისაუბრა. როგორი მკაცრი ტონით გააფრთხილა პრეზიდენტმა, არავის ვურჩევ დინების წინააღმდეგ წავიდეს და ვისი საქმეც არ არის, ცხვირს ნუ ჰყოფს ამ საქმეშიო. ფაქტობრივად, ამას ნიშნავდა მისი ნათქვამი. ლევან ვასაძე კარგ რამეებს წერს სტატიებში, მაგრამ არ ჩანს იმის მზაობა და მტკიცე სურვილი, რომ დღეს ელიტასთან ახლოს მდგომი წრეებიდან ვინმეს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილი ჰქონდეს. ასეთი სურვილი და მატერიალური შესაძლებლობა არავის აქვს.
დღეს არავის სურს, ასე თუ ისე, ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდეს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც უკვე არასაპარლამენტო ოპოზიცია ჰქვია. ამიტომ ჯანყი ხომალდზე, რასაც შობის ღამეს ელოდება ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ იქნება. შეიძლება ფრონდა იყოს, ანუ მისწრაფება წინააღმდეგობისკენ, შეიძლება, ვინმე გააკრიტიკონ, მაგრამ ეს არ იქნება სერიოზული, პრინციპული ოპოზიცია. ფრონდა იყო იმავე მარგველაშვილის განცხადებები, ფრონდა არის, როდესაც მარგველაშვილი სულ „ბიძინა-ბიძინას“ იძახის, „ბატონი ბიძინას“ ნაცვლად. სასაცილოა ეს ყველაფერი, ეს ფრონდაა უბრალოდ. პირადი გაუცხოება მაგათ შორის დარჩება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამან არ მიიღოს დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ფორმები.
ფაქტია, რომ სახელმწიფო დონეზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება არ ჩანს, მაგრამ ნაციონალებს უკვე მიეცათ სალაპარაკო თემა და საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა კუდავამაც გაავრცელა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, 13 მაისს ფრანსუა ორლანდის საპატივსაცემოდ ვახშამი უნდა გამართულიყო არა პრეზიდენტის სასახლეში, არამედ ფუნიკულიორის რესტორანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასახლეში მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ.
- ჩვენს ქვეყანას რა იმიჯიც აქვს უცხოეთში, ის იმიჯი დარჩება. როგორ ფიქრობთ, მივა თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე, ეს რამეს შეცვლის? მშვენივრად არ იციან ორლანდის მრჩევლებმა, რომ ამ რამდენიმე თვის წინ პრემიერი არ მივიდა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას? ამაზე მეტი რა გინდათ? უბრალოდ, თუ არ მივიდა, საქმით იყო დაკავებული ან ავად იყო, ამის გადადება შეიძლებოდა, მაგრამ ორლანდის სტუმრობისას საქმე სხვაგვარად იყო. ამის გადადება არ შეიძლებოდა. თუმცა შეიძლება, აქაც იყო ობიექტური მიზეზი. გამორიცხული არაა, რომ ადამიანი, ელემენტარულად, თავს კარგად ვერ გრძნობდეს და ვერ მივიდეს. ასე რომ, უცხოელებმა კარგად იციან, რაც ხდება ჩვენს სახელისუფლო კულისებში.
პრემიერსა და პრეზიდენტს შორის სამომავლო ინტენსიური კოორდინაცია ხომ არ იქნება ხელოვნური, ნაძალადევი პროცესი? როგორც ეს „პურის სახლში“ გადაღებული „თბილი შეხვედრის“ ამსახველი ფოტოების გავრცელებისას დაფიქსირდა?
- უცხოეთში ყველას ყველა გულზე არ ეხატება. უბრალოდ, უცხოელებს ასწლიანი გამოცდილება აქვთ, რომ ჰოლივუდის ღიმილის უკან დამალონ თავიანთი პირადი განწყობები. თორემ, პიროვნული გრძნობები, სიმპათია-ანტიპათიები ყველგან არის.
პოლონეთშიც გვახსოვს ამის მაგალითი პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავთან დაკავშირებით, როცა არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, პრემიერმა ტუსკმა პრეზიდენტს არ მისცა ახალი თვითმფრინავი, ძველმა თვითმფრინავმა კი ტრაგიკული ფაქტი გამოიწვია.
- გარდა ამისა, საფრანგეთშიც ასეთივე პროცესები მიმდინარეობდა. რამდენი პრემიერ-მინისტრი და მინისტრი შეცვალა სარკოზიმ? ეს ყველგან ხდება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? იქ ინსტიტუტებია ისე ძლიერი, რომ პიროვნებები უბრალო ჭანჭიკები არიან. ჩვენთან დღეს ინსტიტუტები არ არის მთავარი, ამიტომ პიროვნებები ყველაფრის გადამწყვეტნი არიან. ჩვენც რომ გვექნება ნამდვილი სახელმწიფოს მართვის 200-300-წლიანი პრაქტიკა, მაშინ უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება პრემიერი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი. როდესაც ამერიკელებმა თვალი დახუჭეს სიყალბეზე და ბუში-უმცროსი გაყალბებული არჩევნებით აღიარეს პრეზიდენტად, ეს უკვე ტრადიცია იყო. მათ თქვეს, დიახ, ბუშმა რაღაც ითაღლითა, დიახ, ხელით გადათვალეს საარჩევნო ბიულეტენები, თანაც იმ შტატში, სადაც მისი ძმა- ჯებ ბუში იყო გუბერნატორად, მაგრამ ამერიკაში ინსტიტუტები ისე ძლიერია, რომ ეს ქვეყანას ვერ შეაფერხებსო. უმცროსმა ბუშმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკა სხვა გზით წასულიყო, უფრო ცუდი გზით წაეყვანა.
თუმცა სხვა ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ფიგურა ბევრად ძლიერია ამერიკაში. საერთოდაც, ამერიკაში ყოველთვის ძლიერები ჩანდნენ საპრეზიდენტო პერსონები.
- იმიტომ, რომ ეს მათ კონსტიტუციაშია. ჯერ კიდევ ნიქსონის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმა 500-გვერდიანი წიგნი დაწერა - „მონარქიული პრეზიდენტობა“, სადაც ნიქსონს მონარქი უწოდა და ამ 500 გვერდში დაამტკიცა, რომ ნიქსონი მონარქივით იქცეოდა. თუმცა ვეფხვისა და კატის არ იყოს, რომელმაც ხეზე ასვლა არ ასწავლა ვეფხვს, ბოლოს მაინც კონსტიტუციამ შემოინახა იმპიჩმენტი, რომელიც ვერცერთ პრეზიდენტს ვერ მისცემს იმის უფლებას და საშუალებას, მონარქი გახდეს. ეს შემაკავებელი ბერკეტი მაინც ჩადეს ამერიკელებმა კონსტიტუციაში, ჩვენთან ესეც არ დევს და ივანიშვილი რომ არა, ჩვენთან მართლაც 30 წელი იქნებოდა ნაციონალური ხელისუფლება სათავეში. თუმცა ბიძინა ივანიშვილიც შემთხვევითობა იყო, ეს არ იყო კანონზომიერება. ნიქსონის დროს კანონზომიერება იყო ის, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სულ პატარა, 19 თუ 22-სიტყვიან რეპლიკას მოჰყვა ნიქსონის იმპიჩმენტი, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენა საქართველოში შემთხვევითობა იყო.
პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობაზე როცა საუბრობენ, იხსენებენ იმასაც, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრობის დროს გენერალ შარლ დე გოლს არ უნდოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და, როდესაც საფრანგეთის კოლონიის - ალჟირის დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, წამოიწყო კამპანია პრეზიდენტის უფლებების გასაზრდელად. რამდენად მართალია ეს ისტორია, რასაც ზოგიერთები ფრანგების საყვარელ გმირს - დე გოლს უკავშირებენ?
- როდესაც დე გოლი 1958 წელს დაბრუნდა ხელისუფლების სათავეში, მეხუთე რესპუბლიკა რომ დაარსდა და კონსტიტუცია დაიწერა, ის კონსტიტუცია დე გოლს არ შეუცვლია. თუ ვინმეს მსოფლიოში როდესმე აუღია თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა, ეს პირველ რიგში, დე გოლზე ითქმის. ექვსი ტერაქტი მოუწყეს დე გოლს ალჟირის გამო. დე გოლის ასეთი გადაწყვეტილება ის იყო, რომ მას ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობდა, კონტრაქტი ფრანგებთან და სურდა, დრო და დრო დარწმუნებულიყო, რომ ეს კონტრაქტი ძალაში იყო. შემდგომ, როცა ჯერ კიდევ ორ წლამდე ჰქონდა დარჩენილი ვადა და რეფერენდუმი წააგო, მას არავინ ავალებდა გადადგომას, თუმცა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. არადა, რა მოხდა ისეთი? უბრალოდ, რეფერენდუმზე იგი არ მოიწონეს.
ახლა, შვეიცარიაში ექვსი დღის წინ ჩატარდა რეფერენდუმი, ჩვენთან რომ არავის დაესიზმრება, და შვეიცარიელმა მოსახლეობამ უარი თქვა მთავრობის მოთხოვნაზე - გადასახადების შემცირების თაობაზე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მთავრობამ შეიტანა წინადადება, რომ გადასახადები შემცირებულიყო შვეიცარიაში და მოსახლეობამ უარი თქვა, ჩვენ თანახმა ვართ, ბევრი ფული ვიხადოთო. ჩვენი გაგებით, ეს არანორმალურია. ნოდარ ხადურს საღი გონება და აზროვნების უნარი სანამ ექნება, განა იმას იტყვის, გადასახადები უნდა შევამციროთო? პირიქით, უფლება რომ მისცე, 20%-იან საშემოსავლოს 40%-მდე ასწევს.
პრემიერსა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილებაზე საუბრისას დღემდე სადაოა, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაპირველად მკვეთრად გამოხატა პოზიცია, რომ თავად მან უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ პოზიცია შეარბილა. პრემიერმა ამ თემასთან დაკავშირებით მოკლედ განაცხადა - ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო მოაწერსო ხელს. როგორ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობების დალაგება და ვისთვის უფრო უპრიანია, ხელი მოაწეროს ამა თუ იმ მნიშვნელოვან დოკუმენტს?
- რასაკვირველია, ყველა დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს იმან, ვისაც კონსტიტუციით ამის უფლება აქვს. თორემ კახელი გლეხის თუ ქსენია დიასახლისისთვის, ანუ დავით აქუბარდიას მაყურებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ხელმოწერა იქნება ასოცირების ხელშეკრულებაზე. მე ვიტყვი ისეთ რამეს, რაც, ალბათ, გაგიკვირდებათ. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ორიოდე წლის შემდეგ ხალხმა არ წამოაძახოს პრეზიდენტს ან პრემიერს, ეს რაზე მოაწერე ხელი, დღეს უარესად ვცხოვრობთ მატერიალურად, ვიდრე ორი წლის წინ ვცხოვრობდითო. მთავარია, ეს არ მოხდეს, არადა, ეს მოხდა ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთში. როდესაც შემოდის იაფი პროდუქცია, ამ პროდუქციის პარალელურ ჩვენს საწარმოებს გაკოტრება ელით, რადგან ისინი ვერ აიტანენ კონკურენციას. 90-იან წლებში თურქული ნაგავი კაპიკებად რომ შემოვიდა - წინდები, მაისურები და სხვა, იმან ჩაკლა საქართველოს მრეწველობა.
ჩემი მეგობარი და კლასელი იყო ვანო მაჭავარიანი, ძველი თბილისელი, მომღერალი, პლეხანოვზე დიდი საფეიქრო ფაბრიკა ჰქონდა, მახსოვს, ემუდარებოდა შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის მინისტრებს, ჩემგან მზა პროდუქცია შეიძინეთო და ისინი ეუბნებოდნენ, როგორ გეკადრებათ, სამჯერ იაფად თურქეთი გვაძლევს, რაღად გვინდა თქვენი პროდუქციაო. შესაბამისად, დაიხურა ის საწარმო, კონკურენციას ვერ გაუძლო. ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც.
ჩვენ ახლა შევდივართ ვალდებულებების ეპოქაში. დირექტივა ვალდებულებას ნიშნავს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს და შევდივართ ვალდებულებების შესრულების რეჟიმში. თუ როდის გადავალთ პრივილეგიების რეჟიმში, ამაზე საუბარიც არ შეიძლება. თუმცა, ეს მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. როცა შენ 100-კილომეტრიანი გზა გაქვს გასავლელი, ფინალამდე როგორ მიაღწევ, ეს უკვე სულ სხვა საკითხია.