„რაც სისტემაში მოხდა, ამას პრემიების აღება კი არა, ფულის კეთება ჰქვია“

„რაც სისტემაში მოხდა, ამას პრემიების აღება კი არა, ფულის კეთება ჰქვია“

ექსპერტი კახი კახიშვილის განცხადებით, სჯელაღსრულების სისტემაში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და გაირკვეს, რა დამსახურების მიხედვით მიიღეს სისტემის თანამშრომლებმა ამ ოდენობის თანხები. კახიშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვამდეც მივიდეს გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

რატომ ინარჩუნებს დარბაისელი თანამდებობას და რატომ არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში უმართავი პროცესების საფრთხე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge-კახი კახიშვილს ესაუბრა.

დიმიტრი დარბაისელის მიმართ არსებობს საკმაოდ ბევრი კითხვები, როგორც გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით, ასევე საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას. როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება დღემდე ხელისუფლებაში დარბაისელი?

- რატომ ინარჩუნებს დარბაისელი თანამდებობას, ამაზე პასუხი სუბარმა უნდა გაგვცეს. რეალურად უწყების მინისტრი არის სოზარ სუბარი, აქედან გამომდინარე, მუდმივად საუბარი იმაზე, რომ მართალია მინისტრი ვარ, მაგრამ, ვერაფერს ვერ განვკარგავ, ვერაფერს ვერ ვწყვეტო, ეს განცხადება თავად მინისტრისთვისაც უხერხული უნდა იყოს.

სასაჯელაღსრულების სამიმინისტრო სულ ორი დეპარტამენტისგან შედგება, თუ ორი დეპატარმანეტიდან ერთს მინისტრი ვერ აკონტროლებს, მაშინ გაუგებარია საერთოდ რაში გვჭირდება სამინისტრო, ან მინისტრი რაში გვჭირდება, რომელიც საკუთარი გამგეობის ქვეშ მყოფ დეპარტამენტს ვერ აკონტროლებს.

რაც შეეხება კონკრეტულად დარბაისელს, მას არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ამ პრემიების რაოდენობა დადასტურდა და როგორც ჩანს, დადასტურებულია (მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ მიესალმება ამ რაოდენობის პრემიებს), უნდა დაიწყოს გამოძიება.

სიმართლე რომ გითხრათ, მე ამას პრემიას ვერ დავუძახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის მოქმედი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მითვისება გაფლანგვისთვის. ჩემი აზრით ასეთი რაოდენობის თანხების მიღებაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს კონკრეტულად რის საფუძველზე, რა დამსახურების მიხედვით მიიღეს კონკრეტულმა თანამშრომლება ამ რაოდენობის თანხები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ვერ დაადგენს კონკრეტულ დამსახურებას, რატომ მიიღო ადამიანმა ერთი წლის ხელფასი ერთ დღეში პრემიის სახით, მაშინ, ჩემი აზრით, ადგილი უნდა ჰქონდეს როგორც მითვისებას, ისე გაფლანგვას და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

საუბარია იმაზე, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რეგულაციები და ამის გამო იწერენ პრემიებს...

- ეს არასწორია. პრემია მესმის დამსახურების მიხედვით, კონკრეტულად, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ, ისიც ხელფასის ოდენობით. რომელიმე თანამშრომელმა ან მინისტრმა, რომ გამოიწეროს პრემია 500 ათასი ლარის ოდენობით და ამას დაარქვას პრემია, ჩვენ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რა ვქნათ, ჯერჯერობით რეგულაციები არ არის მზად და ამიტომ არაუშავს, შერჩეს ეს 500 ათასიო, ეს არაა არგუმენტი.

როდესაც ასეთი არანორმალური თანხების მითვისებაზეა საუბარი, ამითვის არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი, უნდა დააიწყოს გამოძიება და თუ გამოძიება მოიპოვებს შესაბამის მტკიცებულებას, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო თანხების მითვისების განზრახვას, პასუხისგებაში უნდა მიეცენ ეს პირები. ვსვამ კითხვას - ხვალ, რომ რომელიმე მინისტრმა გამოიწეროს ერთი მილიონი ლარი და დაარქვას ამას პრემია, ამას ჩვეულებრივად მიიღებს მთავრობა?

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არაა პრემია და ადგილი აქვს ფულის მითვისებას?

- მე იურისტი ვარ და მტკიცების ფორმაში ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ რაოდენობის თანხების აღება წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს. სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და გაირკვეს, რა დამსახურების მიხედვით მიიღეს სისტემის თანამშრომლებმა ამ ოდენობის თანხები. არ არის გამორიცხული საქმის გამოძიების შემთხვევაში, სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვამდეც მივიდეს გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

სამწუხაროდ, პრემიების გაცემის კუთხით, ამჟამინდელმა ხელისუფელბამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკა გააგრძელა. უმაღლესი საჯარო თანამდებობა დღესაც იძლევა ფულის კეთების საშუალებას და ზოგ შემთხვევაში, წინა ხელისუფლებას გადააჭარბა კიდეც პერემიების ოდენობით. რაც სისტემაში მოხდა, ამას პრემიების აღება კი არა, ფულის კეთება ჰქვია.

რა პრემიაა, როცა ადამიანი 40 ათას ლარს იწერს? პრემია შესაძლოა იყოს ხელფასის ოდენობის. ამას რეგულაცია არ სჭირდება, ამას სჭირდება ნამუსი და ზნეობა.

ლალი მოროშკინას ვერსიას თუ გავყვებით, ჩარიცხული პრემიის ნაწილი დარბაისელამდე მიდიოდა...

- საერთოდ პრემიებს იძლევიან რაღაცა განსაკუთრებული დამსახურებისთვის და ისიც ერთი ხელფასის ოდენობით. თუ ამას დავაქმევთ პრემიას, მაშინ მივყვეთ ლოგიკას და 40 ათას ლარამდე დავარქვათ ერთჯერადი პრემია, მაშინ გამოდის, რომ ამ პრემიის მიმღებს რაღაცა გენიალური დავალება უნდა შეესრულებინა. რა გააკეთეს ამისთანა, რომ ერთი წლის ხელფასები აიღეს ერთი პრემიის სახით, რა გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს ამისთანა, მე მათი მხრიდან მიღებული გენიალური გადაწყვეტილება არ მაქვს ნანახი. ამიტომ, გენიალური ადამიანებისთვის განკუთვნილ პრემიას რომ იღებენ, გაუგებარია.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დეტალები უკვე გამოძიების დასადგენია. მხოლოდ სასჯელაღსრულებაზე ვერ შევჩერდებით. გადახედეთ და ნახავთ, დიდი რაოდენობით თანხების გამოწერის და ამაზე პრემიის დარქმევის პრაქტიკა არის ყველა სამინისტროში. დაწყებული ენერგეტიკის სამინისტროდან, დასრულებული შსს-თი და მთავრობის ადმინისტრაციით. მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე რატომ არის საზოგადოების ყურადღება შეჩერებული, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა უკმაყოფილოა კონკრეტული სამინისტროების მუშაობით, გაუგებარია ამ სამინისტროს წამყვანი პირები რატომ იღებენ ამ რაოდენობის პრემიას.

როგორ ფიქრობთ დაიწყება გამოძიება რა დამსახურების მიხედვით მიიღეს სისტემის თანამშრომლებმა ამ ოდენობის თანხები?

- იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება დაიწყება. როდესაც ამხელა თანხების მიღების შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ჯერჯერობით რეგულაციები არ არსებობს და აგერ, ივლისში ვნახოთ რა პროექტი იქნება შემოტანილი პრემიებთან დაკავშირებითო, როდესაც ამ საკითხმა არ აღაშფოთა მთვარობის ხელმძღვანელები, მე ვფიქრობ, რომ არანაირ გამოძიებაზე საუბარი აღარ იქნება. დიდი ილუზიაა, რომ გამოძიება დაიწყება და რეალურად დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

დარბაისელი ხელშეუხებლობას რითი ხსნით? ამბობენ, რომ ის ზვიად ჯანყარაშვილის კადრი და მასთან დაახლოებული პირია. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც რჩება თანამდებობაზე...

- ის არ იყო სუბარის კადრი. მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე. ამიტომ, სასჯელაღსრულების დეპარატამენტის თავმჯდომარეს აქვს ასეთი ავტონომიურობა. დარბაისელი თვლის, რომ სუბარს არ გადაუწყვეტია მისი დანიშვნა და ვერც სუბარი გადაწყვეტს მის გათავისუფლებას, მაგრამ რატომ ითმენს თავად სუბარი ამ უკანონობას საკუთარ სამინისტროსთან დაქვემდებარებულ დეპარატამენტში, ჩემთვის გაუგებარია.

სუბარმა თქვა, რომ მან 3-ჯერ დაწერა განცხადება გადაგომის შესახებ...

- არ არსებობს ასეთი რამე, რომ ადამიანს სამსახურიდან წასვლა უნდოდეს და მას აძალებდნენ სამსახურში ყოფნას. თუ სუბარმა მოითხოვა, რომ გამათავისუფლეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და სხვა სამინსიტროში დამნიშნეთო, ეს სხვა თემაა. როგორც ჩანს, იმ სამინისტროებზე უარი უთხრეს და ამიტომაც დარჩა სასჯელაღსრულების სამინისტროში. სუბარს რომ სდომოდა სამინისტროდან წასვლა და სხვაგან რომ არ მოეთხოვა მინისტრობა, არ მგონია, რომ ვინმეს მისთვის ხელი შეეშალა.

ფიქრობდა, რომ დაწერდა განცხადებას ამ სამინსიტროდან წასვლის შესახებ და ამავდროულად გადაყვანილი იქნებოდა სხვა სამინისტროში. როგორც ჩანს, ვინაიდან ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, არ დატოვა მინისტრის პოსტი. თორემ, სხვა შემთხვევაში ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს ადამიანმა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა და ვინმემ უბრძნა დარჩენა. მინისტრი რომ აცხადებს, მივდივარ და არ მიშვებენო, არ მჯერა, მიბმულია სკამზე? ვინმემ დააფიცა, დედას გაფიცებ მინისტრი იყავიო?

როგორც ჩანს, დარბაისელს სამინისტროში ცალკე ავტონომია აქვს, მინისტრი კი ამას ვერ აკონტროლებს და ეგუება. რატომ ვერ მართავს სიტუაციას, რა მნიშვნელობა აქვს - არიან თუ არა დასაქმებულები სამინისტროში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები? ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“ და მიმდინარე საკითხებზე პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრია. გადაბრალება არ არის სწორი.

როდესაც ასეთი ტიპის სისტემაში და ნებისმიერ სისტემაში, რომდესაც საშუალო დონის სახელმწიფო მოხელეები გრძნობენ უსამართლობას, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი ხელმძღვანელები 1 წლის ხელფასს ერთ დღეში იღებენ, აქ ჩნდება უკვე უკმაყოფილება. მითუმეტეს ისეთ რთულ სისტემაში, როგორიც არის სასჯელაღსრულება, როდესაც საშუალო და რიგითი დონის მუშაკები უკმაყოფილეები არიან საკუთარი ხელმძღვანელებისადმი, როდესაც ნდობას კარგავენ საკუთარი ხელმძღვანელებისადმი, შეიძლება ამ პროცესებს ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს სასჯელაღსრულების სისტემისთვის. ამიტომ, კარგი იქნება თუ მიხვდებიან რამდენად რთულ უწყებასთან არის საქმე და საბოლოოდ ასეთმა უაზრო გადაწყვეტილებებმა სისტემა არ მიიყვანოს კრახის წინაშე.

წარმოიდგინეთ, გუშაგები დღედაღამეს ათენებენ საგუშაგოებზე, ოფიცრები ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად ასრულებენ უფლებამოსილებას, ამ დროს მათი ორი წლის ხელფასს ხელმძღვანელობა ერთ დღეში იღებს ისე, რომ საშუალო დონის ჩინოვნიკებზე ხელფასები და პრემიები არც იყო გაცემული.

სხვათა შორის, შეხვედრა მქონდა სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელთან, ისინი აღშფოთებული არიან იმით, რომ დღე და ღამეს ათენებენ მუშაობაში, ელემენტარულად დღესასწაულებზეც კი არ იქნა მათთზე პრემია გაცემული, მაშინ, როდესაც ხელმძღვანელობა თავს აძლევს უფლებას და ლამის ორი წლის ხელფასს იღებს ერთ დღეში.

ეს ყველა სამინისტროში ხდება, გასაკუთრებით იმიტომ ვსაუბრობ სასჯელაღსრულებაზე, რომ ძალიან მძიმე ვითარება შეიძლება შეიქმნას, რადგან ძალიან რთული და ფაქიზი დეპარტამენტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთ სისტემაში გადაწყვეტილების დაყოვნებამ შეიძლება უმართავი პროცესები გამოიწვიოს.

უმართავ პროცესებში რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნას მართვის კუთხით. ხელმძღვალებმა თანამშრომლების თვალში დაკარგეს ავტორიტეტი. როდესაც ხელმძღვანელ მუშაკებს არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ, რა მორალაზე და რა უფლებამოსილების უკეთესად შესრულებაზე უნდა ესაუბროს მის თანაშმრომელს, რომლიც ორი წლის ხელფასს პრემიის სახით ერთ დღეში იღებს? ბუნებრივია, რომ რთული იქნება ამ კუთხით მუშაობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა სიღრმისეული რეაგირება.