როგორც ევროკომისარმა ხოსე მანუელ ბაროზომ განაცხადა, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ის, თუ როგორ მოხდება ეკონომიკის მოდერნიზაცია.
„აღნიშნული ხელშეკრულება არ გახლავთ სტანდარტული სახის ხელშეკრულება. ეს არის სრული წვდომა ევროპის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ბევრი რამეა თქვენზე დამოკიდებული, იმიტომ, რომ ხელშეკრულება ასევე გულისხმობს თქვენი ეკონომიკის მოდერნიზაციას, რომ თქვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ“, - განაცხადა ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, თუ არ იქნება რაიმე რთული პოლიტიკური მოვლენები, სხვა გართულებები, საქართველო შეძლებს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას და ეს ხელშეკრულება ევროპელ ინვესტორებს მისცემს იმის გარანტიას, რომ ინვესტიციები დაცულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს კანონის უზენაესობას.
„ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება“,- განაცხადა ბაროზომ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვამცნო რამდენიმე დღის წინ, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რასაც საქართველოს მოქალაქეები უშუალოდ იგრძნობენ, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება, რაც 2016 წლისთვის იქნება შესაძლებელი.
როგორც ექსპერტი ემზარ ჯგერენაია თვლის, პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესი იმოძრავებს თავისუფლად.
„ეს ნიშნავს, რომ უფრო ახლოს იქნება ევროპულ სტანდარტთან. ბიზნესს მეტი შანსი ექნება, აღმოაჩინოს ახალი კავშირები და ახალი პარტნიორები. გარდა ამისა, ბიზნესი ისწავლის, მაგალითად, როგორ იფუთება საქონელი ევროპისთვის, ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნახონ, როგორია შრომის ადგილობრივი პირობები. გარდა ამისა, განათლებისთვის შეიქმნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ჩვენი პედაგოგებიც კი ივლიან ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, - აცხადებს ჯგერენაია.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ერთადერთი, სიკეთე, რაც უვიზო რეჟიმის შემოღებამ შეიძლება მოგვიტანოს, ის არის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს გაუადვილდებათ საკუთარი ქვეყნის დატოვება.
„უვიზო მიმოსვლას მოჰყვება ის, რომ ამდენი უმუშევარი მიაწყდება საზღვარს, ლუკმაპურის შოვნის იმედით. ევროკავშირი იმიტომ არ არსებობს, რომ ადგე და შენი უმუშევრობა, შენი პრობლემები აქ მოიხსნა ტვირთიდან და სხვას გადაულოცო. ასე რომ, ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი, ამის ნეგატიურ მხარეს უახლოეს ორ-სან წელიწადში ვნახავთ“,- აცხადებს გიორხელიძე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ისედაც ბევრი ადამიანია წასული საქართველოდან სწორედ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მართლაც არ უნდა გამოირიცხოს მიგრაციის კიდევ უფრო გაზრდის საფრთხე, თუმცა, ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ ამ პრობლემას შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევხედოთ.
„სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობს, ევროპაში იმყოფება არალეგალურად. ეს ბევრ პრობლემას უქმნის მას. შემდგომი ნაბიჯი იქნება შრომითი მიგრაციის კანონის მიღება და ხელმოწერა ხელშეკრულების, რომლითაც მოქალაქეს უკვე თავისუფლად ექნება შესაძლებლობა, წავიდეს სამუშაოდ ევროპაში. ეს მისცემს ადამიანებს საშუალებას, რომ იქ ადამიანურ პირობებში იმუშაონ. მეტ ფულს მიიღებენ, მეტ გამოცდილებას და გამოცდილებით დაგვიბრუნდებიან საქართველოში. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან სოციალური პრობლემა გადაწყდება, ადამიანი დასაქმდება და ბევრ ფულს იშოვის. შრომით დისციპლინას შეეჩვევა და რაც უფრო მეტს ისწავლის, უფრო წაადგება საქართველოს“,- აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
იქნება თუ არა ასოცირების ხელშკრულება ბოლო გამოცდა საქართველოსთვის, ძნელი სათქმელია, რადგან ევროპული ოჯახის წევრობა მხოლოდ საშინაო დავალების წარმატებით შესრულებაზე არ არის დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ეტაპზე, ვერ შევთავაზებთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ და მომავალი გვაჩვენებს ყველაფერს, წინასწარ არ უნდა ვეცადოთ პროგნოზების გაკეთებას. ყველაფერი კი მაინც საქართველოზეა დამოკიდებული - იმაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის“, - განაცხადა ბაროზომ.
დემურ გიორხელიძე თვლის, რომ თუ მთავრობა ხელს არ გაანძრევს და უმოქმედოდ იქნება, ვერანაირი ასოცირების ხელშეკრულება ვერ უშველის ჩვენს ეკონომიკას.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შეუძლია, სარგებელი მოგიტანოს აუცილებლად, თუ შენ შენი ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროპული სახელმწიფოს აგებაზე მუშაობ. თუ შენ ვერ გაგიგია ევროპის ფასეულობები, მხოლოდ გაუკუღმართებული სახით გესმის და თვითმკვლელი პოლიტიკოსები თავს რომ უფლებას მისცემდნენ, ისეთ კანონებს იღებ, შედეგი იქნება უარყოფითი. გავა ორი-სამი წელი და ამ ასოცირების ხელშეკრულებიდან შედეგი იქნება ნულოვანი. შედეგი იქნება უფრო მეტად უარყოფითი, ვიდრე დადებითი“, - მიიჩნევს დემურ გიორხელიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რა სიკეთის მოტანა შეუძლია ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს ხელისუფლება თუ არ დაიზარებს, ალბათ უფრო მეტ ინფორმაციასაც გაუზიარებს საზოგადოებას.
„მთლიანობაში დოკუმენტი არაკითხვადია უბრალო მოქალაქისთვის, სანიტარიის კონტროლის გამკაცრებაზე შესაძლოა, მოქალაქემ ყურადღება არ გაამახვილოს, მაგრამ ლაპარაკია, რომ ვნერგავთ ევროპულ ნორმებს საქონლის წარმოებაში, იმპორტში, ექსპორტში და ა.შ. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის თანმდევი ხელშეკრულება, ინვესტორები უფრო მეტ საწარმოს გახსნიან საქართველოში და შეღავათიანი რეჟიმების გამო ადვილად გაიტანენ საქონელს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია - ქართველ მეწარმეებსაც ექნებათ თავიანთი პროდუქციის გატანის საშუალება. ეს ნიშნავს მათთვის წარმოების ზრდას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას. ეს იქნება გაზრდილი წარმოება, გაზრდილი ინვესტიციები და დასაქმების მეტი დონე“, - მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.
დემურ გიორხელიძე კი თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არ არის ევროპულ ოჯახში შესასვლელად და პირველ როგში ხელისუფლებამ საშინაო პოლიტიკას უნდა მიხედოს.
„ევროპული ცივილიზაცია, პირველ რიგში, განათლებაა, მეცნიერებაა, სახელმწიფო მოწყობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საკუთარი საზოგადოების მიმართ, გაწონასწორების და შეკავების მექანიზმებია, საჯაროობაა, კონტროლია, ანგარიშვალდებულებაა - სად არის, ეს ყველაფერი? - მანახეთ. ჯერ საშინაო პოლიტიკა გჭირდება, სტრატეგია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სასარგებლო. არაფერს აკეთებ და ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების მერე იბერია გაბრწყინდება?“- აინტერესებს დემურ გიორხელიძეს.
ასოცირების ხელშეკრულებაში არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე არ გატარდება და შემდეგ მთავრობა არ აღიარებს (როგორც წინა ხელისუფლების დროს მოხდა), რომ ზოგიერთი რეფორმა წარუმატებელი აღმოჩნდა, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ხელშკრულებაზე ხელმოწერა მართლაც ნიშნავს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას.
დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ უმოქმედობის პირობებში დადებითი შედეგების მიღება შეუძლებელია და ის არეალი, რაც დღეს არსებობს, აბსოლუტურად შეუსაბამოა ევროპული ტიპის სახელმწიფოსთვის, ამასთან, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კარგად არ ესმით, რას ნიშნავს დიდი ცივილიზაცია.
„არაფერს აკეთებ და ხელშეკრულება თავისთავად კარგს როგორ მოგიტანს, ეს არ მესმის. თუ რეფორმის გატარებას გაიძულებენ, ამ რეფორმებს სწორად ვერ გაატარებ. ჩვენ არ ვიცით, რანაირი სახელმწიფო გვინდა? ეს თუ არ ვიცით, შედეგი როგორ უნდა გვქონდეს?“ - მიიჩნევს გიორხელიძე.
ემზარ ჯგერენაია კი თვლის, რომ გარდა სრულმასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმებისა, ამ ქვეყანას სხვა გზა არ გააჩნია.
„ხალხი უკმაყოფილოა უმუშევრობით, მაგრამ აქ ერთადერთი გამოსავალი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაა, სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს, სამსჯელოც კი არ არის. რეალურად ერთადერთი რამ, რაც გვაძლევს შანსს, ეს არის ევროპასთან ინტეგრირება“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
დემურ გიორხელიძეს თქმით ჩვენ რაც გვინდა, ძალიან კარგად ვიცით და ევროპული ორიენტაცია არ არის შესაცვლელი.
„ეს ნიშნავს საქართველოში ქართულ კულტურაზე დაფუძნებული ტიპის სახელმწიფოს აგებას ყველა თავისი შემადგენელი ელემენტებით, რომელიც იოლად დაიმყნობა ქართულ კულტურაზე და არა ის გაუაზრებელი ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად აკეთებს. თუმცა ვერ გაიგებ სად არის ხელისუფლება და სად ოპოზიცია, ერთი ძალაა ისევ“, - აცხადებს გიორხელიძე.
როგორც ბაროზო გვპირდება, არის შანსი გაიბას ბიზნესკავშირები და მხოლოდ მიგრაციის დონე კი არ გაიზარდოს, არამედ საქართველოში დაინერგოს ბიზნესის კეთების ის კულტურა, რასაც ეფუძნება ევროპული, განვითარებული სახელმწიფოები. თუმცა დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ბიზნესკავშირების გაბმას ახლაც არ უშლის ხელს არაფერი.
„მეურნეობრიობის ის პირობები, რაც საქართველოშია, ბიზნესის განვითარების საშუალებას ჯერ არ იძლევა. თამაშის წესები არ შეესაბამება ევროპაში ჩამოყალიბებულ თამაშის წესებს და მთავრობაც, მთლიანობაში, ეკონომიკას განაგებს. იგი აკეთებს ბიზნესჯგუფების სტრუქტურირებას, ვიღაცას მხარს უჭერს, ვიღაცას - არა, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა, ამიტომ არ გვაქვს ეფექტური კერძო სექტორი, ამიტომაც არ არის შედეგები“, - მიიჩნევს გიორხელიძე.
მისივე შეფასებით საქართველოში არსებობს ყველანაირი რესურსი ფუნდამენტალური რეფორმების გასატარებლად და ეფექტური შედეგების მისაღებად.
„ამას სჭირდება სახელმწიფო პოლიტიკა, გონივრული სტრატეგია, მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება, რომ განხორციელდეს და შედეგი აუცილებლად იქნება. ჯერჯერობით, 22 წელია, მთავრობები შორს არიან ამისგან. საშუალო და მცირე ბიზნესები, რომელიც დასაქმების ფუნდამენტს წარმოადგენს მსოფლიოში, საქართველოში იგნორირებულია, ბედის ანაბარაა მიგდებული უზარმაზარი სფერო, რომელიც სულს ღაფავს და იმედი იმისა, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, არ ჩანს“, - აცხადებს გიორხელიძე.
ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ არჩევნების შემდეგ სტრუქტურული რეფორმები ნამდვილად დასაწყებია. მისი შეფასებით, რეფორმაში ორი რამ არის მთავარი, ხედვა და პოლიტიკური ნება.
„თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ვერც ერთ სფეროში ვერ გატარდება რეფორმა. ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს ბევრ სფეროში დავხვეწოთ საქმიანობა და ეს არის გარკვეული ჩარჩო ჩვენი მთავრობისთვისაც, რომ ევროპულ ყაიდაზე მოაწყონ მთავრობის მენეჯმენტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით, იმ ვალდებულებით, რომელსაც ვკისრულობთ, ვართ ევროპული ნორმის მატარებლები და რეფორმები იქნება უკვე გარდაუვალი. ევროპა გვაიძულებს, დავხვეწოთ მართვის ბერკეტები და უფრო მეტი რესურსი გამოვნახოთ რეალური რეფორმის გასატარებლად“, - თვლის ემზარ ჯგერენაია.
ხშირად ისიც ისმის, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ცოტა დროა გასული და ამ მთავრობას ვთხოვთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ვერ მოხერხდა ამ 20 წლის განმავლობაში. თუმცა დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეს ასე არ არის.
„არის ასეთი ნაცარქექიული მიდგომა, რომ ვაცალოთ, ბატონო. ისღა დაგვეჩენია, ჩვენც ნაცარქექიებად ვიქცეთ და ვიძახოთ ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთ“.