რაც არ ეპატიება ოქრუაშვილს, ეპატიება კაკულიას და ჯიქიას

რაც არ ეპატიება ოქრუაშვილს, ეპატიება კაკულიას და ჯიქიას

ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი კაკულია, დავით ჯიქია, - ამ სამ პიროვნებას კონკრეტული ქალაქების მერობის სურვილის გარდა კიდევ ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ცესკოში შეტანილ საჩივრებში აღნიშნულია, რომ სამივე მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უწყვეტად არ ცხოვრობდა - ირაკლი ოქრუაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთში იყო, ირაკლი კაკულია - ყაზახეთში, ხოლო დავით ჯიქია - დიდ ბრიტანეთში.

„მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“, - ეს კი ამონარიდია მოქმედი ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლიდან.

ცესკოს გადაწყვეტილებით გორის მერობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს რეგისტარცია 20 აპრილს შეუჩერდა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, საარჩევნო უწყების იმავე შემადგენლობის 20 მაისის გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია არ გაუუქმებიათ ფოთის მერობის კანდიდატის ირაკლი კაკულიასა და რუსთავის მერობის კანდიდატის - დავით ჯიქიასთვის.

ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას „ქართულ პარტიას“ წარმოადგენს, ირაკლი კაკულია და დავით ჯიქია კი სახელისუფლებო პარტიის - „ქართული ოცნების“ სახელით იყრიან კენჭს 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი კანონის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა, რადგან წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და დაბრუნდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ირაკლი კაკულიას შემთხვევაში იგივე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ კაკულიას ქვეყნის გარეთ ცხოვრების მიზეზი სამსახურებრივი მივლინება იყო, ხოლო, დავით ჯიქიას მიერ რამდენიმე თვით ქვეყნის დატოვების საფუძველი - განათლების მიღება.

ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ცესკო არის კოლეგიალური ორგანო და გადაწყვეტილებებს ხმების უმრავლესობით იღებს. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილება 9 ხმით იქნა მიღებული, ირაკლი კაკულიასა და დავით ჯიქიას შემთხვევაში კი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წინააღმდეგ ხმა ცესკოს 7-მა წევრმა მისცა.

„ცესკოს თავმჯდომარე ორივე შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა განკარგულებას, ანუ მან ხმა მისცა კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმებას. თუმცა 7-7 ხმით ეს განკარგულებები მაინც გავიდა და ორივე კანდიდატი - ფოთში ბატონი ირაკლი კაკულია და რუსთავში - ბატონი დავით ჯიქია დარჩნენ მერობის კანდიდატებად რეგისტრირებულები. უფლებამოსილ სუბიექტებს, რომლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ხედვა აქვთ, შეუძლიათ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში“, - განმარტავს ეკა აზარაშვილი.

საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე ცესკოს თავმჯდომარის ობიექტური პოზიციის არ სჯერა საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძის“ შტაბის უფროსს მამუკა კაციტაძეს. სწორედ, მისი ხელმოწერით შევიდა ცესკოში საჩივარი, რომლითაც არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსთავის მერობის კანდიდატის მიერ 6 თვით ქვეყნის დატოვების ფაქტზე მიანიშნებდა და საარჩევნო რეგისტრაციიდან მის მოხსნას ოქრუაშვილის შემთხვევის მსგავსად ითხოვდა.

„ცესკომ ერთმნიშვნელოვნად გაითამაშა სცენა, თითქოს, ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიონალთა მდგენელი ცესკოში, ჩვენი საჩივრის მხარეს იყვნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკოს მდივანმა სიტუაცია გადაწონა ხელისუფლების მხარეს, თან აღიარეს, რომ ოქრუაშვილის შემთხვევაში შეცდომა დაუშვეს და ამ შეცდომას არ გაიმეორებდნენ. უკაცრავად და ამ შეცდომის გამო რომ ოქრუაშვილი მოიხსნა არჩევნებიდან და მერობის კანდიდატი აღარ არის, ახლა, რა უნდა ქნას?! რა ვუშველოთ ცესკოს მხრიდან გამოვლენილ ორმაგ სტანდარტს, როცა ერთს ჩამოართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მეორეს და მესამეს - არა?“ - სვამს კითხვას მამუკა კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ცესკოს მიერ 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილება კანონის ორმაგი სტანდარტით გამოყენება იყო.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შტაბის უფროსი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის უფლება საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და მოქმედ კანონში არსებული შეზღუდვების საჭიროებაც არ არის, მაგრამ ვიდრე კანონი ამ სახით არსებობს, ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

„ახლა, უნდა ბრიუსელში წავიდეს ღარიბაშვილი, უნდა სხვა ქვეყანაში და ისაუბროს საარჩევნო გარემოს თანაბრობაზე. ამ ფაქტმა კიდევ ერთი ლუსტრაცია მოახდინა, რომ კანონი არის ტენდეციური ხელისუფლების სასარგებლოდ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა კაციტაძე.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი საკითხის შეფასებისას აქცენტს საარჩევნო გარემოს უთანაბრობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან ის კოლეგიალური ორგანოა და მოქმედი თამაშის წესები ამის საშუალებას იძლეოდა.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ მაინცდამაინც თანაბარი საარჩევნო გარემო არ არსებობს და მოგვყავდა მთელი რიგი არგუმენტები - საარჩევნო სიებით დაწყებული და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებით დასრულებული. სამწუხაროდ, არ შეცვლილა ეს გარემო: არ შეცვლილა არც საარჩევნო სისტემა და არც საარჩევნო დავების განხილვის წესი, არ გამკაცრებულა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციული მექანიზმები. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ჰყავს უმრავლესობა და, როგორც ჩანს, ამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ კანდიდატებს მხარი დაუჭიროს“, - განუცხადა For.ge-ს კახა კახიშვილმა.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის განმარტებით, დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილის პასიური საარჩევნო უფლება შეილახა. თავად ცესკოს რეპუტაციასთან დაკავშირებით კი ფიქრობს, რომ უწყების საქმიანობა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებით არ უნდა შეფასდეს, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოებას კითხვები აუცილებლად იქნება.

„საზოგადოება „ქართული ოცნებისგან“ ითხოვდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას, მაგრამ ხელისუფლებამ არ ისურვა ცვლილება და თავად შეუწყო ხელი კონკრეტული კითხვების გაჩენას“, - აცხადებს კახიშვილი.

არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, ცესკოს მიერ 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. „ცესკო უკვე ტენდენციურია, ახლა სასამართლოს მდგომარეობა გვაინტერესებს ამ თვალსაზრისით“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.