საქართველოს 13 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა. ვიზიტის დეტალები პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. შეხვედრაზე აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხებზე გაკეთდა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მოწოდებულია, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროკავშირთან საერთო მომავლის მშენებლობისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას და მის განუხრელ ვალდებულებას, გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.
„მომდევნო თვეში, 27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმატებული განხორციელების მომზადებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უვიზო რეჟიმის განხორციელების სწრაფი წინსვლა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას.
„ბოლო ხანებში საქართველომ სტაბილური პროგრესის დემონსტრირება მოახდინა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით და ის მოწოდებულია უახლოეს თვეებში დაასრულოს ამ პროცესისათვის აუცილებელი რეფორმები. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განზრახვას, გაუზარდოს საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის „მეტი მეტისათვის“ პრინციპის შესაბამისად. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეტად შემაშფოთებელი ვითარება უკრაინაში და შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება ქვეყანაში სტაბილურობისა და ერთიანობის აღდგენის ძალისხმევის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პრემიერმა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზეც ისაუბრა.
„საქართველო ასევე სერიოზულად ეკიდება საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. ავღანეთის მისიაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ევროკავშირს კონფლიქტების პრევენციის მისიებში ევროპის საზღვრებს მიღმა. ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. რომ დავაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროკავშირთან საერთო მომავლის მშენებლობისათვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასევე მტკიცედ ერთგულია პოლიტიკური ასოცირებისა და საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის.
„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ისტორიული ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში. ეს გახლავთ ინვესტიცია მომავალში, რომელიც საქართველოს საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, რომელიც მოახდენს ეკონომიკის ტრანსფორმირებას, გახსნის ბაზრებს, გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, შექმნის ეკონომიკურ საშუალებებს, რომ აყვავებული მომავალი შეექმნას საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მან ასევე გამოხატა ევროკომისიის მხარდაჭერა ძირითადი პოლიტიკური სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით.
ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარებამ მრავალმილიარდ ევროს მიაღწია და 2014-2017 წლის გეგმების მხარდაჭერის სამუშაო მიმდინარეობს.
„მოხდა 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის დაანონსება, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებასთან. ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდაჭერის გამოხატულება ეს გახლავთ დაფინანსების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მე და პრემიერ-მინისტრმა. ეს არის 19 მილიონი ევრო, რომელიც უკეთესი მმართველობისთვის არის მიმართული“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბაროზომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაპირება მისცა ევროპას, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულებაზე. მისი თქმით, დამოუკიდებელ ქვეყნებს გააჩნიათ უფლება, მოაწერონ ხელშეკრულებას ხელი ისეთ პარტნიორებთან, ვისთანაც სურთ - ეს უმარტივესი ფორმულაა.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ჩვენ თანამოაზრეებს განვუცხადეთ შეხვედრებზე, რომ ნამდვილად არ ვართ დაინტერესებულები ამ ურთიერთობების გაუარესებით. ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს პატივს უნდა სცემდეს. უკრაინას უფლება აქვს მოაწეროს ჩვენთან ხელშეკრულებას ხელი, ისევე, როგორც საქართველოს. რუსეთს გააჩნია უფლება სხვა მხარეებთან გააფორმოს ხელშეკრულებები, ამას ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით და ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ 21-ე საუკუნეში არ შეიძლება კონფრონტაციის, ცივი ომის ლოგიკის გამოყენება, გავლენის სფეროების გადანაწილების მიდგომები.
უკრაინის ბოლო მოვლენებამდე პრეზიდენტი პუტინი ბრიუსელში იმყოფებოდა ვიზიტით და მე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა განვუცხადეთ ნათლად და გახსნილად პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ ველოდებით, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოსთან ვამზადებთ და მან მოგვცა დაპირება, რომ ასე არ მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი სრულად სცემს პატივს საქართველოს სუვერენულ უფლებას, გააფორმოს ხელშეკრულება ევროკავშირთან“, - დასძინა ბაროზომ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შესთავაზებენ, მაგრამ შესთავაზებენ მაქსიმალურ დაახლოებას. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება არ არის სტანდარტული სახის ხელშეკრულება. ეს არის ეკონომიკური ინტეგრირებისა და პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულება - სრული წვდომა ევროპის ბაზარზე, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში.
„ძალიან ადვილია გავიგოთ, რომ მცირე თუ მსხვილი ბიზნესისთვის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ქართულ ბაზარზე გათვლის გაკეთება, რომელიც შეზღუდულია, რადგან დიდი ქვეყანა საქართველო არ გახლავთ, არამედ ჰქონდეს წვდომა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ადაპტაციის პერიოდი უნდა იყოს გავლილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, ვინაიდან ეს ასევე გულისხმობს თქვენი ეკონომიკის მოდერნიზაციას, რომ თქვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. მაგრამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, გქონდათ ძალიან მაღალი მიზნები დასახული, რასაც აღწევდით და თუ არ იქნება რთული პოლიტიკური მოვლენები, რაღაც სხვა გართულებები, დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველო შეძლებს ეკონომიკური პროგრესის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ბაროზომ.
ბაროზომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის და ყველაფერი დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს. ბაროზოს თქმით, ის ახლა 10-წლიან მანდატს ასრულებს. 10 წლის წინ ევროკავშირს სულ 15 წევრი ჰყავდა და ამ პერიოდში მათი რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ბაროზოს თქმით, მომავლის პერპექტივები გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ეტყვის ქართულ მხარეს და ჯერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზეა დამოკიდებული.
ბაროზოს ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეპლიკით უპასუხა.
„და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 29-ე წევრი გავხდეთ ევროკავშირის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.