საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინ, რუსეთის მხრიდან მკვეთრ პროვოკაციებს არ ელოდება. საქართველოს საგარეო მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის ყველა ძირითადი ბერკეტი ამ ეტაპზე უკვე გამოყენებული აქვს, ახალი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში კი, მათ აღმოფხვრას ქართული მხარე საერთაშრისო მხარდაჭერით შეეცდება.
ფანჯიკიძესგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხებზე გააკეთა განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისი თქმით, სახეზეა რაოდენ დიდი ზეწოლა მოახდინა რუსეთმა მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. აქედან გამომდინარე რასმუსენი არ გამორიცხავს, რუსეთმა ზეწოლა განახორციელოს საქართველოსა და მოლდოვაზე.
„ჩემი მოსაზრება ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც უკვე გვაქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდი ზეწოლა მოახდინა რუსეთმა მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აპირებენ. ამიტომ, ვფიქრობ, შესაძლოა, ჩვენ ეს ვიხილოთ მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაშიც იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესს ასრულებენ. არ ვიცი, კონკრეტულად რა სახის ზეწოლას მოახდენს რუსეთი და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს, მაგრამ თუ გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ეს შეიძლება იყოს გაზის ფასები, გაზის მიწოდება, სავაჭრო შეზღუდვები.
ასევე ამ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით და კონფლიქტების გაღვივებით დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი მზად არის, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ არ ისწრაფვოდნენ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ რასმუსენმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რაც რეგიონში არსებობს.
„გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რაც რეგიონშია. ბუნებრივია, ყველა ვთანხმდებით, რუსეთის გარდა, რომ მიმდინარე მოვლენები არის პირდაპირი ხელყოფა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესრიგის, რომელიც დადგენილი იყო.
რუსეთის ფედერაცია სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ჩვენი გზა არის ერთადერთი - გავხდეთ რაც შეიძლება სწრაფად კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, ნატო-ს წევრი და ამ კუთხით საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, შესაძლებლობების მაქსიმუმს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს ჯარი პრაქტიკულად უკვე არის ნატო-სთან თავსებადი და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალ სამიტზე ადეკვატურად აისახება.
„ჩვენი ჯარი, შემიძლია გითხრათ, პარაქტიკულად არის ნატო-სთან თავსებადი და ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების. მომავალ სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება ადეკვატურად ასახული. რაც შეეხება თავდაცვით ჩვენს შესაძლებლობებს, ეს დღის წესრიგში დგას და რასმუსენმა დღესაც აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ როდესაც ნატოს გენერალური მდივანი ღიად საუბრობს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე, ამ სიტუაციაში ეს ქვეყნისთვის კარგია. როგორც გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, საქართველო ამ საფრთხის თაობაზე დიდი ხანია საუბრობს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როდესაც პარტნიორ ქვეყნებს ადეკვატურად აქვთ აღქმული ის ვითარება და რეალობა რაც დღეს არის საქართველოში და საქართველოს ირგვლივ.
„როდესაც ამაზე უკვე ლაპარაკობს ნატოს გენერალური მდივანი, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს იმისათვის, რომ ეფექტურად ამოქმედდეს პრევენციის მექანიზმი, რათა აღნიშნული საფრთხეები არ განხორციელდეს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მათი განხორცილების საფრთხეები არ იყოს დიდი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა და მიდგომები არ იცვლება. ზეწოლის ის მექანიზმები, რომელსაც ის ახორციელებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ისედაც ცნობილია.
უბრალოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საკითხზე სრული ურთიერთგაგება გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან. როდესაც ამას აცხადებს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა“, - აცხადებს ფხალაძე.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან პრევენციის საერთაშორისო მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ემსახურება ის მაღალი ვიზიტებიც, სადაც ყველა ფორმატში იქნა განხილული უსაფრთხოების თემა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა.
„როგორც იქნა უფრო რეალისტურად გადახედეს არსებულ საფრთხეებსდა ახლა დიპლომატიურ ტერმინოლოგიას კი არ ეფარებიან, არამედ რეალურად ხედავენ, რომ რუსეთი ნებისმიერ ავანტურაზე შეიძლება წავიდეს. ეს აჩვენა და დაადასტურა არა მარტო 2008 წლის ომმა, არამედ აჩვენა უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა და დაარწმუნა ყველა, რომ რუსეთისგან საფრთხე ძალიან დიდია და გაცილებით უფრო ფუნდამენტურად უნდა მოემზადოს თავისუფალი სამყარო. თუ ამ განცხადებებს კონკრეტულ მხარდაჭერასაც დაამატებენ, მაგას რა ჯობია, რომ როგორმე გავიართო ეს ეტაპი, რადგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავა.