საქართველოში ჯერ არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა, სადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები თვალშისაცემი არ ყოფილიყო. განსაკუთრებით აპრობირებულია საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი ზრდა წინასაარჩევნო პერიოდში. გამონაკლისი არც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც უკვე შეიმჩნევა საბიუჯეტო სახსრების რეგიონებში გადასროლის ფაქტები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ზედ არჩევნების წინ, თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების 46-ჯერ გაზრდა, 3 მილიონი ლარიდან - თითქმის, 140 მილიონ ლარამდე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვია საქართველოს მთავრობამ ბათუმის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა; ფოთში შეწყვეტილი ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება; „ლიბერთი ბანკის“ მოვალეების შეუსრულებელი ვალდებულებების აჭარის ბიუჯეტიდან დაფარვა; მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა და ა.შ.
„არის შემთხვევები, როცა არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ან შემდგომ შედის ცვლილებები ბიუჯეტებში, იწყება ახალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები და ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი 2 914 241 ათასი ლარი 137 073 290 ლარით გაიზარდა და საბოლოოდ, თვითმმართველობებისთვის 139 987 531 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ ახლახან, 2014 წლის 10 აპრილს მიიღო. გაზრდილ თანხას 57 მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად მიიღებს.
არც საქართველოს მთავრობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს არ ეთანხმება. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, რომელიც კოალიციაში „სოციალ-დემოკრატებს“ წარმოადგენს ამბობს, რომ ქვეყანაში არაფერი მსგავსი წინასაარჩევნოდ არ ხდება.
„თუ სადმე დარღვევების კონკრეტული შემთხვევებია, ცხადია, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. მაგრამ, ზოგადად - ასეთი სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო საქართველოში არ ყოფილა“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.
საქართველოს ვიცე-პრემიერის კახი კალაძე კი ამტკკიცებს, რომ მთავრობა ადგილობროვი თვითმმართველობის არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს.
„ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც სანიმუშო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ასეთივე იქნება მომავალი თვითმმართველობის არჩევნები. პირობას გაძლევთ, ჩვენ არ გვჭირდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – განაცხადა კახი კალაძემ.
ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევლოდ გამოყენებაზე სოლიდური ჯარიმა და რიგ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობაცაა განსაზღვრული. თუმცა, ეს მიდგომა, შესაძლოა, უმალ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ამოქმედდეს, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პარტიისა თუ მოხელეების მიმართ.
მაგალითად, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე შეიძლება 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს. საქმე ეხება ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ცესკოში შეტანილ საჩივარს. ორგაზაციის წევრებმა გააპროტესტეს ის, რომ თბილისი მერობის კანდიდატის ნიკა მელიას სასარგებლოდ, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საინფორმაციო სააგენტოებს კანდიდატის წინსაარჩევნო კამპანიის შესახებ წინასწარ ინფორმაცია გაუგზავნა.
ცესკოს საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეკა არაზაშვილი აცხადებს, რომ ცესკომ უკვე შეადგინა ადმინისტრაციაულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც ასევე გადაგზავნილია სასამართლოში. იგი ეხება მერის ხელმძღვანელი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საბოლოო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს.