ყველაზე ექსცენტრულის ყველაზე ჩვეულებრივი სიკვდილი

ყველაზე ექსცენტრულის ყველაზე ჩვეულებრივი სიკვდილი

შარშან, წლის მიწურულს, როკ-სამყარომ უდიდესი დანაკლისი განიცადა: 1993 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა თანამედროვე როკის ექსცენტრული იმპერატორი - ფრენკ ზაპა.

ძალიან დიდია ამ საოცარი კომპოზიტორისა და მუსიკოსის ღვაწლი თანამედროვე კულტურაში. შეუძლებელია მისი შემოქმედების რომელიმე კონკრეტული მუსიკალური სტილის ჩარჩოებში მოქცევა. 25-ზე მეტი წლის წინ, მისი ჯგუფის, Mothers of  Invention-ის პირველი ალბომის გამოსვლისათვის მისი მუსიკა წარმოადგენდა სხვადასხვა სტილის კოლაჟს, რომელიც მოიცავდა ბლუზს, სოციალურ სატირას, კლასიკურ მუსიკასა და ავანგარდულ რიტმს.

ერთ დროს, როცა ზაპა ინტერვიუებში თავს ესხმოდა მთავრობას, იგი მიიჩნეოდა საფრთხობელად საშუალო ამერიკელისთვის, აღიზიანებდა მათ თავისი სიმღერების ორაზროვანი ტექსტებითა და კონცერტების მსვლელობისას უცენზურო გამოთქმებით. მის მიერ შექმნილი უცნაური საკონცერტო სანახაობისა და ფანტასმაგორიული კომპოზიციების მიღმა კრიტიკოსებმა ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

რა თქმა უნდა ზაპას ეყო წარმოსახვა და უნარი, თავი დაეცვა მტრულად განწყობილი კრიტიკისაგან და მიუხედავად იმისა, რომ მის ჯგუფში ბევრი მუსიკოსი იცვლებოდა, ის აგრძელებდა შთამბეჭდავი ჩანაწერების გამოშვებას. წლების შემდეგ ზაპა იქცა უდიდეს გიტარისტად და კომპოზიტორად, გახდა რესპექტაბელური პიროვნება და დიდი გავლენის მუსიკოსი, მაგრამ ცინიზმი და მახვილსიტყვაობა არ დაუკარგავს.

ფანტასტური იყო მისი შრომისუნარიანობა: გამოუშვა 40-მდე ალბომი. ორკესტრისა და და გუნდისათვის შექმნა 33 კომპოზიცია, დაწერა მუსიკა ოთხი ბალეტისთვის, რამდენიმე ფილმისა და სატელევიზიო სერიალისთვის. გარდა ამისა, ზაპას ეკუთვნის წიგნები მუსიკაზე, პოლიტიკაზე, უბრალოდ ცხოვრებაზე.

მსოფლიო როკმა თავისი ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში უამრავი ჩინებული მუსიკოსი დაკარგა. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ როკ-ვარსკვლავები კვდებიან ნარკოტიკების უზომო მოხმარების გამო, იღუპებიან ავტო და ავიაკატასტროფებში, თაყვანისმცემლის ტყვიით ან თუნდაც, შიდსით.

ალბათ, მკრეხელობაა ამის თქმა, მაგრამ როკის ყველაზე უკომპრომისო, ავანგარდულად მოაზროვნე პიროვნება - ფრენკ ზაპა - თავის კოლეგებთან შედარებით ორდინალურად გარდაიცვალა: მძიმე და უკურნებელი სენით - სიმსივნით.

მშვიდობით ფრენკ...

ბიძინა მაყაშვილი