კვლავ ანტიზვიადიზმზე

კვლავ ანტიზვიადიზმზე

ჩვენ ერთ-ერთ წერილში აღვნიშნეთ, რომ ანტიზვიადიზმი ცნობიერების ისეთივე საშიში სენია, როგორც ზვიადიზმი.

იძულებულნი ვართ კვლავ დავუბრუნდეთ ამ არცთუ სასიამოვნო თემას.

როგორც ეტყობა, საქართველოში ანტიზვიადიზმით ბატონ გამსახურდიას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე მეტად პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთი წარმომადგენელი „იტანჯება“. იმდენად ძლიერია მათი სურვილი პრეზიდენტის სახელის წაღმა-უკუღმა ტრიალით თავის გამოჩენისა, რომ თავადვე ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში.

მოვიტან ორ მაგალითს.

გაზეთ „ერთობის“ ერთ-ერთ ბოლო ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ქალბატონ ირინა სარიშვილთან. ინტერვიუ ქალთა დღესთან იყო დაკავშირებული და ძირითადად, ქალბატონ ირინას პიროვნების უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.

მაგრამ კორესპონდენტმა, სჩანს, ვერ გაუძლო ცთუნებას, მის წინ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე რომ იყო და ნერვებმა უმტყუნეს. შუა საუბარში, არც აცია, არც აცხელა და, როცა ი. სარიშვილი ყვებოდა, უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრეო, - მოულოდნელად შეაგება: როგორც ზვიად გამსახურდიამო?

შეკითხვა, რა თქმა უნდა, რესპოდენტის „ასალაპარაკებლად“ იყო გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წამოჭრა სრულიად ულოგიკო იქნებოდა, რადგან აღნიშნული ფაკულტეტი ბ-ნი ზვიადის გარდა, არა ერთმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა.

ქალბატონი ირინა მიხვდა ჟურნალისტის ოინებს, „თავი მოიზღუდა“, მოკლედ მიუგო „ჰო“ და სხვა თემაზე მოხერხებულად გადაიტანა სიტყვა.

მეორე მაგალითი საქართველოს ტელევიზიიდანაა.

საინფორმაციო პროგრამა „მაცნე“ დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მისმა წამყვანმა უცნაური საპირველაპრილო ხუმრობა შესთავაზა მაყურებლებს. მასში, კერძოდ, საუბარი იყო რაღაც გვირაბზე, გროზნოდან ჰააგამდე რომ გაჰყავდათ და ვერ გაიყვანეს. შიგადაშიგ უჩვენებდნენ კადრებს ქართული ფილმიდან „საბუდარელი ჭაბუკი“ და კიდევ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც გაფუჭებული პატეფონივით იმეორებდა: ჩამოვა ზვიადი და კანონიერებაც აღსდგებაო...

მიუხედავად იმისა, რომ სახეგაბადრულმა დიქტორმა გულმოდგინედ, მთელი თავისი არტისტიზმით წაიკითხა სათანადო ტექსტი, კაციშვილი ვერ გაიგებდა, თუ რა სუფრაზე მოსატანი იყო ეს „ხუმრობა“, ან საერთოდ რა ეხუმრებოდა იმ გადაცემის წამყვანს, რომელმაც მალთაყვაში შეიარაღებულ შეტაკებასა და ქართველების მიერ ერთმანეთის დახოცვის შემზარავი ამბავი ამცნო ქვეყანას.

ასეთი მაგალითების მოხმობა კიდევ მრავლად შეიძლება. მაგრამ, ვფიქრობთ, ვისაც გაგება უნდა ისედაც მიხვდება, რომ არის საკითხები, რომელთა შესახებ წერას და საუბარს დიდი ტაქტი და სიფრთხილე სჭირდება.

კობა ლიკლიკაძე