დეპუტატებს ხელფასები ეზრდებათ

დეპუტატებს ხელფასები ეზრდებათ

მომავალ წელს, შესაძლოა, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები გაიზარდოს.

რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში 2016-2018 წლების პარლამენტის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები შევიდა, რომლის მიხედვითაც, უწყების 2015 წლის ბიუჯეტი 5 პროცენტით იზრდება.

დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის გეგმა ბიუჯეტის 54 მლნ 695 ათასი ლარამდე გაზრდა იგეგმება, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა 840 ადამიანით განისაზღვრება.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ამ მოცულობით შესაძლებლობა არის, რომ ხელფასების ზრდა მოხდეს.

მისი თქმით, თუ რამდენით გაიზრდება აპარატის თანამშრომლებისა და დეპუტატებიც ხელფასები, ამ დროისთვის უცნობია.

„მომავალი წლის ბიუჯეტის ზრდა 5 პროცენტზეა გათვლილი. ანუ, ბიუჯეტი 2 მლნ 600 ათასი ლარით იზრდება. ამ თანხიდან 2 მლნ 300 ათასი განისაზღვრა სახელფასო ფონდში, 300 ათასი კი სხვა ხარჯებისთვის. საუბარი არ არის მხოლოდ დეპუტატების ხელფასების ზრდაზე, არამედ აპარატზეც. ამ დროისთვის, უცნობია რამდენით გაიზრდება ხელფასები, მაგრამ არ გვაქვს ვალდებულება, რომ ამ ეტაზე, ზრდის რაოდენობა დავაკონკრეტოთ“, - აღნიშნავს კობახიძე.

ვიცე-სპიკერის მოსაზრებით, შესაძლოა, მომავალ წელს, პარლამენტში შტატებიც გაიზარდოს.

„ამ თანხაში მოვიაზრებთ შტატების გაზრდის შესაძლებლობასაც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გვთხოვს, რომ მოწვეულ სპეციალისტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. მსგავს დღეშია სხვა კომიტეტებიც. საკმარისი შტატები არ არის და კომიტეტები მუდმივად მოწვეულ სპეციალისტზე არიან დამოკიდებულნი“, - აღნიშნავს დეპუტატი.

კობახიძის განცხადებით, პარლამენტი იმ პარამეტრებში ჩაჯდება, რაც 5 პროცენტიანი ზრდით იქნება შესაძლებელი.

„აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრების ხელფასებს თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ სხვაობა არის. ეს სწორი მიდგომა არ არის, ისევე როგორც ის, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე მეტი ხელფასები სამინსიტროებში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ. არსებული მდგომარეობა გარკვეულ ცვლილებას საჭიროებს“, - აღნიშნავს კობახიძე.

რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, პარლამენტის ბიუჯეტის 2016 წლის გეგმა - 57 430 400 ლარით განისაზღვრება, 2017 წლის 60 მლნ 302 ათასი ლარით, ხოლო 2018 წელი - 63 317 100 ლარით.

აღნიშნული პარამეტრები პარლამენტში გასულ კვირას შევიდა და მასზე კანონმდებლები თვითმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით, უწყებამ ერთ თვიანი ტაიმ-აუტი აიღო.