თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. for.ge-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიიდან წავა, მას უკან გაჰყვებიან - ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, პავლე კუბლაშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, გოგა ხაჩიძე და ლევან ბეჟაშვილი.
როგორც ჩვენთან საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, გუნდში „რადიკალური“ და „ნეიტრალური“ ჯგუფები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. მისი თქმით, „რადიკალურ“ ჯგუფში ბოკერია-უგულავას თანამოაზრეები შედიან, ზემოთ აღნიშნული პირები კი ბაქრაძის გუნდში მოიაზრებიან.
„იმ შემთხვევაში, თუ ბაქრაძე პარტიიდან წავა და ახალ პარტიას დააფუძნებს, რა თქმა უნდა, მას გავყვებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბარში ერთ-ერთმა ნაციონალმა.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია დგას თუ არა დაშლის საფრთხის წინაშე, for.ge-მ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პარლამენტის ექს სპიკერ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა?
- პარტიის დაშლაზე საუბარი არანარი ფორმით არ არის. პარტიის რეფორმირებაზე მსჯელობა მიდის და ერთი წელია, რაც საარჩევნო პროცესებს სრულიად ახალი პრინციპით ვხვდებით. ყველა რაიონში კანდიდატები პრაიმერის შედეგად შევარჩიეთ. ეს გარეშე თვალისთვის ნაკლებად ჩანს, მაგრამ შიგნით დიდი სამუშაო გატარდა, რომ პარტია შეცვლილიყო და ისეთ ორგანიზაციად გარდაქმნილიყო, სადაც საკუთარ ბედს ყველა რაიონი თავად წყვეტს. მომავალში, ახალი და საინტერესო სახეების მოზიდვა და წინ წამოწევა მოხდება. მართალი გითხრათ, დაშლაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ყველაზე კრიზისული პერიოდი უკვე გადავიტანეთ და პარტია გაძლიერებისთვის იბრძვის. ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩამოვაყალიბე, როდესაც განვაცხადე, რომ მიუხედავად იმისა ვეთანხმებოდი თუ არა რიგ საკითხებს, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პასუხისმგებლობას იმაზე ვიღებდი, რაც პარტიაში ხდებოდა. ამას ჩემი ადამიანური სინდისი და პასუხისმგებლობა მკარნახობს. მხარდამჭერებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება პოლიტიკოსმა გააკეთოს, პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. არასოდეს გავქცეულვარ, არც ახლა ვაპირებ გაქცევას ან ისეთი ფორმების მოფიქრებას, რომელიც საშუალებას მომცემს რაღაციდან გვერდზე გავიწიო. მიმაჩნია, რომ ეს უპატიოსნო საქციელია. პარტია ერთიანი იქნება და მე ამ ერთიანობის ნაწილი ვიქნები. გუნდში ხილული ცვლილებები იქნება, განსაკუთრებით კი, არჩევნების შემდგომ პერიოდში.
გუნდში ყველაზე მაღალი რეიტინგი გაქვთ. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების დაახლოებით 60 პროცენტს, „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე არ ეხატება, თქვენი კარიერის გადარჩენის მიზნით, თქვენს გეგმებში ახალი პარტის დაფუძნება არ შედის?
- ჩემთვის ამოსავალი წერტილი საკუთარი კარიერა არასოდეს ყოფილა. არც ის, თუ რას შეიძლება პირადად მივაღწიო. ადამიანი, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ მთავარია არა პრივილეგიები, არამედ პასუხისმგებლობა. ჩემი მიზანია, ადამიანებს არ ვუღალატო და მათთვის თვალებში შეხედვის არ შემრცხვეს. ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ვარ, რომ ეს პარტია იყოს უკეთესი და ნაციონალების სახით ქვეყანას უფრო პროფესიონალი, შეცდომებზე ნასწავლი და გაზრდილი პოლიტიკოსები ჰყავდეს. ჩემთვის პოლიტიკაში პასუხისმგებლობაა მთავარი და არა მომენტის მოძებნა და ის, პიროვნულად თუ რა იქნება ხელსაყრელი. პიროვნული მომენტები რომ მეძებნა, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზციაში გადასვლის შემდეგაც, საკმარისი რაოდენობის მომენტები მექნებოდა, რომ გადაწყვეტილებები მიმეღო, მაგრამ ეს შეგნებულად არც გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ჩემს მხარდამჭერებს ვერ და არ ვუღალატებ.
ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ მხარდამჭერებს ვერ უღალატებთ და პარტიას არ დატოვებთ, მაგრამ თქვენი გუნდის რიგი წევრები საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს და ეს საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა. მართალია, თქვენ გაწონასწორებული პოლიტიკოსი ბრძანდებით, მაგრამ იმ ადამიანების გვერდით ყოფნა რამდენად მარტივია თქვენთვის, რომელთაც ადამიანების წამებასა და ქონების წართმევაში ადანაშაულებენ?
- პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობა ადვილი არასოდეს არ არის. არც მაშინ იყო, როცა ხელისუფლებაში ვიყავით და არც ახლა. ერთ პოლიტიკურ პარტიასაც ვერავინ დამისახელებს, სადაც საქმიანობა ადვილია. ყველა პარტიაში განსხვავებული ადამიანები არიან. ზოგს უკეთესად უგებ, ზოგს მეტ-ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ ვერ უგებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, პარტია არის პარტია, ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა და ასეთ პირობებში იმუშაო. რთული მომენტი გავიარეთ, როცა ოპოზიციაში გადავინაცვლეთ. შეიძლება, ამ მომენტს პარტია დაენგრია. ოპოზიციაში გადასვლას ვერცერთმა წინა სახელისუფლებო პარტიამ ვერ გაუძლო. ცვლილებას მხოლოდ „ნაციონალურმა პარტიამ“ გაუძლო, რადგან ქვეყნის განვითარების საერთო ხედვაზე იყო საუბარი. კრიზისული მომენტი გადაილახა. განსხვავებული ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არსებობენ და სხვა პარტიებშიც.
თქვენს გუნდში თქვენი თანამოაზრე, ახლო მეგობარი ვინ არის?
- მას არ დავასახელებ, იმიტომ, რომ ამას შემდგომ ჭორები და ინტერპრეტაციები მოჰყვება. ამ გუნდში პირადი მეგობრებიც მყავს. ზოგთან კრიზისული მომენტის დროს, 24 საათი გამიტარებია. გუნდში პირადი მეგობრები და საქმიანი თანამებრძოლები მყავს, მაგრამ ჩემს გუნდზე არასოდეს ვისაუბრებ. შეიძლება, რომელიმესთან არც თუ ისე ახლო პიროვნული ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ის ჩემთან ერთად მებრძოლი იყოს.
რა როლი ითამაშა დავით ბაქრაძემ პარტიის გადარჩენაში?
- ჩემს როლზე საუბარი არ მინდა. საპრეზიდენტო არჩევნები რთულ და კრიზისულ პერიოდში ჩაატარდა და ვფიქრობ, რომ ღირსეული შედეგი ვაჩვენეთ. ჩემზე ხაზგასმით საუბარი არ მინდა, რადგან ვიცი, რომ ჩემს წარმატებაში ათასობით ადამიანის შრომა იყო ჩადებული.
თქვენს როლს რომ დავანებოთ თავი, საზოგადოების ნაწილი „რესპუბლიკელებს“ იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ განაცხადეს, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია უნდა გადარჩეს...
- ნაციონალების დიდ სიყვარულს „რესპუბლიკურ პარტიას“ ვერ დააბრალებთ. უბრალოდ ამ ადამიანებს, ესმით, რომ წაგებული პარტია არ უნდა გაქრეს და პოლიტიკური ასპარეზიდან არ წავიდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ. ერთ დღეს, როცა „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს და ეს დღე აუცილებლად დადგება, „ოცნებას“ ზუსტად ასე დავიცავ, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არ გაქრეს და როგორც პოლიტიკურმა ძალამ გააგრძელოს მუშაობა.
ხელისუფლებაში დაბრუნების პროგნოზი გაქვთ? რამდენი წელი დასჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობა დაიბრუნოს?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნებას რამდენად მოვახერხებთ. სამწუხაროდ, მთავრობა იმედების რეალიზებას ვერ ახერხებს, რითაც ისინი აირჩიეს. მართალია, დაპირებების ნაწილი თავიდანვე არარეალისტური იყო, მაგრამ მოლოდინების ნაწილი რეალისტური იყო და სამწუხაროდ, მთავრობამ ელემენტარული იმედებიც ვერ გაამართლა. ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულება ან იგივეა, ან გაურესებულია, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ხელისუფლებას შანსები უფრო და უფრო ნაკლები მომავალ არჩევნებზე ექნება. „ქართული ოცნებისთვის“ შედარებით კომფორტული ბოლო არჩევნები იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი პლუსიც აქვს და დიდი მინუსიც. მინუსია ის, რომ არასწორი ნაბიჯებით ვიარეთ, მაგრამ მოსახლეობას უნდა დავანახოთ, რომ ვართ ძალა, რომელმაც შეცდომებზე ისწავლა და მომავალში შეცდომას აღარ დაუშვებს. თუ ადამიანი ხელს დაიწვავ, იმას მეორედ აღარ ეხები. ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ და მეორეჯერ იმას აღარ შევეხებით, რამაც ხელი დაგვწვა. თუ რომელიმე ძალაა, რომელიც შეცდომებს არ გაიმორებს, ჩვენ ვართ, რადგან იმ შეცდომები ყველაზე მწარედ ჩვენ მოგვხვდა. პლიუსია ის, რომ 9 წლის მანძილზე ქვეყანა წინ წავიყვანეთ. ის რასაც ახალი მთავრობა ხსნის, ან ჩვენი აშენებულია, ან ჩვენს მიერ დაწყებულია. რეკლამებს რომ ვუყურებ და ამბობენ, რომ „ასე შენდება ქვეყანა“ მეღიმება. ააშენონ და გააკეთონ, მაგრამ იმას ნუ დაკარგავენ, რაც 9 წლის მანძილზე გაკეთდა. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც საქმის გაკეთება და ეკონომიკის განვითარება შეუძლია. თუ ერთად ავიღებთ კომბინაციას - რა ვისწავლეთ, რაზე დავიწვით ხელი და რას არ გავიმეორებთ, მაშინ ვიქნებით ის ძალა, რომელიც მოსახლეობის ნდობას დაიბრუნებს. მოსახლეობის ნდობაზე უნდა ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ, ხოლო რაც ვერ გავაკეთეთ, მასზე გულახდილად ვილაპარაკოთ და დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების ალტერნატივა.
„ნაციონალური მოძრაობა“ როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში ზუსტი პროგნოზი არ გაქვთ, მაგრამ თქვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აპირებს პოლიტიკურ ფლანგზე შემოსვლას?
- მიხეილ სააკაშვილის განზრახვას თუ დავეყრდნობით, მან თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული და ჯერჯერობით დაბრუნებას არ აპირებს. მის სამომავლო გეგმებზე კი, მეტი სიზუსტით ვერ გესაუბრებით.
რაც შეეხება თვითმართველობის არჩევნებს, მეორე ადგილისთვის ბრძოლა ნინო ბურჯანაძის გაერთებასთან მოგიწევთ, რა მოლოდინი გაქვთ?
- სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან საარჩევნოდ რამდენიმე კანდიდატი დაპატიმრებული გვყავს. პრობლემების მიუხედავად პოტენციალი გვაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გავაუმჯობესოთ. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება. ადამიანების იმედები უიმედობაში გადაიზარდა და ადამიანების დიდი ნაწილი ორი წლის თავზე არა თუ უკეთესად ცხოვრობენ, არამედ უარესად. ეკონომიკური პრობლემები იმედგაცრუებას იწვევს და ეს ყველა ოპოზიციური პარტიის შანს ზრდის. თუ საარჩევნო კამპანია ნორმალურად ჩატარდა, ყველა საფუძველი გვაქვს, რომ შედეგი გავაუმჯობესოთ.