რუსეთ–უკრაინის დაპირისპირება და „ტრანსკასპიური გაზსადენი“

რუსეთ–უკრაინის დაპირისპირება და „ტრანსკასპიური გაზსადენი“

რუსეთ–უკრაინის დაპირისპირების ფონზე დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის რუსეთის გვერდის ამქცევი გაზმომარაგების პროექტების განხილვას. ერთ–ერთი ასეთი პროექტია ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი პროექტი „ტრანსკასპიური გაზსადენი“, რომელიც რუსეთისა და ირანის მხრივ, უკვე წლებია იბლოკება. საბაბი ორი საკამათო არგუმენტია: 1) მოსკოვი და თეირანი 1921 და 1940 წლების სსრკ–ირანის შეთანხმებებს ეყრდნობიან და აღნიშნავენ, რომ კასპიაზე რაიმე პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსაზღვრე ქვეყნების კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს; 2) რუსეთი და ირანი თვლიან, რომ კასპიის ფსკერზე მშენებლობა მის უნიკალურ ფლორასა და ფაუნას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს.    

უკრაინის გავლით გაზმომარაგების შესაძლო შეფერხების საკითხებზე იმსჯელეს 2014 წლის 12 მაისს პარიზში გამართულ დსთ–ს ნავთობისა და გაზის სამიტზე. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიერ მორელმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი დააფინანსებს „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მშენებლობას გარემოსდაცვითი გარანტიების არსებობის პირობებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აქცევს ყურადღებას კასპიის ზღვის (ტბის) სტატუსს და დასაშვებად მიაჩნია „ტრანსკასპიური გაზსადენის“ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის არასადაო შელფზე გაყვანა. მეტიც, პ. მორელის აზრით, ასეთი ორმხრივი გარიგების პრეცედენტია რუსეთისა და ყაზახეთის შეთანხმება პლატფორმების მუშაობაზე კასპიის ჩრდილოეთ სექტორში.  

სამიტზე პ. მორელმა 2011 წლის სექტემბერში ბრიუსელის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ირგვლივ მოლაპარაკებების მანდატის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია. უკრაინა ასევე დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებაში. ამ ქვეყნის ენერგეტიკული უწყების ერთ–ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, გაზსადენის ყულევის მომავალი თხევადი გაზის ტერმინალთან დაკავშირების შემთხვევაში, კიევი მზადაა მის მშენებლობაში დააბანდოს 790 მლნ ევრო, რაც მომავალი მშენებლობის ღირებულების 10%–ია (http://www.rzd-partner.com/press/376698/).

„ტრანსკასპიური გაზსადენი“ კვლავ რეგიონალური დაპირისპირების  საგანია

ენერგორესურსების კოლოსალური მარაგის გამო, კასპიის ზღვის რეგიონი, არაერთი ქვეყნის დაინტერესების საგანია. კერძოდ, 2013 წლის მარტის დასაწყისიდან, ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული „კასპიის საზღვაო ფლოტილიის“ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მოსკოვმა კასპიის ზღვის რეგიონში დისლოცირებული ფლოტილია მნიშვნელოვნად გააძლიერა 5 საბრძოლო ხომალდით და 2 დამხმარე  გემით. გარდა ამისა, ფლოტს დაემატა მცირე  ზომის სარაკეტო  და სადესანტო ხომალდები – „გრად სვიაჟსკი“ და „უგლიჩი“.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, ერთის მხრივ, რუსეთის მთავრობის მზარდ  დაინტერესებას კასპიისპირეთისადმი, ხოლო  მეორეს  მხრივ,  პუტინის ჩანაფიქრს –  წინ აღუდგეს კასპიის ზღვაზე, თურქმენეთ–აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, რუსეთის გვერდის ამქცევი „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მშენებლობას. მოსკოვის მიზანია მოახდინოს საკუთარი ძალების დემონსტრირება კასპიის რეგიონის მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით კი აღნიშნული  მილსადენის პროექტის მონაწილე – აზერბაიჯანის წინაშე. თავის მხრივ ბაქო, როგორც ცნობილია, კასპიის ზღვაზე საკუთარი საზღვრების დასაცავად  საჭირო აღჭურვილობას აშშ–საგან იღებს, რაც მოსკოვის დამატებით გაღიზიანებას იწვევს.

 „ტრანსკასპიურ გაზსადენში“ მოსკოვმა თავისი „მეტოქე“ ამოიცნო

ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით შექმნილი “სამხრეთის გაზის დერეფნის”  ფარგლებში დაგეგმილი პროექტებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, კასპიის ზღვის ფსკერზე, 300 კმ-იანი “ტრანს-კასპიური მილსადენის” მშენებლობა წარმოადგენს. მისი მიზანია კასპიის ზღვის აღმოსავლეთ და დასვლეთ სანაპიროების ურთიერთდაკავშირება. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას  განაპირობებს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების  ალტერნატიულ ინიციატივაში არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქმენეთის ჩართვაც. 

“ტრანსკასპიური მილსადენის” მშენებლობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ დონორი და ტრანზიტორი ქვეყნებისთვის სარგებელსაც გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კასპიისპირეთიდან გაზის ტრანსპორტირება ევროპისკენ სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი  “სამხრეთკავკასიური გაზსადენით” (ბაქო-თბილისი-ერზერუმი)  უნდა მოხდეს. ამჟამად საქართველო აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს იმ გაზის მოცულობის 5%–ს, რომელიც ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს (დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრი). ჩვენს ქვეყანას ასევე შეუძლია ყოველწლიურად ფასდაკლებით 0,5 მილიარდი კუბური მეტრი აირი შეიძინოს.

“ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტის განხორციელებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა 2011 წლის სექტემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიისათვის, აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან, გაზის კონტრაქტების გაფორმებისათვის მინიჭებული მანდატი. ამ მანდატით უკვე ორი წლის მანძილზე მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკებები, თუმცა, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ამ პროექტის განხორციელება პრობლემატურ საკითხებს ვერ გასცდა.

აშხაბადი და ბრიუსელი

“ტრანსკასპიური გაზსადენის” პროექტის განხორციელებას, უპირველეს ყოვლისა, მონაწილე მხარეებთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს. ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ეტინგერი თურქმენეთში  იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი “კონსტრუქციულად” შეფასდა, აშხაბადი კვლავ ელის ევროკავშირისგან თურქმენულ  გაზზე მოთხოვნის არსებობის გარანტიას (აღნიშნული მილსადენით თურქმენეთი ყოველწლიურად 30 მლრდ. კუბ.მეტრი გაზის გატარებას გეგმავს), ხოლო ევროპა, თავის მხრივ, თურქმენეთისაგან გაზის მიწოდების გარანტიის საჭიროებაზე საუბრობს.  სწორედ ასეთი ორმხრივი  გარანტიების არ არსებობა წარმოადგენს “ტრანსკასპიური გაზსადენის”  პროექტის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან  დაბრკოლებას.

მოსკოვი აქტიურად ეწინააღმდეგება “სამხრეთის გაზის დერეფანს”, და აქედან გამომდინარე, “ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტს. სწორედ ამით აიხსნება რუსეთის სამხედრო ფლოტილიის გაძლიერება კასპიის  ზღვაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს “ტრანსკასპიური გაზსადენის” მშენებლობას. მისი აგების დაბრკოლებას ის კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის გამოყენებით აპირებს. კერძოდ, მინისტრის აზრით, ზღვის გამოყენებასთან დაკავირებული საკითხები ხუთივე საზღვაო ქვეყნის (აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, რუსეთი, თურქმენეთი) თანხმობის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მსგავსი პოზიცია გაახმოვანა რუსეთის ელჩმა თურქმენეთში, ალექსანდრე ბლოხინმაც, რომელმაც „ტრანსკასპიურ გაზსადენს“ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის „უსარგებლო პროექტი“ უწოდა. ელჩის აზრით, აღნიშნული ინიციატივა კასპიის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მხოლოდ დაძაბავს, ხოლო დაპირებულ 10 მლრდ კუბმეტრ გაზს ევროპისათვის გადამწყვეტი მნიშვენლობა არ ექნება.

ამასთან, მოსკოვი  დასავლეთსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  ევროპა და ამერიკა არ ითვალისწინებენ არც საერთაშორისო სამართალსა და არც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როდესაც “ტრანსკასპიური გაზსადენის” პროექტის განხორციელებას უჭერენ მხარს.

თუმცა, აშშ აგრძელებს ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ამავდროულად, აშშ გამოთქვამს მზაობას, კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს აღმოუჩნოს ფინანსური, თუ ტექნიკური მხარდაჭერა იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების წვრთნისა და აღჭურვის საქმეში, რომლებიც რეგიონიდან ენერგორესურსების ექსპორტისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფენ.

მოსკოვის პოზიციას ირანიც იზიარებს და თვლის, რომ “ტრანსკასპიური გაზსადენის”  პროექტი არარეალურია, ვინაიდან რუსეთი და ირანი ზრვის ფსკერზე ასეთი მილსადენის მშენებლობას არ დაუშვებენ, თუნდაც გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, თეირანს თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკუთარი მოდელიც გააჩნია. კერძოდ, ირანის სახელმწიფო გაზის ექსპორტის კომპანიის (NIGEC) დირექტორის განცხადებით, აშხაბადიდან გაზის თურქეთის ტერიტორიაზე (“ტრანს-ანატოლიურ მილსადენთან” დაკავშირებით), იქიდან კი ევროპაში  ტრანსპორტირება მხოლოდ ირანის ტერტორიის გავლითაა შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ, რუსეთის  ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ევროპისაკენ გაზის ყოველგვარი ალტერნატიული მარშრუტი დაუშვებელია.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ევროპასაც და აზერბაიჯანსაც საერთო პოზიცია აქვთ, რაც თეირანთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავს. თავის დროზე ბაქოში ოფიციალური განაცხადებაც კი გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, “ტრანსანატოლიურ გაზსადენში” ირანული მხარის მონაწილეობა, მიუხედავად თეირანის მონდომების და დათმობებისა, დაუშვებელია.

რა ვერ „გაიყო“ ორმა მეზობელმა

კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიბადა, თუმცა, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის მაშინ არსებული  უთანხმოების გამო, მისი განხორციელება ვერ მოხდა. ბოლო წლების მანძილზე ევროკავშირმა აქტიური მცდელობის შედეგად, მოახერხა და აშხაბადი ბაქოსთან  ისევ აღნიშნული თემის ირგვლივ გააერთიანა. თუმცა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება, რისი ნათელი მაგალითიც იყო თურქმენეთის მიერ კასპიის ზღვაზე ჩატარებული სამხედრო წვრთნა – “ხაზარი 2012”. ეს მანევრები, ექსპერტთა აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა  აშხაბადის მიერ ბაქოს წინაშე საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება.

აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის დაპირისპირება პოსტსაბჭოურ პერიოდში დაიწყო – მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. კერძოდ, ბაქოსა და აშხაბადს შორის ურთიერთობები კასპიის ზღვის იმ რეგიონების გამო დაიძაბა, რომლებიც ენერგორესურსებით მდიდარია და რომლებზეც ორივე სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებს.

საუბარია “სერდარის”, “ჩირაგისა” და “ომარის” საბადოებზე. ორი მათგანი –“ჩირაგი” და “ომარი”, აზერბაიჯანის მიერ მუშავდება. ეს კი თურქმენეთის უკმაყოფილებას იწვევს. “სერდარის” აშხაბადის მიერ დამუშავების დაწყებას კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელახალი გამწვავება მოჰყვა. კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, აშხაბადის ნაბიჯი 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავს, რომლის მიხედვითაც, მხარეები საბადოზე სამუშაოების დაწყებისაგან თავს შეიკავებდნენ, სანამ ამ საბადოს კუთვნილება არ გაირკვეოდა.

გარდა ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური ინტერესებისა, „ტრანსკასპიური გაზსადენის“ პროექტი ტექნიკურ და ფინანსურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს გაანგარიშებით, პროექტის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. თუმცა, სხვადასხვა ექსპერტთა შეფასებით, ამ მაჩვენებელმა შეიძლება 8 მილიარდსაც მიაღწიოს. განსხვავებული აზრი აქვთ თავად პროექტში მონაწილე მხარეებსაც. მაგალითად, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის, ნატიგ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად,  „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მშენებლობა 1-2 მილიარდი დოლარით კიდევ გაძვირდება.

დასკვნა

ამრიგად, დასავლეთის მხრივ (რომელსაც ტრანზიტორი ქვეყნები და მათ შორის საქართველოც, აქტიურად უჭერენ მხარს) „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მშენებლობის მრავალწლიან მცდელობების მიუხედავად, ალტერნატიული “სამხრეთის გაზის დერეფნის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პრობლემებს უკავშირდება. კასპიის ზღვის (ტბის) სამართლებრივი სტატუსის საკითხის არსებობის გამო, აღნიშნული პროექტის განხორციელება დღემდე ეჭვქვეშ იდგა.

უკრაინა–რუსეთის დაპირისპირებამ, როგორც ზემოაღნიშნულ პარიზის სამიტზე გაჟღერდა,  შესაძლოა ამ პროექტისადმი ევროკავშირის ინტერესი კვლავ გააძლიეროს, რაც საქართველოს პრაგმატულ ინტერესებშია. თუმცა, ეს ყოველივე კასპიისპირეთის რეგიონში კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რაც შეიძლება სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდეს. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში არაერთი რუსი პოლიტიკოსი ღიად საუბრობს მილსადენის მშენებლობის შესაჩერებლად რუსული სამხედრო ძალების გამოყენებაზე. კასპიის  ზღვის რეგიონის მილიტარიზაცია კი ევრაზიის მასშტაბით შეიძლება უფრო მძაფრი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების გამომწვევი  გახდეს.