ამერიკის შეერთებული შტატების სენატი რუსულ შეიარაღებაზე ემბარგოს დაწესების საკითხს განიხილავს. ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც მიმართულია რუსულ „როსაბარონექსპორტთან“ მიმდინარე კონტრაქტების გადახედვისა და მასთან ახალი კონტრაქტების დადების აკრძალვისკენ. დოკუმენტის სახელწოდებაა „რუსულ შეიარაღებაზე ემბარგოს დაწესების აქტი 2014“, ხოლო მისი ავტორები არიან სენატორები რიჩარდ ბლუმენტარი, დენ კოუთსი და ჯონ ქორნი. ავტორთა განცხადებით, მათი მიზანია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.
შეარბილებს თუ არა რეგიონში რუსეთის პოლიტიკას დასავლეთის სანქციები, რა ტიპის საფეღხეებს უნდა ელოდოს საქართველო ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგ, ამ თემებზე ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე გვესაუბრება.
ბატონო ლევან, აშშ-ს სენატში საუბარია რუსული შეიარაღებაზე ემბარგოზე დაწესებაზე. თვითონ სანქცია რამდენად სერიოზულია?
- მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი იარაღის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და თუ მას ექსპორტი შეუმცირდება ამერიკის სანქციების შედეგად, მაშინ ეს მისთვის სერიოზული დარტყმა იქნება საბიუჯეტო თვალსაზრისით - გაყიდვების შემცირების შესაბამისად შემოსავლები შეუმცირდება.
თუკი რაიმე მოქმედებს საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნების საგარეო გადაწყვეტილებებზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის სანქციები. ამიტომ, სავარაუდოდ, თუკი სანქციები მართლაც განხორციელდა, რუსეთის ეკონომიკაზე ეს აისახება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დღემდე გატარებულ სანქციებს პუტინი ცინიკური განცხადებებით პასუხობდა, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად რუსეთისთვის უფრო სერიოზულ სანქციაზეა საუბარი?
- ამ სანქციების შედეგად, საკმაოდ სერიოზულ ზარალს მიიღებს რუსეთი, თუმცა რეალურად დასათვლელია, რამდენად დიდი იქნება ამ ზარალის მასშტაბი საიმისოდ, რომ რუსეთის პოლიტიკაზე ზეგავლენა იქონიოს.
როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებზეა საუბარი, შესამჩნევია, რომ აშშ ბევრად უფრო მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, ვიდრე ევროპა. შესაძლებელია, მხოლოდ აშშ-ს მიერ დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა შეაკავოს რუსეთი?
- აშშ-ს სანქციები იმიტომ არის შედარებით უფრო მკაცრი და შედარებით სწრაფი, მოქმედებაში მოსვლისას, რომ ამერიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე. გარდა ამისა, ამერიკაში გადაწყვეტილებას იღებს ერთი მთავრობა, ევროპაში კი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა მთავრობამ. ეს, რა თქმა უნდა, შედარებით მეტ დროს მოითხოვს. ამის გარდა, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებიც ზეგავლენას ახდენს.
თუმცა მგონია, რომ სანქციების დაწესება, ზოგადად, არის ეფექტური. ვხედავთ, რომ სადაც სანქციების დაწესება ხდებოდა მიზანმიმართულად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ სანქციებს მოჰქონდა-ხოლმე შედეგი - მაგალითისთვის შეგვიძლია, გავიხსენოთ ირანი.
მოლოდინი იმისა, რომ დღეს სანქციებს დააწესებს ამერიკა ან ევროკავშირი და რუსეთი იტყვის, რომ, უი, სანქციები დაგვიწესეს და ხვალიდან ცუდი ბიჭები აღარ ვიქნებითო, ასე არ არის - ყველა სანქციას, ყველა ნაბიჯს სჭირდება თავისი დრო, რათა ამან შედეგი გამოიღოს და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ნელ-ნელა შედეგი მოაქვს, მაგრამ მყისიერ შედეგს, რომ უცბად სანქციების შედეგად პუტინი გახდება ლიბერალ-დემოკრატი და დემოკრატიის რელსებზე გადაიყვანს ქვეყანას, ეს ასე არ მოხდება.
ანუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ ყირიმით არ დაკმაყოფილდება?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს საკმაო ზეგავლენა გააჩნია უკრაინაზე, არა მხოლოდ ყირიმში, არამედ სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსი ხალხის გამო, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან უნდა გაერთიანდნენ.
ასევე გავლენებია ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით. სამწუხაროდ, უკრაინის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტის პოლიტიკამ უკრაინა მიიყვანა რუსეთთან თითქმის სრულ დამოკიდებულებამდე.
ვფიქრობ, რომ ამ ბერკეტების გამოყენებას რუსეთი შეეცდება მომავალშიც ისევე, როგორც ცდილობს ახლა და ამაზე უარს არ იტყვის. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ უფრო სულ სწრაფად რეაგირებენ და უფრო მკვეთრი ნაბიჯებიც გადადგეს.
ამიტომ, მგონია, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკის განხორციელებას შეეცდება, თუმცა ამას შეეცდება სავარაუდოდ, უფრო რბილი მეთოდებით, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, უკრაინის შიგნით საკუთარი უმცირესობების გამოყენებით, ვიდრე სამხედრო ინტერვენციით, თუკი ამისათვის უფრო საკმარისად საფუძვლიან ნიადაგს არ შექმნის თვითონ უკრაინაში.
დონეცკსა და ლუგანსკშიც ყირიმის მსგავსად რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა რუსეთის მყისიერი რეაქცია, რომ ამ რეგიონების შემოერთების გადაწყვეტილება მიეღო, ჯერ არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ საქმე მაინც მივა უკრაინის ფედერალიზაციამდე?
- ამ რეფერენდუმებს არ აქვს საერთაშორისო დოკუმენტის ძალა. რეფერენდუმი, რომელიც ავტომატის ლულის ქვეშ ტარდება, არ არის ლეგიტიმური. გარდა ამისა, უკრაინაში ძალიან მალე გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და ვნახოთ, როგორი შედეგით დასრულდება.
რა თქმა უნდა, რუსეთის სურვილია, რაც შეიძლება მეტი გავლენა, მეტი ავტონომია მოიპოვოს, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ უკრაინის ფედერალიზაცია გარდაუვალი მოვლენა არ მგონია ამ ეტაპზე. თუმცა ამისი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს.
ივნისში საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. იმის გათვალისწინებნით რაც მოჰყვა უკრაინის შემთხვევში ასოციერების ხელშეკრულების თემას, საქართველოში ბევრს საუბრობენ რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. როგორ ფიქრობთ, დაახლოებით მსგავსი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაშიც?
- არა. რეაქცია, რა თქმა უნდა, იქნება და არის კიდეც ნეგატიური. ვნახეთ, რომ რუსეთმა პირდაპირი ოკუპაცია განახორციელა ჩვენი ტერიტორიების. რუსეთი რომ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაერთიანების წინააღმდეგია, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, მაგრამ გამომნდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკურად ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, ენერგეტიკულად კი არ ვართ დამოკიდებული, ამ მხრივ, რუსეთის საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები მცირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს სხვა ბერკეტები არ გააჩნია.
მისი ერთ-ერთი მთავარი რესურსი არის საოკუპაციო ჯარი დედაქალაქთან ახლოს. ეს არის შესაძლო გართულებები ამ ოკუპირებული ზონების გასწვრივ და მათ მიღმაც. ეს არის რუსეთის და პუტინის მიმართ სიმპათიით განწყობილი პოლიტიკური ძალების გამოყენების შესაძლებლობა, დასავლეთის დემონიზაციის შესაძლებლობა - საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი არის გარყვნილების სამყარო, ხოლო რუსეთი წმინდა და თანამორწმუნე ერია და ა.შ.
ეს მეთოდები რუსეთს, რა თქმა უნდა, გააჩნია და ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც ამ მეთოდების გამოყენებისათვის მზად უნდა ვიყოთ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა იმოქმედის კონკრეტულ შემთხვევებში.
პრინციპში, დასავლეთის დემონიზაციის პროპაგანდა უკვე დაწყებულია საქართველოში...
- ეს პროცესი რუსეთში ძალზე აქტიურად მიმდინარეობს და საქართველოშიც შეინიშნება. სხვადასხვა ჯგუფები ძალიან ბევრს საუბრობენ ამაზე და ეს არ მიკვირს, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, ეს ვის ინტერესშია და რა შეიძლება მოუტანოს ამ კამპანიის გაგრძელებამ ქვეყანას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი მზადყოფნა.
ვიცი, რომ ქვეყანში ბევრი განსხვავებები არსებობს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაც სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და ეს არის ქვეყნის მომავალი. ქვეყნის მომავლის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, ასეთი ჯგუფების საქმიანობამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.
როგორ შეიძლება რუსეთმა ქართული პოლიტიკური პარტიები გამოიყენოს?
- ძალიან მარტივად - შესაძლოა, საქართველოში გამოჩნდნენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც გააგრძელებენ სწორედ ამ ხაზს, რომ დასავლეთი ცუდია, რუსეთი - ჩვენი მეგობარი, რომ ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებულია ისეთი მუხლები, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა და როგორც კი ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ჩვენთან დაკანონდება ათასი უზნეობა და ა.შ.
ის პროპაგანდა გაგრძელდება, როგორც ახლა ლაპარაკობენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც ჩანს, იზიარებენ ამ მოსაზრებას. იგივე შეიძლება თქვას პოლიტიკურმა პარტიამაც - ვინ არის ეს და ვის შეუძლია გააკეთოს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება. ვინც ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რომ გააკეთებს ძალიან ცუდ საქმეს თავისი ქვეყნისთვის.
ბოლო პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის მცოცავი ანექსია საქართველოს მიმართულებით უკავშირდება „ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო ერზერუმის“ მილსადენებს, თითქოს, რუსეთი საზღვრის ნელ-ნელა გადმოწევით ამ მაგისტრალებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. რამდენად რეალურია ეს ვერსია?
- ევროკავშირისთვის ალტერნატიული ენერგომაგისტრალები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუკი არ იქნება ალტერნატიული ენერგორესურსები, მაშინ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მავთულხლართების მოძრაობით არ ხდება და ბევრი სხვა რამ სჭირდება, მათ შორის, უფრო გლობალურ დონეზეც.
კი, საქართველოს დამონება რუსეთის გლობალურ პოლიტიკაში ერთ-ერთი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ეს რესურსები მის ხელში იყოს და არა სხვა, დამოუკიდებელი სახელმწიფოსი და მავთულხლართების მოძრაობა ერთ-ერთი კომპონენტია იმ მრავალ ნაბიჯში, რომელსაც რუსეთი ამ მიმართულებუით დგამს რეგიონში.
ერთ თვეში საქართველოში არჩევნები ტარდება, მოსალოდნელია თუ არა, ამ დროს რაიმე პროვიკაციას ჰქონდეს ადგილი რუსეთისგან?
- რუსეთისგან პროვოკაციას უნდა ველოდოთ ყოველთვის, ეს არის ჩვენი მოვალეობა. როგორც ხალხის, ვინც დაკავშირებულია პოლიტიკურ საკითხებთან ქვეყანაში. რამდენად განხორციელდება, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩვენი და სახელმწიფოს მოვალეობა არის ის, რომ ყოველთვის ელოდოს პროვოკაციას - ძალიან მარტივია, რუსეთი არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ოკუპანტისგან პროვოკაციასაც უნდა ელოდო და მეტსაც. თუ ვინმე არ ელოდება, ვფიქრობ, რომ უბრალოდ, არ ესმის არაფერი.