რუსთავში „ოცნების“  მერობის კანდიდატის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

რუსთავში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

სახელისუფლებო კოალიციის მიერ მერობის კანდიდატად დასახელებულ დავით ჯიქიას საკითხზე ცესკომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საუბარია არასაპარლამენტო ოპოზიცია - „კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის“ მოთხოვნაზე. არასაპარლამენტო ოპოზიციის შტაბის უფროსმა მამუკა კაციტაძემ ცესკოს სპეციალური საჩივრით გუშინ, 18 მაისს მიმართა.

კაციტაძე საჩივარში განმარტავს, რომ მერობის კანდიდატს დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია და 2012 წელს ის რამდენიმე თვით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში იყო ჩართული.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმით კი მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

„მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს პრეცედენტიც, როდესაც ცესკოს 2014 წლის 22 აპრილის განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება თვითმმართველი ქალაქის, გორის მერობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ,“- განმარტავს მამუკა კაციტაძე.

დავით ჯიქია თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვამდე რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, შესაბამისად, მისი ბიოგრაფია საჯაროდ რუსთავის მერიის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ბიოგრაფიულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ „2012 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში იგი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და ლონდონის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში South Themes College London აკადემიური ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობდა.

ცესკოში განმარტავენ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შესული საჩივრის საფუძველზე მერობის კანდიდატს კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდა და 19 მაისს 16:00 საათამდე საკუთარი მოსაზრებების წერილობით მიწოდება და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამდასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ეთხოვა.

„დავით ჯიქიას უკვე წარდგენილი ყველა საჭირო საბუთი ცესკოში. ამ მხრივ, არანაირი პრობლემა და არანაირი კანონდარღვევა არ არის არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვრცელ კომენტარზე თავს ვიკავებთ. ცესკო გააკეთებს განცხადებას“, - განუცხადა For.ge-ს დავით ჯიქიას პიარის სამსახურის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ მსგავს საკითხზე პოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც გამოხატა და რადგან საარჩევნო კანონმდებლობით არ განიმარტება ცნება „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“, ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო კოდექსი უნდა გამოიყენებოდეს.

„საცხოვრებელი, ზოგადად, არის ის ადგილი, რომელსაც პირი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს და სადაც ცხოვრობს. თუმცა, საცხოვრებელი ადგილი არ ნიშნავს ადგილსამყოფელს. ადგილსამყოფელი შეიძლება, იყოს სხვა. შეიძლება, პირს ჰქონდეს ერთი საცხოვრებელი ადგილი და რაღაც კონკრეტულ მომენტში სხვა ადგილას იმყოფებოდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან იურიდიულად, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. პირის სასწავლებლად ყოფნა რამდენიმე თვის ვადით, ვერ ჩაითვლება იმ საფუძვლად, ვინმემ მიიჩნიოს, რომ მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, დაკარგა უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მით უმეტეს, როცა საუბარია, კონკრეტული მიზნით წასვლაზე - ენის კურსებზე, ფაქტია, ეს მიანიშნებს დროებითობაზე. გამოდის, იმ მიზნით კი არ წავიდა ის საზღვარგარეთ, რომ შეეცვალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არამედ, სასწავლებლად - დროებით. ამიტომ, ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ამ ადამიანმა არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა,“- განმარტა For.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცესკო-დან რეგისტრაციის მოხსნის ფაქტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ მას საზღვარგარეთ ყოფნის დროს რეგისტრაციის ადგილი არ შეუცვლია და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ის იმყოფებოდა პარიზში, ფაქტი იყო, რომ მას პირადობაში რეგისტრაციის ადგილი არ ჰქონია შეცვლილი და მისი იქ ყოფნა სხვადასხვა მოვლენებით იყო განპირობებული ანუ მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ,“- აცხადებს კოჟორიძე.

ოქრუაშვილისგან განსხვავებით, დავით ჯიქია საქართველოდან, ოფიციალურად, საკუთარი ნებით წავიდა. თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, სასწავლებლად მისი წასვლაც, გარკვეულწილად, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა. დავით ჯიქია, 2005-2011 წლებში ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2011 წლის ბოლომდე კი რუსთავის მერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. For.ge-ს ინფორმაციით, ჯიქიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კუთხით გააქტიურების შემდეგ დაიწყო და სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდეც საჯარო სამსახურში დასაქმებული მისი ოჯახის წევრები. ამის საფუძველი კი ის ფაქტი გახდა, რომ დავით ჯიქიას მამა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ატუში“ ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა და, შესაბამისად, ჯიქიების ოჯახი მის მხარდამჭერად მიიჩნეოდა. დავით ჯიქიას ლონდონში რამდენიმე თვით წასვლის საფუძველიც, სავარაუდოდ, იმ დროს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია გახდა. ამ ფორმით იგი პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში პროცესებს რამდენიმე თვით გაერიდა.