„თურმე, ჩემოდნებით დავრბივართ და ვიღაცეებს ვუსმენთ“

„თურმე, ჩემოდნებით დავრბივართ და ვიღაცეებს ვუსმენთ“

ფარულ მოსმენა-მიყურადება საქართველოში კვლავ აქტუალური თემაა. პარლამენტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ცვლილებებზე მსჯელობს, უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციები კი მოითხოვენ, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღები“ ძალოვან უწყებებს ჩამოერთვას. „გასაღების“ თაობაზე გადაწყვეტილება კი, 1-ელ ნოემბრამდე იქნება მიღებული.

მოსმენებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს გივი თარგამაძეს ესაუბრა:

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თქვენს მიერ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა უმრავლესობამ არ გაიზიარა. „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და მას არ ენდობით?

- პრემიერმა პროკურატურას დავალება მისცა, რომ გამოძიება არასწორად წარიმართოს. ამას გარდა, გამოძიების მიმართ დირექტივები გასცეს უმრავლესობის წევრებმა. შესაბამისად, გამოძიებას არ ვენდობით. მათ კომისიის შექმნა არ სურთ და აქეთ გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე, ჩემოდნებით დავრბივართ და ვიღაცეებს ვუსმენთ. ფარული მოსმენების სამივე ვარიანტი აპრიორში ხელისუფლების მმართველობის სისტემიდან გადადგმობას უნდა გულისხმობდეს. თუ მოსმენები საკუთარი თანაგუნდელების მიმართ მათ აწარმოეს, მაშინ ინიციატივა პირდაპირ ღარიბაშვილისგან მოდის. მოსასმენი აპარატურა თუ ჩვენ გვაქვს გატანილი და ყველას ვუსმენთ, ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. ასევე მესამე ვარიანტია, თუ აპარატურა გატანილია, იქნებ ის რუსებს აქვთ და ეს ძალოვანმა უწყებამ არ უნდა მოიძიოს? ერთ-ერთი ჩანაწერი იყო, სადაც უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს პრეზიდენტის ავღანეთში სტუმრობის უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრებიან. მაშინ როდესაც, ამ ჩანაწერის გავრცელება ხდება, ამას ვინ აკეთებს, მთავრობამ არ უნდა იცოდეს? შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ შეიძლება ჩვენც გვისმენენო, რაც აბსურდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას თავისიანები უსმენენ.

მოსმენების წარმოებაში თქვენ ხელისუფლებას ადანაშაულებთ, ისინი თქვენ...

- თუ გადაწყვეტილი აქვთ, რომ საკუთარი ვერსია დაიცვან და მომსმენებლად ჩვენ წარმოგვაჩინონ, მათ პასუხისმგებლობას ეს ვერსიაც ითვალისწინებს. თუ ამ ბრალსაც ვერ დაგვიმტკიცებენ, მაშინ ცილისწამებას აქვს ადგილი. მართალი გითხრათ, საგამოძიებო პროცესი წლების მანძილზე არ უნდა გაიწელოს, რადგან ეს საქმე იმდენად მყიფეა, რომ რაც უფრო გაიწელება, მით უფრო მეტი მასალა გამოჩნდება და ეს ხელისუფლებას მოსვენების საშულებას არ მისცემს. ტექნიკურ დეტალებში არ წავალ, მაგრამ რაც სპეციალისტებმა მითხრეს, პორტატული აპარატურით მოსმენა ასე მარტივად არ ხდება. აპარატურას, რომელიც პორტატულ სისტემაზე უნდა შეერთდეს, დაცვა სჭირდება. მოსმენის თავისუფლად გაკეთება კი შეუძლებელია.

ბატონო გივი, თქვენს ხელისუფლებას ძირი ფარული ჩანაწერების წარმოების პრაქტიკამ გამოუთხარა. „ნაციონალურ მოძრაობასმორალური უფლება აქვს მოსმენების თემით მანიპულირებდეს?

- ჩვენი მმართველობის პერიოდში, ბოლო დროს, მოსმენებმა მახინჯი ფორმა მიიღო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მიყურადება შევარდნაძის დროს დაინერგა.

თქვენი ხელისუფლების პირობებში კი, ფართო მასშტაბი შეიძინა...

- სხვათაშორის, ფართო მასშტაბი შევარდნაძის დროსაც ჰქონდა. სამწუხარო იყო, რომ ჩვენ სწორი რეგულაციების დამკვიდრება და ჩარჩოებში მოქცევა ვერ შევძელით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულაციების შემოღებაზე ხელი ახლა უნდა ავიღოთ. ნებისმიერ შეცდომაზე უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ხელისუფლებამ. ზოგადად, ამ ცხრა-წლიან მმართველობაზე გაუთავებელი საუბარი ამოიწურა და ეს ჩემთვის მისაღები აღარასოდეს იქნება, რადგან თითოეულ მიმართულებაზე, რაზეც ჩვენ გვსაყვედურობენ, ხელისუფლება იგივე შეცდომებს უშვებს. იქედან გამომდინარე, რომ მათ ეს ყველაფერი წელიწადნახევრის განმავლობაში განახორციელეს, ისინი ხელისუფლებას უფრო მალე ჩამოცილდებიან.

როგორ ფიქრობთ, ნინო შუბლაძისრუსთავი 2“-დან წასვლა ამ პროცესებს უბრალოდ დაემთხვა? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შუბლაძემ ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა...

- ენას ძვალი არ აქვს და ისინი რას იტყვიან, არ ვიცი. ამ ადამიანმა თავისი პოზიცია დააფიქისრა და თქვა, რომ ტელევიზიიდან ოჯახური პირობების გამო წავიდა. „რუსთავი 2“-ს ეს ჩანაწერები ადრეც ჰქონდა და ნინო მსგავს ნაბიჯს მის გამოქვეყნებამდეც გადადგამდა.

თუმცა, ვერსია ითქვა, რომ მისთვის მოულოდნელი ის ჩანაწერები აღმოჩნდა, რომელიც ტელევიზიის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა საგამოძიებო ორგანოს გადასცა...

- სიმართლე ამ ვერსიაშიც არ არის, რადგან არხის დირექტორმა დაადასტურა, რომ ნინო წასვლას ისედაც აპირებდა. ამ საქმიდან სკანდალის ატეხვა არ გამოვა.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას საქართველოში საჰაერო თავდაცვითი სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის რიგი წევრებისგან განსხვავებით, თავდაცვის მინისტრის იდეას იწონებთ?

- მართალი გითხრათ, აჟიოტაჟი კვლევის შედეგებს მოჰყვა. იქედან გამომდინარე, რომ ალასანიას რეიტინგი ჰაკიმ ფაშას მაჩვენებელზე აღმატებული აღმოჩნდა, თავდაცვის მინისტრის მიმართ აბსოლუტურად დაუფარავად, ყველა იარაღიდან ცეცხლი გაიხსნა, რაც მაოცებს. საქმეში ერთი ხელის აქნევით მმართველი გუნდის მთელი კაკაფონია ჩაერთო და საკუთარ მინისტრს გადაუარეს. მეორე ფაქტორია, რომ ისინი რუსულ პოზიციას ახმოვანებენ. ხელისუფლება თავისი პოლიტიკით სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებს სერიოზულ ზიანს აყენებს. თბილისის ერთ-ერთ უბანში კანდიდატად კობა კობალაძე დააყენეს, რომელიც თავდაცვის მინისტრს ღიად აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველოში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები არ განთავსდეს. კობალაძე, რომელსაც „გრუ“-ს აკადემია აქვს დამთავრებული და რომელიც „გრუ“-ს ვერსიას გამოთქვამს, რომ საქართველში ამერიკული საქმე არ უნდა ვაკეთოთ, რა უნდა კანდიდატად? იმ ადამიანებზე მიდის შეტევა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ და აგენტებისგან წმენდნენ. იმ ადამიანებს უკარგავენ მოტივაციას, რომლებიც სახელმწიფოს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. ზოგს დაპატიმრებით ემუქრებიან, ზოგი კი უკვე დააკავეს.

თქვენ არ უკარგავდით ჯარისკაცებს მოტივაციას, მაშინ როდესაც ბაჩო ახალაია მათ შეურაცხყოფას აყენებდა?

- თუ ეს ბრალდება დამტკიცებული არ იქნება, საყვედურს არ მივიღებთ. ამდენი გაუთავებელი ლაპარაკის შემდეგ, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა. წითელაშვილი, რომელსაც გენერალს უწოდებენ, ქურდი და ომის დროს ბრონის ჟილეტების გამყიდველია. მას გენერლობა კაზაკებმა მისცეს, რომელიც გამყიდველი და ნაძირალაა. ის, რომ ვიღაცას მისი სჯერა, არ ნიშნავს, რომ ის სიმართლეს ამბობს. რისი დამტკიცებაც ვერ ხერხდება, იმით აპელირება მიუღებელია. მცდარი მოქმედებები ქვეყანას იმ პროცესებამდე მიიყვანს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი პრორუსულია და იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების გამართული სისტემა არ იმუშავებს, ეს პროცენტი საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის რღვევა გამოიწვიოს.