„დედა დავიფიცოთ, რომ ჩვენ არ ვუსმენთ?“

„დედა დავიფიცოთ, რომ ჩვენ არ ვუსმენთ?“

„ის პატარა კაცუნა, პატარა ბიჭუნა, რომელიც მართავს „რუსთავი 2“-ს, ასეთი სახეწაშლილი და ნირწამხდარი არ უნდა გამოდიოდეს ტელეკრანებზე, ქალის ხმით არ უნდა კიოდეს ჯოჯოხეთს მოგიწყობთო. რომელ საზოგადოებას ელაპარაკება, რომელ საზოგადოებასაც „რუსთავი 2“ ჭირის დღესავით ეზიზღება, რომელ საზოგადოებასაც შესთავაზა ე.წ. ფილმი „ნომებრიდან ნომებრამდე?“, - კითხულობს პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.

For.ge. ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

ბატონო ზაზა, საზოგადოებას ვერ გაუგია ვინ ვის უსმენს, ხელისუფლება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია - ხელისუფლებას?

- ჩემი აზრი ასეთია - არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ავყვეთ პანიკებს და რაღაცა ინფორმაციული დესტაბილიზაცია მოვახდინოთ. არანაირი სურვილი არ მაქვს ასეთ „ალიაქოთს“ ავყვე. შეიძლება ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყოს გაუგებრობა, შეიძლება კითხვები არსებობდეს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს უფლება აუგი ილაპარაკოს ამ ხელისუფლებაზე.

ამას ოპონენტის გასაგონადაც ვლაპარაკობ და ე.წ. „კეთილმოსურნის“. წელიწადი და რვა თვეში სასწაულს ვერავინ ვერ ახდენს. ნუ დაავიწყდება ნურავის, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაამთავრა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა, ეს ის ხელისუფლებაა რომელიც პატიოსნად ზრუნავს და ფიქრობს თავისი ქვეყნის მოსახლეობის დასაქმებაზე.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, არა აქვთ რეალური უფლება, ხელისუფლებას რაღაცა უკიჟინონ, როდესაც ქვეყანაში არის ისეთი მემკვიდრეობა, რომელიც ამ მენაგვეებმა დატოვეს, ეს ეხება ბიუჯეტს, ტერიტორიების დაკარგვას და ა.შ. დღეს, რომ მავთულხლართებზე ლაპარკობენ, ერთი კარგად გაიხსენონ ვის დროს მოხდა ამ ტერიტორიების ასე დაფიქსირება, ვინ დაგვიტოვა ეს რეალობა.

ახლა ხელის გაშვერვა და მითუმეტეს იმ ოპონენტების მხრიდან, რომლებიც მთავარ ოპოზიციურ ძალად ინათლავენ საკუთარ თავს ბევრი კითხვები არსებობს. თუნდაც ქალაქის აწ უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ არის კითხვები და ძალიან სერიოზული. ხმამაღლა ვლაპარაკობ, რომ მე მათ როგორც ოპონენტებს ვერ მოვიაზრებ.

ამბობთ, რომ არსებობს კითხვები, მაგრამ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასვას ეს კითხვები? მეტიც, ცნობილი ხდება, რომ გამოძიებამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახდინა იმ პირიების იდენტიფიცირება, რომლებმაც შსს-დან მოსასმენი აპარატურა გაიტანეს...

- რასაკვირველია პრობლემები საკადრო მიმართულებით არსებობს, მაგრამ ნელ-ნელა ეს აღმოიფხვრება. რაც შეეხება მოსმენებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ ჩანაწერების გამოქვეყნება, ჩემთვის დაუშვებელია. თუ სახელმწიფო ვინმეს უსმენს, ის უნდა იყოს სანქცირებული ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ის, რომ ახლა თითქოს, ხელისუფლება მოსმენებს აწარმოებს, ეს არაა სიმართლე. ეს ხელისუფლება ასეთ სპეკულიანტურ საქციელს არ სჩადის.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს და მის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით საზოგადოებას აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ახლა, როდესაც „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტები კოლეგებისგან ითხოვენ სოლიდარაობას, ძალიან მაინტერესებს როდის იყვნენ თავად სოლიდარულები თავისი კოლეგების და საზოგადოების მიმართ?

გაიხსენეთ ფოტორეპორტიორების საქმე, რატომ არ ჰქონდათ სოლიდარობის სუვრილი? როდესაც საზოგადოებას კლავდნენ და ხოცავდნენ, ესენი ტუჩებგაფანტული სახეებით გვაწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას.

ტელეკომპანიის დირექტორი აღიარებს დანაშაულს, რომ მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი ასეთი სიბინძურისო, ისეთი ადამიანების, რომლებსაც არც ნდობა აქვთ, არც რეიტინგი და სულ სხვა განზომილებაში არიან, რა უნდა დავიჯერო, რამ უნდა შემაშფოთოს მათთან დაკავშირებით? თავიანთ მორევში იძირებიან, ეს ყველაფერი დადგინდება.

ჩვენ ჩავატაროთ მშვიდი არჩევნები, მთელი ეს სადავეები ისე განვკარგოთ, რომ პასუხისმგებლები ვიყოთ. წელიწადი და რვა თვის განმავლობაში რა საბოტაჟის მომსწრეები ვხდებოდით ქალაქის ხელმძღვანელობისგან თუ ზოგიერთი დეპუტატისგან, ეს უნდა აღმოიფხვრას. 60 მილიონია დახარჯული პარლამენტში და არ ვიცით ეს შენობა როდის დაგვეცემა თავზე, მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს, ეს კითხვები არის.

თქვენ ხართ ხელისუფლებაში და რა გიშლით ხელს, რომ დასვათ ეს კითხვები და გამოიძიოთ?

- რასაკვირველია რაღაცა კითხვები არის. საკმარისად შემიძლია საკუთარი თავის მიმართ ვიყო კრიტკული და არ გადავვარდე ამპარტავნების მორევში. კითხვები არის, ხარვეზებზეც არის ლაპარაკი, მაგრამ პრინციპი არის მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობა. ეს გზა უფრო რთულია, ვიდრე ის გზა რომლითაც დადიოდა წინა ხელიუფლება, რომელთა მხრიდან ახლა ისმის რაღაცა კიჟინა და თავდასხმები. უკადრებელი თავდასხმებია სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ დარჩა რესურსი, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას უკანონო მოსმენებისგან. იღებთ ამ კრიტიკას?

- რასაკვირველია ჯანსაღი კრიტიკა და კამათი ქვეყანასაც წაადგება, მაგრამ გული მწყდება ამ უკადრის თავდასხმებზე და იმ კამპანიაზე, რომელსაც პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები აწარმოებენ. ერთი საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, ხელისუფლებაში რომ იყვნენ უკეთესს რას გააკეთებენ და რა ტემპებში გააკეთებენ. რასაკვირველია, მათ უნდა პოლიტიკური ქულების მოპოვება და რაც ენაზე მოადგებათ ყველაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ უკადრისობას ნუ ჩადიან.

ძალიან კარგად ვიცი რა პოლიტ-ტექნოლოგიებით იბრძვიან საერთოდ ოპოზიციური პარტიები. პასუხისმგებლობა ნული და ილაპარაკე რაც გინდა. ასე არაა, აბა ბრძოლაში წარმოსახეთ თქვენი თავი, თუ ქალები ხართ, ქალურად, თუ კაცები ხართ კაცურად. ბრძოლა უნდა იყოს ღირსეული. დაუფიქრდნენ თავიანთ ნათქვამებს და იმაზე მეტს ნუ იტყვიან რისი თქმის უფლებაც არ აქვთ და არც ამის რესურსი არ გააჩნიათ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არასამთავრო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ისევ გვისმენენ, რაც მოგვიანებითრუსთავი 2“ -მა ჩანაწერების გამოქვეყნებით დაადასტურა. ხელისუფლება და მათი მომმხრეები მიიჩნევენ, რომ არასამთავრობოები თავიანთი აქტიურობით, აღმოჩნდნენ იმ პოლიტიკური პროცესებში ჩართულნი, რომელიც შესთავაზა საზოგადოებასნაციონალურმა მოძრაობამდარუსთავი 2“-მა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა, მორჩა. ასეთ წუმპეს არასოდეს დავუბრუნდებით. შვილები გავზრდოთ ისე, რომ რაც ამ ბატონებმა იკადრეს, არასოდეს აკადრონ თავის ქვეყანას და მოქალაქეებს. მათი ხიხინით მათდა სასარგებლოდ ქვეყანაში ვითარება ვერ შეიცვლება. მათი ერთადერათი ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა დასავლეთს წარუდგინონ ნეგატიური კუთხით და ამით ტკივილი მიაყენონ ქვეყანას. ეს არის მათი შინაგანი ამბიციის, ამპარატავნობისა და პანიკის შედეგი. მათი მხიდან მორალაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალური პროფესიონალიზმით, კეთილი უნდა ინებონ და პასუხი გასცენ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ამაში მე ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ სწრაფ და კვალიფიციურ გამოძიებას.

რაც შეეხება არასამთავროებს, ხშირ შემთხვევაში, მესმის რაღაცა წიკვინი, ამის უკან რაღაცა დაფინანსება დგას და ა.შ. სიმართლე გითხრათ ბევრი მათგანის ჩამოყალიბების აუცილებლობას ვერ ვხედავ. რა არის მათი სამიზნე, ის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს? ამას, რაღაც, ვერ ვხედავ. ვხედავ და ეს შეუიარაღებელი თავლითაც ჩანს, რომ არის გარკვეული დაფინანსება, რომელსაც გარკვეული ინტერესები აქვს. რაღაცა თემებია შემოვარდნილი, რომელიც უნდა გაიფურჩქნოს და ამას მოყვეს რაღაც აჟიოტაჟი. ახლა მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ კავლიფიციურად და წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა.

ბატონო ზაზა, რა არგუმენტებით პასუხობთ საზოგადოებას, რომ ახალი ხელისუფლება არ უსმენს მოქალაქეებს?

- ხომ ხედავთ სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ. თითქოს ხალხი ამ სკნადალებს რაღაცა საკვებივით ელოდება. სიმართლე გითხრათ ამ ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი, მაგრამ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ეს „რუსთავი 2“-მა თავისით დაამონტაჟა თუ რა მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სხვანაირად როგორ ვქნათ ახლა, დედა დავიფიცოთ, რომ ჩვენ არ ვუსმენთ? ამ შანტაჟის მოწყობას გამოძიება გაარკვევს. დაუკვირდით, როგორც კი არჩევნები მოახლოვდება რაღაცა თემები გამოვარდება-ხოლმე.

თქვენი კოლეგა დეპუტატების განცხადებით, გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენები მიმდინარებს ქვეყანაში...

- ხაჩიძე ზოგჯერ, მართლა „ორიგინალურობით“ გამოირჩევა. ერთხელ რაღაცა ჯიპი არ მოეწონა, ერთი ამბავი ატეხა ვინ არისო და აღმოჩნდა, რომ თურმე, თავისი მიწაზე ფორთხიალა პრეზიდენტის ცოლი დადიოდა ამ მანქანით. გამოიგონებს ხოლმე რაღაცეებს, რომ ორიგინალური იყოს, მაგრამ უნიჭო მცდელობებია. ამ კლოუნადას მოეშვეს, თუმცა, ვინ უშლის...

კითხვას ვსვამ, დაგითვლიათ ამათი მიწაზე ფორთხიალი, დორბლიანი პრეზიდენტი რამდენი მანქანით გადაადგილდებოდა ქუჩაში? ქუჩები იკეტებოდა საათობით. ამ კოლეგა დეპუტატის ექსპერიმენტებს სად ვზდიო, ტემპერატურამ რატომ აიწია, ან წვიმიანი ამინდები რატომაა... ნუ, ხაჩიზეს შეუძლია ვერსიები ჰქონდეს - ასეთი წვიმიანი ამინდები იმიტომაა, რომ რაღაცას ამზადებს ეს ხელისუფლება. ამ ლოგიკას ხომ ვერ გავყვებით. მათი გაგებით მოშაყირო ტიპის ექსპერიმენტები მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

რუსთავი 2“- ბოიკოტი გამოუცხადა ვიცე-სპიკერმა იმ მოტივით, როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი ჯოჯოხეთით გემუქრება, ნიშნავს, რომ ის მხარეა. რამდენად სწორია, ჟურნალისტებთან ასეთი დაპირისპირება?

- რასაკვირველია, „რუსთავი 2“ არის მხარე, „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი. რაც შეეხება ჟურნალისტებთან ქიშპს, მე ასე დავსვამდი საკითხს, ჟურნალისტობა არ ნიშნავს ყველაფრის კადრებას და ხელშეუხებლობას, მე ასე მგონია. ჟურნალისტიცაა და ჟურნალისტიც, არის რაღაცა დაქირავებული სოდ-ის თუ კუდ-ის თანამშრომელი, ვითომდა ჟურნალისტი ჰქვია და ამით ფონს გადის. ამავე დროს, არის ჟურნალისტი, რომლის წუხილს, აზრს, ფიქრს, მის პროფესიონალიზმს ხედავ. ყველა არაა ჟურნალისტი, ზოგი ნაძირლების ეტალონია. რასაკვირველია ყველა ჟურნალისტს არ ეხება ასეთი კრიტიკა. საზოგადოებასაც ჰყავს თავისი საყვარელი ჟურნალისტები, რომლებიც მოღვაწეობენ, როგორც ტელევიზიაში, ასევე ინტერნეტ გამოცემებში და გაზეთებში.

გაიხსენეთ, რას უკეთებდა „რუსთავი 2“ ტირაჟირებას, ვისი აპოლოგეტი იყო, რა შოუები აქვთ და რატომ იყვნენ ასეთ კომფორტულ მდგომარეობაში, მილიონებს რატომ პატიობდენ? კარგით რა, ზოგი ტელევიზიები სულ ღაფავდა, ზოგს კიდევ გზის ფული არ ჰქონდა, ზოგ ჟურნალისტებზე ტეროტს ახდენდნენ, ერთ სივრცეში უნდა გავიყვანოთ ახლა ესენი და „რუსთავი 2“? რასაკვირველია-არა.

ის პატარა კაცუნა, პატარა ბიჭუნა, რომელიც მართავს ამ „რუსთავი 2“-ს, ასეთი სახე წაშლილი და ნირწამხდარი არ უნდა გამოდიოდეს ტელეკრანებზე, ქალის ხმით არ უნდა კიოდეს ჯოჯოხეთს მოგიწყობთო. რომელ საზოგადოებას ელაპარაკება, რომელ საზოგადოებასაც „რუსთავი 2“ ჭირის დღესავით ეზიზღება, რომელ საზოგადოებასაც შესთავაზა ე.წ. ფილმი „ნომებრიდან ნომებრამდე“?

ყველა თანამდებობაზე იყო ასეთი ღვარძლის მთესველი. ჯერ იყო დეპუტატი, მერე გენერალური პროკურორის მოადგილე, მერე განათლების მინისტრად დანიშნეს, ამის მერე სასწავლებლად გაუშვეს, მერე ამ ტელევიზიას ჩაუდგა სათავეში, რაღაცა ხომ არის კაცო - ბიოგრაფია, წარსული. ვიღაცა რაღაცით ამაყობს და შენ კიდევ ასე, საზოგადოებას უკიჟინო, რომ ჯოჯოხეთს მოგიწყობ და ლამის წყევლა დაიწყო ტელეკრანიდან, არ ვარგა. არაფერი დაფარული არ არსებობს, რომელიც არ გამოაშკარავდება. ამას ყველაფერს აეხდება ფარდა, ასე არ დარჩება. არსებობს კანონი, რომელსაც გვინდა არ გვინდა, უნდა დავემორჩილოთ.