გალაკტიონის საბედისწერო ქალები

გალაკტიონის საბედისწერო ქალები

გალაკტიონი და მისი „მერი“ განუყოფელია მკითხველისთვის. მერი შერვაშიძის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი მაინც ძალიან დიდია - ვინ იყო, როგორი იყო, რას ამბობდა მასზე თავად პოეტი.

აი, რას წერს გალაკტიონი თავის მოგონებებში: „მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ, ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მე მსურდა. ერთხელ ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გავცოფდი და ამხანაგები მიხვდნენ, რომ აღარ უნდა ჩამციებოდნენ. მერი კი… ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

ოლია და მერი ერთსა და იმავე წელს ნახა გალაკტიონმა, პირველი გაიცნო, მეორე - ვერა. მის ცხოვრებაში ამ ორი საბედისწერო ქალის გამოჩენამ განსაკუთრებული და თავისებური სიახლე შეიტანა მის პოეზიაში. თუმცა პოეტის გული ოლიას სიყვარულმა გადასძლია.

ცნობისმოყვარეებს დღემდე აინტერესებთ: ვინ იყო მერი? პოეტისათვის მერი გაერთიანებული იყო მშვენიერებასთან, ღვთისმშობლის სახესთან. გალაკტიონი მთელი ცხოვრება ინახავდა მერის სურათს, შემდეგ კი ლადო გუდიაშვილისთვის გადაუცია დასახატად.

ლადომ მერის პორტრეტი 1973 წელს დახატა, როცა პოეტთა მეფე უკვე ცოცხალი აღარ იყო. გალაკტიონის მსგავს დიდ შემოქმედს ყოველთვის სჭირდება მუზა, რეალურ ცხოვრებაში კი თავისი რჩეული ჰყავდა.

გალაკტიონი გრძნობდა, რომ მერი მისი შორეული ოცნება იყო და პოეტისავე წარმოსახვაში შედგა ამ ქალის ჯვრისწერა, რამაც სამუდამოდ დააშორა მას. 1918 წელს კი მოხდა ის, რაც გალაკტიონმა 3 წლით ადრე იწინასწარმეტყველა -  ქუთაისში, მთავარანგელოზის ეკლესიაში, გიგუშა ერისთავმა ჯვარი დაიწერა მერი შერვაშიძეზე.