უფლებამოსილების გარეშე დარჩენილი მთავარსარდალი

უფლებამოსილების გარეშე დარჩენილი მთავარსარდალი

კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პრეზიდენტს სამხედრო ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლება ერთმევა. „სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას“ პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს. ინიციატივა საქარველოს მთავრობას ეკუთვნის, კანონპროექტი კი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი პარალამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანოპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ არასამთვარობო სექტორის წარმომადგენლებს და ეს შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაუგზავნეს.

გაიზიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო სექტორის შენიშვნებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოს მსგავსი კონსტიტუციური მოდელის ქვეყნებში, „სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას“ ხელს პრეზიდენტი აწერს. უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობს პრეზიდენტის ინსტიტუტი და უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი განმარტვას, რომ მობილიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია საომარ მოქმედებასთან, შესაბამისად ჩნდება კითხვა, ვინ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება მიიღოს საომარი მოქმედების გამოცხადებაზე.

„ქვეყნის მთავარსარდალი, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - გამოაცხადოს თუ არა საომარი მდგომაერება და რაც მთავარია, რა რესურსით გაუმკლავდეს მტერს, ეს კანონპროექტი პრეზიდენტს ინფორმირების საშუალებასაც კი არ უტოვებს“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ამ პოზიციას არ იზიარებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და აცხადებს, რომ საკანონმდბელო ცვლილება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამ განაპირობა. ის ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის პრეროგატივაში შედის საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება

„მაგრამ რაც შეეხება სამობილიზაციო გეგმას, ამას ამტკიცებს მთავრობა, რამდენადაც ეს არის კოლეგიალური ორგანო, რომლის დაქვემდებარებაში და ასევე პასუხისმგებლობაშია სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი სამობილიზაციო გეგმების შესრულება“, - ასეთია ირაკლი სესიაშვილის არგუმენტი.

კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ქვეყნის პირველ პირს სამხედრო ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლება ერთმევა, საკუთარ პოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით დააფიქსირებს. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მათი პოზიცია კონსტიტუციური ჩანაწერებიდან იქნება გამომდინარე. თუმცა რა პოზიცია ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. 

„აღნიშნული კანონპროექტის თაობაზე დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია, რომელიც გამომდინარე იქნება კონსტიტუციიდან და იმ უფლებამოსილებიდან, რაც არის გადანაწილებული კონსტიტუციის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პოზიციას კონსტიტუციიდან გამომდინარე დავაფიქსირებთ“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კანონის განხილვაში ჩართული იყო „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობისას არასამთავრობო სექტორმა საკუთრი ხედვა წარუდგინა თავდაცვის სამინისტროს.

„რაღაცა ნაწილზე შევთანხმდით, რაღაცა ნაწილზე ვერ შევთანხმდით. შემდგომ ეს კანოპროქტი წავიდა მთავრობაში და მთავრობის სხდომის შემდეგ წავიდა პარლამეტში. მთავარი პრობლემა რაზეც მაშინ მქონდა საუბარი და რასაც ახლაც ვამბობ გახლავთ ის, რომ აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის როლი, არასწორად არის ინტერპრეტირებული, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. შეიძლება ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელება და ამ უფლებამოსილების მთავრობასთან გადატანა, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისეთი ტიპის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორიცაა უსაფრთხოების კონცეფცია, უნდა ჩანდეს პრეზიდენტის როლი, რადგან პრეზიდენტია სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი“, - ამბობს აქუბარდია.

მისივე განცხადებით, როდესაც საუბარია სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებს, პოლიტიკური კონსენსუსის საგანი უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ამ საკითხში იყოს გამოკვეთილი.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საგანგებო, საომარ და კრიზისულ შემთხვევებში ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათაშორისი კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელში გადადის და როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, სწორედ ეს ქმნის პრობლემას კონსტიტუციასთან.

„საომარი ვითარების შემთხვევაში პრეზიდენტია მთავარსარდალი, ის გამოსცემს დეკრეტებს, ბრძანებებს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში უწყებათაშორისი მექანიზმის განხორციელების უფლება პრემიერის სათათბირო ორგანოს ჰქონდეს.

მთავრობას და პარლამენტს უნდა ჰქონდეს რეალური ხედვა, როგორი უნდა იყოს ახალი კონსტიტუციის ფონზე უსაფრთხოების არქიტექტურა და საომარი მდგომარეობის ვითარებაში სად არის პრეზიდენტის ფუნქციები, სად არის მისი სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს და მთავრობის და პრემიერის ფუნქციები. შეიძლება ვინმეს კონსტიტუციაში რაიმე ჩანაწერი არ მოსწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონსტიტუცია, ყველა ნორმატიული აქტი კონსტიტუციასთნ უნდა იყოს შესაბამისისობაში“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. ის ამბობს, რომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება ამ საკითხებს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

„ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს. თუ მუდმივად ვიქნებით ასეთ რეჟიმში - ბურთი ხან იქეთ გადავაგდეთ და ხან აქეთ, ეს ყველაფერი არც თუ ისე კარგია სახელმწიფოსთვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს მწყობრი სახელელმწიფო ინსტიტუციონალური სისტემა, რომლის რხევაც მინიმუმადე იქნება დაყვანილი.

იმ გამოწვევების და საფრთხეების პირობებში, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ამ შემთხვევაში კიდევ გაურკვევლობები და კითხვის ნიშნები არანაირად არ არგია ქვეყანას. საჭიროა სერიოზული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტიციასთან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.