მოსალოდნელია თუ არა  აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის შეჭრა და რას უქადის ეს საქართველოს

მოსალოდნელია თუ არა აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის შეჭრა და რას უქადის ეს საქართველოს

ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის შეჭრის საფრთხე, დასავლეთის მხრივ არაეფექტიანი „პერსონალური“ ანტირუსული სანქციების შემოღების მიუხედავად, კვლავ მაღალია. საქართველოს ოკუპაციის მსგავსად, ყირიმის ანექსიით შექმნილი „ახალი რეალობის“ განსამტკიცებლად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისა და უკრაინის ნაწილის – ყირიმის ანექსიაზე დასავლეთის უნიათო რეაქციის ფონზე, კრემლს უკრაინასა და საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია სჭირდება.

უკრაინაში კრემლის შეჭრის სცენარები

დღემდე კრემლის საწინააღმდეგო სანქციებიდან ყველაზე არსებითად მიჩნეულია, ვაშინგტონის მიერ 2014 წლის 1 მარტიდან მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების მოწყობილობის რფ–ში საექსპორტო ლიცენზიების გაცემის შეჩერება, ხოლო 28 აპრილიდან – მათი გაცემის საერთოდ აკრძალვა. დასავლეთის მიერ სხვა ეკონომიკური სანქციების შემოღება დღემდე არ განიხილებოდა.

„ფაინენშნლ თაიმსის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2014 წლის მაისის დასაწყისიდან განიხილება აშშ–სა და ევროკავშირის მხრივ, რუსეთის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლების – „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ საწინააღმდეგო აკრძალვები. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰ. ვ. რომპეიმ კიევში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ სანქციების ეს „მესამე ტალღა“ რუსეთის მხრივ, 2014 წლის 25 მაისს დანიშნული, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში ამოქმედდება.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სანქციები თვით დასავლურ კომპანიებს 6 მლრდ დოლარიან ბაზარს დააკარგვინებს და რუსეთის ენერგოსექტორზე ნეგატიურად მხოლოდ სამი წლის შემდეგ აისახება. რუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტ ზიანს, ჯერ–ჯერობით სანქციები კარის და შავი ზღვების შელფის ათვისებას, ასევე ე.წ. „მძიმე ნავთობის“ დამუშავებას მოუტანს (http://topneftegaz.ru/news/view/105272). სავარაუდოდ, ჩაიშლება ‘როსნეფტის“ მიერ ამერიკული ბანკის „მორგან სტენლის“ ნავთობით მოვაჭრე ფილიალის შესყიდვის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები. ასევე მოსალოდნელია „როსნეფტისა“ და ამერიკული „ექსონ მობილის“ თანამშრომლობის ჩაშლა არქტიკული და შავი ზღვის შელფების ერთობლივ ათვისებაზე, „სახალინის 2“–ის თხევადი გაზის ქარხნის მშენებლობაზე. სანქციები უნდა შეეხოს „გაზპრომისა“ მიერ ფრანგული „ტოტალთან“ და ნორვეგიულ „სტატოილთან“ ერთად, კარის ზღვაში მდებარე გიგანტური შტოკმანის საბადოს ათვისებასაც. საქმე ისაა, რომ არც ერთ რუსულ კომპანიას არ გააჩნია ე.წ. ღრმაწყლიანი ბურღვის (Deepwater drilling) დანადგარები. ამდენად, ციმბირისა და ვოლგისპირეთის ენერგორესურსების ამოწურვის პირობებში, შელფის ათვისების გარეშე, რფ–ს საბიუჯეტო კრიზისი ემუქრება, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში.   

ზემოაღნიშნულის და უკრაინის ცენტრალური მთავრობის სისუსტის გამო, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეეცდება არ შეჩერდეს მიღწეულზე და დაუყოვნებლივ განაგრძოს, ერთის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინის სამ ოლქში შეჭრისათვის მზადება, და მეორეს მხრივ, საქართველოზე გამავალი რუსეთის კონკურენტული „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ დაბლოკვა. სავარაუდოდ, ის გამოიყენებს როგორც ყირიმის გამოცდილებას, ისე სხვადასხვა კომბინაციებს. თუმცა, კრემლი კონკრეტულად ღია აგრესიას გამოიყენებს, თუ ნაწილობრივ შეჭრას ე.წ. „მწვანე კაცუნებით“, ამის გარკვევა რთულია. დრეისათვის არსებობს ოთხი სცენარი:

პირველი სცენარია ის, რომ კრემლი შეიძლება შეჩერდეს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ჯარების თავმოყრაზე. ეს მოსკოვს „იარაღის ჟღარუნის“ იმიტაციისათვის სჭირდება. რუსეთმა უკვე მიიღო ყირიმი და საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო ესკალაცია მას „ახალი რეალობის“ განსამტკიცებლად სჭირდება. ეს სცენარი ამჟამად ხორციელდება, მაგრამ მისი მუდმივად შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან საზღვრისპირა ოლქებში დაძაბულობა სულ უფრო იზრდება და კიევი ადგილობრივ სეპარატისტებს, ზოგ შემთხვევაში ეფექტიანად ებრძვის;

მეორე სცენარით, რუსეთი ძაბავს სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში და ამას „ყირიმისაკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრის“ წინაპირობად იყენებს. „დერეფანმა“ შეიძლება დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე გაიაროს;

მესამე სცენარია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიარაღებული სეპარატისტული ამბოხების დაწყება და შესაბამისად რუსული ჯარების უკრაინაში, დნეპრისპირეთამდე შეყვანა. ამით პუტინი უკრაინას გაყოფს დნეპრის გასწვრივ ორ ნაწილად – პროდასავლურ და პრორუსულ კვაზი სახელმწიფოებად;

მეოთხე სცენარით, რუსეთი არა მარტო უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთის, არამედ სამხრეთ–დასავლეთის რეგიონებზეც გაატარებს სტრატეგიულ სახმელეთო „დერეფანს“, რათა ყირიმის საოკუპაციო ძალები და დნესტრისპირეთში დისლოცირებული მე–4 რუსული არმია დააკავშიროს ერთმანეთთან. ეს ანკლავი მოიცავს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებს, ოდესის საზღვაო პორტთან ერთად.

ამ სცენარებიდან კრემლი შეარჩევს იმას, რომელიც ყველაზე ეფექტიანი იქნება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ კრემლი მეორე სცენარით იმოქმედებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ყირიმი სურსათის 85%–ს უკრაინის სამხრეთ ოლქებიდან იღებდა და დღეს სურსათით მომარაგებაში იქ პრობლემებია. ამასთან, მუდმივად მზადყოფნის და მანევრების პირობებში ყოფნა, ანუ პირველი სცენარის 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელება, რუსული ჯარის საბრძოლო სულისკვეთებას ასუსტებს. საქმე ისაა, რომ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჯარი ან  ბრძოლაში უნდა ჩაერთოს, ან შეწყვიტოს მანევრები და საბრძოლო მზადყოფნა.

მესამე და მეოთხე სცენარების გამოყენებაც არარეალურად მიგვაჩნია, ვინაიდან ის რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ უკრაინის 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას ყირიმისკენ „დერეფნის“ გასაჭრელად. ანალოგიური ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს წინააღმდეგაც. 

როგორია ყირიმის ანექსიის გაკვეთილები საქართველოსთვის

XX ს. ბოლოდან კასპიისპირეთში ენერგომატარებლების ფართომასშტაბიანმა მოპოვებამ და ტრანზიტმა: ა) ერთის მხრივ, უზრუნველყო საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოება; ბ) მაგრამ მეორეს მხრივ, სტაბილური ექსპორტისათვის, განსაკუთრებით 2008 წლის რფ-საქართველოს ომის შემდეგ, საჭირო გახდა ამ ქვეყნების სამხედრო და სატრანსპორტო–საკომუნიკაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს ეს საკითხი ისევ აქტუალურია.

გორის რაიონის სოფ. ყარაფილაში, ოკუპირებულ სოფ. ორჭოსანსა და ქართული მხარის კონტროლირებად სოფ. ფერმას შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარე საზღვრის დაფიქსირებას აპირებს ბაქო-სუფსას მილსადენის გადაკვეთით. ეს გამოიწვევს ამ მილის 1600 მ მონაკვეთის ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას, რაც ოპერატორი კომპანიის BP-ს, აგრეთვე «შაჰდენიზისა» და AIOC-ის დანარჩენი დასავლელი აქციონერების მხრივ, პროტესტებს გამოიწვევს.

სააგენტო apsny.ge-ს ინფორმაციით, 2013 წლის შემოდგომაზე ტელეკომპანია «ტაბულა» აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა კომპანია BP-ს, ბრიტანეთის საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. 

სატრანზიტო კომუნიკაციები საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე ათეულ კმ–ში გაივლიან არაღიარებული ყარაბაღიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, რაც კომუნიკაციების სამხედრო უსაფრთხოების საჭიროებას წარმოშობს.

საინტერესოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული ჯარებიდან, სავარაუდოდ, დასავლეთზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის, არაზუსტად  ნასროლი რამდენიმე ჭურვი და რაკეტა აფეთქდა მილსადენების უშუალო სიახლოვეს. ამ დროისათვის, რეგიონში დისლოცირებულია რფ-ს ორი არმია, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში არიან. რუსი სამთავრობო ექსპერტების ნაწილი არ ფარავს, რომ რუსები შეეცდებიან მილსადენების გადაკვეთით „გაჭრან“ დერეფანი სამხრეთ ოსეთიდან, ბორჯომის გავლით ჯავახეთში, რათა გიუმრისთან დამყარდეს სახმელეთო სატრანსპორტო კავშირი. რუსეთი ძალის დემონსტრირებისა, და სავარაუდოდ, გიუმრის ბაზასთან დასაკავშირებლად, საქართველოში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას განახორციელებს ასევე სირიაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაშიც. სომხურმა მხარემ, რომელიც რუსეთისა და ირანის სტრატეგიული მოკავშირეა და რომელიც სატრანსპორტო-ინფრასტრუტურული პროექტების მიღმა დარჩა, არაერთხელ განაცხადა, რომ შეუძლია დაბომბოს მილსადენები და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციები. ანალოგიურად, ირანის ხელისუფლებამაც რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მხრიდან მასზე სამხედრო შეტევის შემთხვევაში, ის კასპიის საბადოებსა და მილსადენებს დაარტყამს. მეტიც, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და 2010 წელს  გიუმრის ბაზის მოქმედების ვადის 49 წლით გახანგრძლივების შესახებ რუსეთ–სომხეთის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (რატიფიცირებულია 2011 წელს), რუსი ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ „რუსეთი დაბრუნდა კავკასიაში“, ხოლო გიუმრის რუსულ ბაზას სომხეთის „სასიცოცხლო ინტერესების დაცვა“ დაევალა.

რუსეთ–სომხეთის სახმელეთო გზის დღემდე არარსებობის გამო, მოსკოვის მოკავშირე სომხეთში არსებული რფ-ს გიუმრის სამხედრო ბაზის მოვალეობად (მეზობელი ქვეყნებზე ზემოქმედების გარდა), რჩება ერთადერთი ფუნქცია – დასავლური ენერგომარშრუტების დესტაბილიზაცია. ვანაძორში და იჯევანში, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან, რუსეთი გეგმავს მეორე ბაზის გახსნასაც (მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები). ამ ბაზიდან უშუალო მუქარა შეექმნება სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს აზერბაიჯანსა და საქართველოში. ამიტომ, მომავალი ბაზის მანევრულობას ერევანი და მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ბაზაზე იგეგმება საშუალო დიაპაზონის რადიოსალოკაციო სადგურის აგება, რამაც მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ობიექტების თავზე საჰაერო სივრცე უნდა გააკონტროლოს. ბაზაზე გიუმრიდან, სავარაუდოდ, გადასროლილი იქნება ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკი 500 სამხედრო მოსამსახურით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შსს-მ, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შიდა ქართლის სოფლების ყარაფილას, ფერმას მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC), ბრიტანეთის და აზერბაიჯანის საელჩოების, კომპანია BP-ს ყურადღება გაამახვილონ, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ „ბორდერიზაციით“ საერთაშორისო მილსადენების ფუნქციონირების შესაძლო შეფერხებებზე.