რასმუსენმა რუს ექსპერტს იმედები გაუცრუა

რასმუსენმა რუს ექსპერტს იმედები გაუცრუა

„საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით, ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ, მაგრამ როგორ - ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია“, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში, საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე რუსი ექსპერტის კითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ან ალიანსში მიპატიჟებას.

„უელსის სამიტზე დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ აისახება ეს პოზიცია სამიტზე. ჩემი აზრით, საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანით.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ სამიტზე, მაგრამ როგორ - ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რომელიც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრება, აცხადებს, რომ ნატო–ს გენმდივანმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მადლიერება გამოხატა საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აუცილებლად აისახება ნატო–ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში ხელშესახები მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირებით.

„ამ უახლოესი კვირეების განმავლობაში წარიმართება ძალიან სერიოზული კონსულტაციები და რეალური, ხელშესახები პროგრესის ადექვატურად ასახვა მოხდება ნატო-ს გადაწყვეტილებებში. მე მქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების, მან დიდი მოლოდინი გამოთქვა მომავალი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის, რომელიც გაიმართება თავდაცვის მინისტრების დონეზე.
მანამდე კი იქნება მთელი რიგი შეხვედრები ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული კონტურები საქართველოსთვის მისაღები გადაწყვეილების თაობაზე“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ უელსის სამიტზე აღიარება იქნება ყველა მოკავშირის მიერ, თუ რაოდენ დიდი პროგრესი აქვს კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, საქართველოს. მისივე თქმით, რა ფორმით მოხდება საქართველოს პროგრესის აღიარება, ამაზე მოკავშირეები კვლავ საუბრობენ.

„რა ფორმით იქნება აღიარება, მოკავშირეები კვლავ საუბრობენ და კვლავ გადასაწყვეტია, მაგრამ რეალური დაფასება იქნება იმ უზარმაზარი პროგრესისა, რომელიც საქართველოს აქვს. უელსის სამიტზე იქნება აღიარება ყველა მოკავშირის მიერ, თუ რაოდენ დიდი პროგრესი აქვს კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით საქართველოს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი გზა განვლო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი, ღია არჩევნების ჩატარების მხრივ“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯით ქვეყანა კმაყოფილი იქნება. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია არამარტო თავდაცვის, არამედ ბევრი მიმართულებით.

ფანჯიკიძის განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სწორედ ეს პროგრესი მოეთხოვებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე როგორც საქართველო, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და წევრი ქვეყნები ამ პროგრესის ადეკვატურ ასახვას ელოდებიან.

„აბსოლუტურად ვეთანხმები იმ გამონათქვამებს, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ ბრატისლავაში გაკეთდა. ასევე, ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ გამონათქვამებს. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს ის პროგრესია, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მოეთხოვებოდა. ეს პროცესი კიდევ უფრო ვითარდება.
თუ რა ფორმით მოხდება ამ პროგრესის ასახვა, ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. სამ თვეზე მეტია, დარჩენილი ნატო-ს სამიტამდე და ამ პერიოდში მოხდება კონკრეტული ფორმის ჩამოყალიბება. ჩვენ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯით კმაყოფილები ვიქნებით“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ საკმაოდ სერიოზული მხარდამჭერი განცხადება გაჟღერდა ნატო-ს გენერალური მდივნისაგან. ფხალაძე ამბობს, რომ არ შეიძლება რასმუსენს მოვთხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე მას შეუძლია გააჟღეროს და მეორე, არ მოვთხოვოთ მას ის გადაწყვეტილება, რაც 28 სახელმწიფომ ერთად უნდა მიიღოს.

„რასმუსენი არის ნატო-ს გენერალური მდივანი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფოები. აქ 28 სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს კონსესუსს, ამიტომ, ბუნებრივია ნატო-ს გენერალური მდივანი ვერ იტყვის, რომ მიღებული იქნება კონრეტულად ეს გადაწყვეტილება და ვერ გვეტყვის ზუსტ ფორმულირებას.

მთავარია, ყველა შემთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოსთან დაახლოების კუთხით, რომ საქართველო არის სერიოზული და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ალიანსის უსაფრთხოებაში. არა მარტო ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებშიც ვერთვებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარისას თენგიზ ფხალაძე.

მისი თქმით, ყველა შეთანხმებულია და პრინციპი, რომ საქართველოს ეს პროგრესი ღირსეულად იყოს დაფასებული, ამაზე კონსესუსი არსებობს. ფხალაძის განცხადებით, ახლა საუბარია იმაზე, როგორი ფორმულირებით უნდა ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი. ამის სამუშაოდ კი მისი თქმით, არის 4 თვე და დღეისათვის ზუსტ ფორმულირებას ვერავინ ვერ იტყვის.

„მაგრამ ის პრინციპი, რომ ყველა იძახის საქართველომ განიცადა პროგრესი და ეს პროგრესი ძალიან ნათლად და ორაზროვნების გარშე უნდა დავაფასოთ, ეს უკვე ძალიან კარგია“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბრატისლავში გენერალურმა მდივანის მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მუჩაიძის განცხადებით, სანამ კონსესუსი არ იქნება მიღწეული ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, მანამდე გენერალური მდივანი ვერ ისაუბრებს კონკრეტულ გადაწყვეტლებაზე.

„თუ გადავხედავთ წინა ისტორიას, იგივე ბუდაპეშტის სამიტზე ჩვენი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სამიტის განმავლობაში სულ რამდენიმე საათში. სახელმწიფო მეთაურები შეთანხმდნენ, შესაბამისი კონსესუსი შედგა ამ საკითხზე და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, შესაძლებელია იგივე მოხდეს მაპთან დაკავშირებით. შეიძლება საბოლოო გადაწყვეტლება მიღებული იქნას სამიტამდე, ან სამიტის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება მაპი თუ არა, ეს მეორე საკითხია. დღეს ძნელია ამის პროგნოზირება. მთავარია, რომ არის კონსესუსი ნატოში იმის შესახებ, რომ საქართველო წინ მიდის თავისი ვალდებულების შესრულების და დემოკრატიის კუთხით. ამიტომ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რა იქნება ეს, ჯერჯერობით შეთანხმებულია არაა, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ იქნება გადადგმული, ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.