დარბაისელი ჯანყარაშვილის კადრია?

დარბაისელი ჯანყარაშვილის კადრია?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, შესაძლოა, დაკავებული თანანმდებობა საკუთარი ნებით უახლოეს მომავალში დატოვოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, სოზარ სუბარი უწყებაში მიმდინარე პროცესების გამო პროტესტს გამოხატავს და პოსტიდან წასვლას გეგმავს.

წყაროს ცნობით, თავის დროზე, სოზარ სუბარის გაღიზიანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დიმიტრი დარბაისელის დანიშვნამ გამოიწვია, ამჟამად კი, მინისტრი თანანმდებობის პირებზე პრემიების გაცემის გამო აღშფოთებულია.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციის კონტროლის მიზნით, ზვიად ჯანყარაშვილის რჩევით ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტზე დარბაისელი დანიშნა, რასაც მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. სუბარი პატიოსანი და წესიერი კაცია, რომელიც უწყებაში მიმდინარე პროცესებმა და ბოლოს, პრემიების გაცემამ წყობიდან გამოიყვანა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ვარაუდობს, რომ მინისტრი საკუთარ თანანმდებობას 15 ივნისის არჩევნების შემდეგ დატოვებს.

სოზარ სუბარს სამინისტროდან წასვლა რომ სურს, ამას არც თავად მალავს და დღეს განაცხადა, რომ პოსტის დატოვების თაობაზე ბიძინა ივანიშვილს ორჯერ მიმართა, ერთხელ კი ირაკლი ღარიბაშვილს.

თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, სოზარ სუბარი პოსტს შეინარჩუნებს, თუ მანამდე სამინისტროს „გაწმენდს“, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მინისტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების გამო უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავს და ამბობს, რომ პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელად და გაუმართლებელად გაიცა.

მისი თქმით, გაუმართლებელია, როდესაც მინისტრთან შეთანხმების გარეშე, მსგავსი პრემიები გაიცემა.

„პრემიების გაცემის თაობაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მქონდა და დეპარტამენტის ხელმძღვანელს პასუხი ძალიან მკაცრად მოვთხოვე. მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოს, ფული დარჩენილი იყო, რომელიც გაანაწილეს“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელსაც კითხვები დარბაისელის საკადრო პოლიტიკასთანაც აქვს.

სუბარის განცხადებით, საკადრო პოლიტიკაც სად-ის უფროსის პრეროგატივაა, მაგრამ ამ დროისთვის, თანანმდებობებიდან ბათუმის ციხის უფროსი და გიორგი ყავლაშვილი გაათავისუფლეს.

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, სოზარ სუბარი სწორ გზაზე დგას.

„საპატიმროებში ვითარება შეიცვალა და ეს სუბარის დამსახურებაა. ეს ციხე ეგზეკუციის ინსტიტუტი იყო და იქ რა ხდებოდა, გვახსოვს. ციხე სამართავად რთულია და როგორც ვიცი, იქ ახალი გუნდია მისული, რომელმაც სტაბილური ვითარება შექმნა. მგონია, რომ სოზარი სწორ გზაზე დგას. იდეალური სიტუაცია არსად არ არის და რაღაც ნაკლოვანებები, რომელიც იქნება გამოსწორდება“, - აღნიშნა ალასანიამ, რომლის მსგავსად, სოზარ სუბარის საქმიანობას დადებითად აფასებენ უმრავლესობის წევრები, მაგრამ ისინი დარბაისელის მიერ გაცემული პრემიების გამო გაღიზიანებას არ მალავენ.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების ფაქტი უმრავლესობაში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

დეპუტატის თქმით, საჯარო მოხელეს ის ხელფასი უნდა ჰქონდეს, რაც მისი შრომის ტოლფასია. ვიცე-სპიკერის შეფასებით, ხელისუფლებამ ის შეცდომები არ უნდა დაუშვას, რის გამოც, თავის დროზე, ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა.

„რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის პრემიის გაცემა ჩემთვის მიუღებელია. დეპარტამენტმა უნდა ახსნას, რით იყო განპირობებული მათი გადაწყვეტილება. იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი საქმე მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს, თანამშრომელთა წახალისების მომხრე ვარ, მაგრამ ამ რაოდენობის პრემიის გაცემას ვერ დავუჭერ მხარს“, - აცხადებს კობახიძე.

ვიცე-სპიკერის მსგავსად, სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი პროცესების შეფასებისას თავშეკავებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარე. ეკა ბესელია აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში, სოზარ სუბარს შეხვდება და საქმის დეტალებს გაარკვევს.

„სასჯელააღსრულების სისტემას ვიცნობ და ვიცი, რომ ურთულესია. შესაბამისად, მესმის, რომ იქ ბევრი რთული მომენტი იქნება. პრემიების თემა ძალიან მძიმე საკითხია, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ვამბობდით, რომ სოციალურად შეჭვირებულ მოსახლეობას დავეხმარებოდით. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, შესასწავლია, უწყებაში ვინ არის ისეთი, რომელიც თანანმდებობას არ შეესაბამება“, - აღნიშნავს ბესელია.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი უფრო რადიკალურია და თავის გუნდს შეახსენებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სხვა ლოზუნგებით მოვიდა, ხოლო ამჟამად რაც ხდება ცუდია.

როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, პრემიები „ზონდერებზე“ გაიცა თუ „არაზონდერებზე“, ეს მინისტრმა უნდა გამოარკვიოს, რომელიც სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია. დეპუტატის მოსაზრებით, თუ პრემიები გაიცა და ეს გარკვეულწილად დასტურდება, ამგვარი პრემიის გაცემა არავის არ შეუძლია, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია.

„არ მაინტერესებს, რა მიზეზებს მოშველიებენ ამხელა პრემიის გაცემისას. პრემიალური სისტემა უნდა არსებობდეს, მაგრამ გააჩნია - ჩინოვნიკის წარსულს და პრემიის რაოდენობას. მინისტრისგან მოვისმინე, რომ ზოგიერთი თანამშრომლის მორალური თვისებები მისთვის მიუღებელია. ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული, მათი მორალური სახე არ არის მდგრადი და ისინი გასვრილნი არიან ათას უბედურებაში, ასეთი ადამიანები სახელმწიფო სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

ცაგარეიშვილის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ იმისთვის არ აურჩევია ხალხს, რომ „ზონდერები“ უფროსებად დანიშნონ, ყოფილი ნაციონალები კი თვითმართველობებში დაასაქმონ.

„უწყებაში ამორალური პიროვნებების მიყვანა უზნეო საქციელია, ვისგანაც არც უნდა მომდინარეობდეს ეს - მინისტრი იქნება, თუ სხვა. როცა იმ უწყებაში ამორალური ადამიანი მოგყავს, სადაც ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდნენ, შენც ამორალური ხარ და უნდა დაუკვირდე, ვინ მოგყავს. მინისტრზე არ ვსაუბრობ, ეს ვისაც ეხება და თავად მიხვდება. უკანონო საქმიანობა არავის უნდა ეპატიოს, მათ შორის ეს იქნება დარბაისელი თუ სხვა. მოროშკინას გულისწყრომის მესმის, რადგან მახსოვს, ხელისუფლებაში რა ლოზუნგებით მოვედით“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობის მსგავსად, სასჯელაღსრულების სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს ნეგატიურად აფასებს უმცირესობა.

ირმა ნადირაშვილი ინტერესდება, მინისტრი, რომელსაც პრემიების გაცემას არ ეკითხებიან, პოსტს რატომ ინარჩუნებს.

„სუბარმა თქვა, რომ დეპარტამენტის უფროსს მკაცრად ელაკაპარაკა. ეს იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებიც 22 წელი მუშაობენ, რომ დარბაისელის ხელფასი აიღონ. ამას გარდა, დარბაისელის ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშუალი, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, რის გამოც ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის. სუბარი არადეკვატურია და ეს ახალი არ არის, მაგრამ მას იმასაც თუ არ ეკითხებიან, რამდენ პენსიას და ხელფასს გასცემენ, მაშინ რატომ არის მინისტრი?“, - აღნიშნავს ნადირაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს პავლე კუბლაშვილი.

ოპოზიცონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დარბაისელი პოსტს ისევ ინარჩუნებს, რაც დაუშვებელია.

„ამ საქმის კურსში მინისტრი არ იყო და დარბაისელი პოსტს ინარჩუნებს, ეს ხომ აბსრუდია?! წინა წლებთან შედარებით, გასულ წელს, 138 მილიონით მეტი პრემია გაიცა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

თუ რა შედეგი მოჰყვება ბესელია-სუბარის და უმრავლესობა-სუბარის შეხვედრას, ამის თქმა ძნელია, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოწერილ პრემიებს თანანმდებობის პირები ამ დრომდე ინარჩუნებენ. არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპატრულო პოლიციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა უჩა მაღლაფერიძემ დეკემბერში, პრემიის სახით - 23,467.68 ლარი მიიღო, მისმა ძმამ ჯაბა მაღლაფერიძემ - 21,435.67 ლარი, დარბაისელის მოადგილემ გოგი გახარიამ - 39,130.34 ლარი, ასევე მოადგილემ ვლადიმერ ბუნტურიძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო - 38 390 ლარი, მონიტორინგის სამმართველოს უფროსის უკვე ყოფილმა მოადგილემ გიორგი ყავლაშვილმა - 17,125 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ზურა ალხაზიშვილმა კი - 17,337.53 ლარი.

ზემოთ აღნიშნულ პირებს სოზარ სუბარის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ „ზონდერები“ უწოდა. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ მაღლაფერიძე ამოცნობილია 7 ნოემბრის დარბევის კადრებში, რომელიც წაქცეულ მომიტინგეს წიხლს ურტყამს. გახარია წარსულში შს სამინიტროში უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო, ხოლო გიორგი ყავლაშვილს ბრალი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის განზრახ დაზიანებაში დასდეს.