პასუხის, პასუხი ხელისუფლებას. დიმიტრი დარბაისელის მიერ დაწინაურებული ყოფილი ზონდერები, მოქმედი ხელისუფლების მხილებას, სწორედ ციხიდან გეგმავდნენ. მიზანი ნათელია, ციხე ისევ შიგნიდან უნდა გატყდეს. კუდ-ის მაღალჩინოსნების ჩანაფიქრს წერტილი დაუსვა სასჯელაღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი და ბათუმის ციხის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიმიტრი დარბაისელს, მინისტრი ამბობს, რომ შეუცვლელი არავინაა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა განცხადებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე მაღალი პრემიების გაცემის შესახებ. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუშაობის დროს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.
უჩა ნანუაშვილი დეტალებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ ადასტურებს, რომ მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა. მისი თქმით, მონიტორინგის წევრების მიმართ სად-ის თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტები განსაკუთრებით აპრილის თვეში დაფიქსირდა.
„სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ჩვენს რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა და მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. იმისათვის, რომ დაძაბულობა განემუხტათ, ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად შევიდნენ ოთახში და შეეცადნენ იქ გაერკვიათ რა ხდებოდა, მაგრამ ადმინისტრაციის თანამშრომელმა არ მოისურვა მათთან საუბარი, ამის შემდეგ კი კარი გარედან ჩაკეტა.
იყო შემთხვევა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ არ აძლევდნენ პატიმართან შეხვედრის უფლებას, პატიმარს სხვადასხვა მიზეზების გამო საკანში არ უშვებდნენ, თუმცა გაირკვა, რომ მიზეზები არარეალური იყო და ხელოვნურად ხდებოდა გაჭიანურება. იყო მოთხოვნები, რომ მოეხსნათ მაჯის საათები, არადა მათ საათები სამუშაო პროცესისთვის სჭირდებათ. მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა. ახლა რა შეიცვალა, რა ხდება, ზუსტად ეს მაინტერესებს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
მაშ ასე, პოლიციის პოლკოვნიკის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბედი უახლეეს დღეებში გადაწყდება. დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მალე, სასჯელაღსრულების მინისტრთან შეთანხმების გარეშე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კუდ-ის ყოფილი მაღალაჩინოსნების, ე.წ. „შტატიანი ოდეერების“ თავშესაფრად აქცია.
For.ge-ს ინფორმაციით ისინი უშუალოდ კუდ-ის ხელმძღვანელის დათა ახალაიასთან დაახლოებული პირები იყვნენ. დათა ახალიას მარჯვენა ხელი და მისი დავალების უპირობა შემსრულებელი იყო გიორგი ყავლაშვილი, რომელიც სად-ში დარბაისელმა დააწინაურა და პრემიაც გამოუწერა. სწორედ, დარბაისელის დანიშვნის შემდეგ გახშირდა ქართულ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების სიკვდილიანობის ფაქტი, ე.წ. ობშიაკის თანხის შეგროვება.
რატომ და რა მიზნით დააწინაურა კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები და ზონდერები, რა დამსახურებისთვის გასცა მათზე პრემიები და რატომ არ უთანხმებდა გადაწყვეტიელბას მინისტრს, ამ კითხვებს თავად სად-ის თავმჯდომარე პასუხს არ სცემს.
დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თავმჯდომარის თანამდებობა დეკემბერში, მას შემდეგ დაიკავა, რაც ცნობილი გახდა, რომ შს მინისტრი პრემიერის თანამდებობას დაიკავებდა. როგორც ცნობილია, ის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ წლების განმავლობაში ის შსს-ს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, 2008 წელს კი უწყება პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, ძალოვან უწყებაში 2012 წელს დაბრუნდა. დარბაისელი, თამაზ თამაზაშვილის, დისშვილთან ზვიად ჯანყარაშვილთან დაახლოებული პირია და მის დაწინაურებაც თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დამსახურებაა. პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებული პოლიციის პოლკოვნიკი იმდენად გათამამდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრს უკვე აღარ ემორჩილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას ვინ სად დანიშნოს, ვინ გაათავისუფლოს და ვინ წაახალისოს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი რომ იყო ამას სასჯელაღსრულების მინისტრი ადასტურებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს ამ პრემიებს, თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ ზოგადად გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე მსგავსი რამ.
„ამას ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები და არა კანონი. მეორეც, შეთანხმება რომც არ სჭირდებოდეს, ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი. მისი მოტივაცია იყო - წლის ბოლოა, ფულია დარჩენილი და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა. თუმცა, ვიმეორებ, მე ამის გამართლებას ვერ ვხედავ. ვერ ხედავს გამართლებას მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
„ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა მქონდა მე პირადად საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რასაც დარბაისელი ატარებდა. არა იმის გამო, რომ რომელიმეს დანიშვნა არ შეიძლებოდა, ან რომელიმეს დანიშვნა უკანონო იყო, არამედ იმის გამო, რომ პირადად ჩემთვის, იქ ზოგიერთი ისეთი პიროვნებაა, რომელიც მორალურად იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს უკვე გათავისუფლებულია.
საკადრო პოლიტიკაც სად-ის უფროსის პრეროგატივაა. ჩვენ შეთანხმებაც გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ ციხეებში სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა გვქონოდა გარკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და აქვე დასძინა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა. ორჯერ ასეთი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, მესამედ კი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მაროშკინა ამბობს, რომ დიდი ხანია სოზარ სუბარს და დიმიტრი დარბაისელს ცუდი ურთიერთობა აქვთ. მისი თქმით, სოზარ სუბარი ამ კადრის სად-ის ხელმძღვანელად დანიშვნის წინააღმდეგი იყო.
„სამწუხაროდ, „ნაციონალებთან“ გაჟონა ინფორმაციამ. ყველაფერი „უსისხლოდ“ უნდა ჩატარებულიყო. დარბაისელმა მიხეილ ღურწკაიას მოყვანილი სად-ში არავინ დატოვა. ყველას პატაკი დააწერინა და გაუშვა. უკანონოდ გაშვებული თანამშრომლები მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ერთადერთი ვარ მე არჩევნების მერე, ვისაც ხელი ვერ ახლეს“, - აცხადებს ლალი მაროშკინა.
მისი თქმით, დარბაისელმა საკუთარ მოყვანილ კადრებს, რომლებიც „გაშიფრული ზონდერები“ არიან, პრემიის სახით იმ ფონდის თანხები გადაურიცხა, რომელიც სად-ის თანამშრომლების ჯანდაცვის პოლისებს უნდა მოხმარებოდა. გარდა ამისა, მოროშკინას თქმით, იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც საკმაოდ მაღალი პრემიები მიიღეს, ერთ-ერთია გიორგი ყავლაშვილი, რომელსაც ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა წაყენებული, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და ეს ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო, თუმცა პროკურატურამ მისი ბრალის განრიდება მოახდინა. ამ საქმეში ჩართული იყო პროკურორი თამარ მესაბიშვილი, რომელიც თავის მხრივ, დარბაისელის მოადგილის სიმონიკა მაჩაიძის მეუღლეა.
„2009 წლის 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან ადამიანების დარბევაში მონაწილეობდა ჯაბა მაღლაფერიძე, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამმართველოს უფროსია. სწორედ მისი ხელმოწერით გადაიყვანეს გეგუთის ციხეში 3 პატიმარი, რომლებმაც გიგა ფარტენაძე მოკლეს. გარდა ამისა, ჯაბა მაღლაფერიძის ძმა უჩა მაღლაფერიძე, რომელიც მონიტორინგის დარგში სამმართველოს უფროსია, 2007 წლის 7 ნოემბერის აქციის დარბევის კადრებში ჩანს.
2011 წლის 26 მაისის აქციის კადრებში კი სიმონიკა მაჩაიძეა დაფიქსირებული. დაახლოებით, 10-მდე ადამიანია, რომელიც 3 თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიმიტრი დარბაისელის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, თავად მან მიიყვანა. 2 მაღალჩინოსნის გათავისუფლება არასაკმარისია. ვითხოვ, რომ დარბაისელი, რომელმაც სისტემა ზონდერებით გაავსო, მისივე მოყვანილი ზონდერებით თანამდებობიდან იქნას გათავისუფლებული.
ასევე ვითხოვ იმ თანხების დაბრუნებას, რომელიც პრემიის სახით გაიცა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინ ამ პროცესებში, გვერდში დამიდგებიან. ადამიანების იდენტიფიკაცია მოახდინა ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ. ეს ადამიანები მხილებულები არიან სხვისი მანქანების და ქონების მიტაცებაში. ასევე „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიის ჩაშლაში. ისინი უბნებზე ფიქსირდებიან, როგორც ზონდერები“, - განაცხადა მოროშკინამ.
მოროშკინა ამბობს, რომ მინისტრმა არაფერი იცოდა ამხელა პრემიების შესახებ.
„ვფიქრობ, რომ ნამდვილად მძიმეა მისი ხვედრი, როგორც მინისტრის, რომელსაც ამაზე პასუხისგება უწევს, მაგრამ ამბიციები უკან უნდა დავწიოთ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ. 2 მილიონ ნახევრზე მეტია ბიუჯეტიდან გახარჯული, მაშინ, როდესაც ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემა სოციალური დაზღვევებით ვერ უზრუნველვყავით“, - განაცხადა მოროშკინამ.
ამასთან ლალი მოროშკინა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 7 თვის განვალობაში სამსახურში არ დადიოდა და ისე იღებდა ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით. მისი თქმით, როდესაც დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დიმიტრი დარბაისელი დაინიშნა, უთხრა, რომ სამსახურში ნუ ივლიდა და ხელფასს სახლში მიუტანდნენ.
„მე დავდიოდი არამარტო სამსახურში, არამედ ჩემს ზემდგომ უწყებებში და ყოველდღიურად ინფორმაციას ვაძლევდი. არსებობს კამერები და ჩანაწერები ჩემი და უშიშროების სააგენტოსთან ურთიერთობის, სადაც მუდმივად მიმქონდა ეს ინფორმაცია. ასე რომ, ახლა პროვოკაცია ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე ჩაჯდება ციხეში. ველოდები სახალხო დამცველის კიდევ უფრო გააქტიურებას, იმიტომ, რომ მას აქვს კიდევ უფრო მწვავე დოკუმეტაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლალი მოროშკინამ.
კითხვაზე, როგორ დაახასიათებდა ის დეპარტამენტის უფროსს, პასუხობს: „დარბაისელი ნარკომანი და ზონდერია. შსს-დან გაგდებული იყო წამლის მოხმარებისა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების გამო, იგი ფანჯრიდან გადახტა და მიემალა გამოძიებას, თუმცა შემდეგ მოახერხა და სისტემას კვლავ დაუბრუნდა“, - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.