საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან. ჯერჯერობით უცნობია როგორ დაკომპლექტდება დელეგაცია, იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე უცობია.
ქვეყნის პირველი დიპლომატი, მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, თუ ვინ მოაწერს კონკრეტულად ხელს ქართული მხრიდან და არც ის, იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტი.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას.
For.ge. ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.
გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაძლოა დოკუმენტზე ხელმოწერა არალეგიტიმურად გამოაცხადონ, ხოლო ხელშეკრულება ბათილად. რადგან მას არაუფლებამოსილი პირი აწერს ხელს. ბატონო ვიქტორ, შესაძლებელია ლეგიტიმაციის საკითხი მართლაც დადგეს დღის წესრიგში?
ვიქტორ დოლიძე: ძალიან რთულია მათ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რეალობას აცდენილები არიან და მართალი გითხრათ, კომენტარებს არ ვაკეთებ მათ განცხადებებზე. არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც უნდა ახასიათებდეს თითოეულ პოლიტიკოსს, მიუხედავად იმისა იგი არის ოპოზიციაში, თუ არის ხელისუფლებაში. მეც ვიყავი ოპოზიციაში, დღეს ხელისუფლებაში ვარ, შეიძლება ხვალ ისევ ოპოზიციაში აღმოვჩნდე, ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ამგავრი განცხადება... აბა რა გითხრათ.
რომ გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი მიდგომით და პოზიციით, მითუმეტეს ქმედებით, ალბათ, ასეთს ძალიან ცოტას გავიხენებდი. ჩვენთვის ყველაზე მთავარია ვიაროთ სწორად, გადავდგათ სწორი ნაბიჯები, ვიყოთ უფრო პრაგმატულები, ეფექტურები და შედეგზე ორიენტირებულები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ რეალობას არასოდეს არ ავცდებით.
არსებითი მნიშვნელობა აქვს ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას?
- რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი დაჩქარდა და ხელს ვაწერთ. ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვინ მოაწერს, ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი მარგველაშვილი თუ მაია ფანჯიკიძე. მთავარია ფაქტი და ხელმოწერის ლეგიტიმაცია აქვს როგორც პერზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს. ამას გნებავთ რუტინული დავარქვათ, გნებავთ საპროცედურო საკითხი.
ფაქტია, რომ დაჩქარდა ამ ხელმოწერის პროცესი. გარდა ამისა, ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოსი, ასევე, ევროკავშირის. მათი დახმარებით მოხდა სწორედ ის რეფორმები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან.
ხელმოწერის შემდეგ, კიდევ უფრო გვექნება სამუშაო როგორც საკანონმდებოლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი ეთმობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სადაც ეს ეკონომიკური ასპექტები კონკრეტულად არის ასახული.
გაცხადდა, რომ ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ქვეყანას უვიზო რეჟიმის მიმოსვლის გადაწყვეტილების თაობაზე...
- ვიზის ლიბერალიზაცია, მისი სამოქმედო გეგმა და შესრულება არის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ევროკავშირთან ჩვენი, როგორც მოლაპარაკებების, ასევე სამოქმედო გეგმის უმთავრესი ნაწილი, სწორედ ვიზის ლიბერალიზაციას უკავია. მინდა გითხრათ, რომ წელს ზაფხულისთვის ჩვენ, ალბათ, პირველ თავს დავხურავთ და ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.
იმედი მაქვს და ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს უკვე მეორე თავიც დავხუროთ და როგორც ეს მოლდოვისთვის, ასევე საქართველოსთვისაც რეალური გახდეს უვიზო მიმოსვლის დაწყება, რაც ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი სიკეთე იქნება.
საერთო ჯამში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად, ეფექტურად და გეგმაზომიერად გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, წინ არაფერი დაგვიდგება.
ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ წინ არის უკვე ხელშეკრულების ინპლემენტაცია, ეს რამდენად რთული და გრძელვადიანი პროცესი იქნება?
- ხელმოწერის შემდეგ იწყება უმთავრესი ეტაპი, ანუ მისი ინპლემენტაცია და შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს ხელმოწერას. ვადებზე მოდით ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამავე დროს დიდი პოტენციალის, ამიტომ შეიძლება პროცესი უფრო დაჩქარდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა გაიარეს ეს გზა. მაგალითად, ხელმოწერის შემდეგ 11 წელი დასჭირდა ხორვატიას, ხოლო პოლონეთმა 13 წელი იარა ამ გზაზე.
ევროკავშირთან საბოლოო ოჯახში დამკვიდრება რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, როგორც წესი, ადვილი არაა. ბევრი რამე ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ რეალურად ინსტიტუციონალურად გამართული დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას, ისევე როგორც ეკონომიკური საინვესტიციო გარემოს განვითარებას, რათა მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
ჰერმან ვან რომპეიმ აღნიშნა, ეს იქნება საქართველოსთვის უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი საფუძველი. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით რა შედეგბს უნდა ველოდეთ?
- აბსოლუტურად ვეთანხმები ბატობი ვან რომპეის განცხადებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება უსაფრთხოების განმტკიცების საფუძველი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელსაც ევროკავშირის კრიტერიუმი ჰქვია. ბევრი კრიტერიუმებია, რომელიც ქვეყანას უფრო ძლიერს ხდის.
დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი, დიახ, მთელი მსოფლიო და პირველ რიგში დემოკრატიული თანამეგობრობა ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს ინტეგრაციული პროცესი არათუ ხელს შეუშლის, არამედ, პირიქით - სტაბილური, გამართული, დამოუკიდებელი და ტერიტორიულად მთლიანი საქართველო, უფრო გარანტორი იქნება რეგიონალური უსაფრთხოების, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოებისა, ვიდრე საფრთხე რუსეთისთვის.
ჯერჯერობით, ძალიან რთულია ამაში პუტინის დარწმუნება, მაგრამ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად უნდა მოვახერხოთ ამის გაკეთება.