სააკაშვილის შურისძიება თბილისზე

სააკაშვილის შურისძიება თბილისზე

სანამ საკონსტიტუციო კომისია სადღაც წლის ბოლოს ქვეყნის მთავარი კანონის პროექტს დადებს და ბევრ სხვა რამესთან ერთად შავით თეთრზე ეწერება, სად უნდა განთავსდეს სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის პარლამენტი, ხელისუფლებამ უკვე ახლავე მოინდომა მოქმედ კონსტიტუციაში ჩაეწერა, რომ პარლამენტი სანახევროდ ქუთაისში გადადის, თან 2012 თუ 2013 წლიდან. მეორე ცვლილება იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენაა, რომლებაც შარშან 26 მაისს დახიეს პარლამენტის მანდატები. ანუ როგორც ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლება კონსტიტუციის გაუპატიურებას განაგრძობს.

ვისაც აქამდე ხუმრობა ეგონა, ახლა მაინც დაიჯერებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრები თბილისსა და ქუთაისს შორის გზას ყოველკვირა გატკეპნიან. სხდომები ქუთაისში ჩატარდება, საკომიტეტო მოსმენები და სტუმრების მიღება–გაცილება - თბილისში. საქართველოს პარლამენტის ნაწილი ქუთაისში გადავა. ამაზე პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ორივე ცვლილებამ პარლამენტში მყოფი ოპოზიციის ვნებათაღელვა გამოიწვია. უამრავი კითხვა გაისმა, პასუხები - ცოტა. პირველად ოპოზიცია იმით დაინტერესდა, იყო თუ არა შეთანხმებული მანდატების აღდგენა იმ ოპოზიციონერებთან, რომლებმაც ეს ავბედითი დოკუმენტი დახიეს. პასუხი იყო, ოპოზიციამ იცის, პრეზიდენტმა თავისის ნება პარლამენტში სტუმრობისას ხმამაღლა გამოაცხადაო. საბოლოოდ ყველამ დაასკვნა, ეს თავად იმ პოლიტიკოსების გადასაწყვეტიაო და "დაგნარი" პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე ატყდა.

ხელისუფლების არგუმენტები, რომ ქუთაისი უნდა გადაიქცეს მეორე დედაქალაქად, პარლამენტის იქ გადატანით არა მხოლოდ ქუთაისლები, არამედ მთელი დასავლეთ საქართველო აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, წარმოჩინდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები, დასაქმდება ხალხი, განვითარდება ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და საერთოდ გაუმჯობესდება ქუთაისლების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, ოპოზიციას სიცილად არ ეყო.

ჯერ იმაზე მოითხოვეს პასუხი, ერთი პრეცედენტი მაინც გვითხარით მსოფლიოში, რომ პარლამენტი გაყოფილიაო. ჰოლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და ევროპარლამენტშიო - მიიღეს პასუხად. ჰოლანდია საამისოდ არ გამოდგება. იქ პარლამენტი კი არაა სხვადასხვა ქალაქში, ერთში სამეფო კარი ცხოვრობს და მეორეში - პარლამენტი, სამხრეთ აფრიკა რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი სახელმწიფოა, ხოლო ევროპარლამენტი საერთოდ სახელმწიფო არააო - არ ეყოთ არგუმენტები. ჩვენ შევქნით პრეცედენტს, იმიტომ, რომ ასეა საჭიროო - უკან არ დაიხია უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

მერე ოპოზიციამ იმაზე დაიწყო ხვეწნა, ის მაინც გვითხარით, ეს სიამოვნება რამდენი დაჯდებაო. იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე თქვენ გგონიათ, არც 500 და არც 200 მილიონიო, არ გატყდა ხელისუფლება.

რაკი ქრისტიან–დემოკრატებმა არაფრით მოისვენეს, ქუთაისის მაჟორიტარმა აკაკი ბობოხიძემ, რომლის ინიციატივითაც დაიწყო ეს ბაკქანალია, თავი გამოიდო, რა გახდა ეს ანგარიში, თქვენც შეგიძლიათ იანგარიშოთ, რა ღირს ფართი, მერე აშენება, ჰა, ჰა, ოცი მილიონი დაჯდესო.

მარტო შენობა კი არა, ისიც გასათვლელია, დეპუტატების და 2 ათას კაციანი აპარატის ყოველკვირა წინ და უკან სიარული ლიხს იქით და ლიხს აქეთ რა დაჯდებაო, არ ცხრებოდა ოპოზიცია. მაშინ არც ავტობანი უნდა ავაშენოთ და ეს პარლამენტიც გავაუქმოთ, რადგან აქაც ხარჯებიაო, - დაბეჭდა ბობოხიძემ.

ოპოზიცია მაინც არ დაწყნარდა. მაშინ ხელისუფლებამ მთავარი "კოზირები" გამოაჩინა - სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თბილისის განტვირთვა, ქუთაისში ტურიზმის განვითარება. ამაზე კი სერიოზულად აიჭრა გიორგი ახვლედიანი - რომელი ტურისტი ჩამოვა ჩვენ სანახავად, თუ ასეა, რატომ არაა თბილისში ტურიზმი აყვავებულიო.

დასკვნა ხელისუფლების სახელით, რომელსაც უმრავლესობის ტაში მოჰყვა, აკაკი ბობოხიძემ გამოაცხადა: ზოგიერთ პოლიტიკოსს იმიტომ არ უნდა ქუთაისში პარლამენტის გადატანა, რომ "ერთი ადგილის" აწევა ეზარება ამომრჩეველთან შესახვედრადაც კიო...

იმ სხდომისთვის ფილმი "იმერული ესკიზები" ზედგამოჭრილი იყო. რა სარგებლობა მოაქვს ქუთაისში პარლამენტის ნაწილობრივ გადატანას, მაინც ვერავინ გაიგო. გია თორთლაძემ გონივრულად შენიშნა - მომდევნო მოწვევის პარლამენტი უნდა წავიდეს ქუთაისში, რაზე დავობთ, თუ არ ენდომებათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას და დამთავრდებაო. ვიღაც სავარძლიდან შეედავა, მაშინ შენობის აშენებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის ხარჯები რაღაზე უნდა გავიღოთო. დებატების დასასრულისკენ თითი მოკრძალებით უკანა რიგში მჯდომმა ნუგზარ ერგემლიძემ ასწია. აბა, ბიჭო, მთელი წელი რომ არ ამოგიღია ხმა, შენ თქვიო - მისცა ნება "კლასის დამრიგებელმა" ბაქრაძემ. პარლამენტის ნაწილობრივ გადატანა ნახევრად გაკეთებული საქმე ხომ არ იქნება, მოდით, მთლიანად გადავიტანოთო, წაიღიღინა ერგემლიძემ.

გადამწყვეტ დუელში ერთმანეთს ოპოზიციიდან უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ხელისუფლებიდან უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი შეხვდნენ. უმცირესობამ პარლამენტის ქუთაისში ნაწილობრივ გადატანის პროექტს მხარი მაინც არ დაუჭირა.

გიორგი თარგამაძე:

- სიამოვნებით დავუჭერდით მხარს ამ ინიციატივას, ხელისუფლებაში ვინმე ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე მართლაც რომ ფიქრობდეს. სიმართლე იმაშია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას თავში მოუვიდა და მიიღეს იმიტომ, რომ თბილისზე შური იძიოს. არ ვიცი, სააკაშვილი სერიოზულად ფიქრობს თუ არა, რომ 2013 წლის შემდეგაც იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ის, რომ მისი პოლიტიკური ჯგუფი ფიქრობს, ხელისუფლებიდან არასოდეს უნდა წავიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ, თუ მანამდე არა, 2013–ში მაინც მოახერხონ, თბილისში არ არსებობდეს ორგანო, რომლის გარშემოც მუდმივად 60 ათასი კაცი იკრიბებოდეს. ეს არის შურისძიება თბილისელებზე, რომელმაც ვერ გაუგო მიხეილ სააკაშვილის მოდერნისტულ და რეფორმისტულ გაქანებებს, რომელმაც ვერ გაიგო, როგორ გულწრფელად უყვარს ნაციონალურ მოძრაობას საქართველო და მისი მომავალი.

საუბარი იყო, რომ თურმე ქუთაისში სამუშაო ადგილები გაჩნდება. ჩვენ არ ვქმნით ახალ სტრუქტურას, პარლამენტი არსებობს თავისი სამუშო ადგილებით, დეპუტატებით, აპარატით, დაცვით და ა.შ. ანუ რას ვშვრებით -  იქ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და იმ ადამიანებს ვართმევთ სამუშაო ადგილებს, ვინც დღეს არიან აპარატებში დასაქმებული თუ თბილისში ყველა ამ სამუშაო ადგილს ვინარჩუნებთ, შენობის ინფრასტრუქტურაც ისევ უნდა შევინახოთ და ამ მხრივ ბიუჯეტს დანახარჯები არ გაუდიდდება?

პარლამენტმა ტურიზმი რანაირად უნდა განავითაროს, ვერ ვხვდები. გალიებში ჩავსხდებით თუ შუშებიან შენობას რომ ააშენებენ, ტურისტებს ჩამოატარებენ წრეზე და დაანახვებენ, შუშებს იქით დეპუტატები როგორ ვართ?! ამან უნდა განავითაროს ტურიზმი თუ გელათის, ბაგრატის რეკონსტრუქციამ? რომელი ეკონომიკის განვითარებაზეა ლაპარაკი, როცა ქუთაისს დღემდე სასმელი წყლის პრობლემა აქვს და ქუთაისის მაჟორიტარები ამაზე ჩემზე ბევრს უნდა ფიქრობდნენ. 11 მილიონი ლარი სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას და 30 მილიონია საჭირო პარლამენტის აქედან იქ გადასაბრძანებლადო, ბატონი ბობოხიძე ბრძანებს... ეს არის დემაგოგიური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად არასწორად მოტივირებული მიდგომა!

პეტრე ცისკარიშვილი:

- ბოლოს და ბოლოს ჩვენმა ოპონენტებმა აღიარეს, რომ არგუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი მაინც წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ ასეთი იდეაფიქსი აქვთ - დაუპირისპირდნენ ყველა იმ ინიციატივას, გაბედულ ნაბიჯს, რაც მოდის ხელისუფლებისგან, გინდაც, პრეზიდენტისგან. ამ იდეაფიქსის მიღმა სხვა სურვილები და ზრახვებიც არსებობს, რის შესახებ ისინი ფრჩხილებს არ ხსნიან. შევეცდები ავხსნა, რატომ ეწინააღმდეგებიან ასე გაშმაგებით ამ ინიცატივას, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდე, არ შემიძლია ბატონ გიორგი თარგამაძეს არ გამოვეხმაურო, თბილისზე შურისძიების თემასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს მიტინგების ჩატარება და დემონსტრაციების გამართვა უნდა, ეს შენობა სადმე მიდის, რუსთაველის ქუჩა აღარ იარსებებს, ხალხს აქ მოსვლა აეკრძალება თუ რას გულისხმობთ? ამით ცდილობთ, თბილისური კუთხურობა გააღვივოთ. სამწუხაროდ, გაქვთ გამოცდილება, როცა ასლან აბაშიძეს ეხმარებოდით აჭარული კუთხურობის და სეპარატიზმის გაღვივებაში, ახლა ცდილობთ, თქვენი რიტორიკით თბილისი დააპირისპიროთ დანარჩენ საქართველოსთან და ხელისუფლებასთან.

რაც შეეხება თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის არგუმენტებს. ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ეს ჰიპერპოლიტიზირებული საზოგადოებრივი ცხოვრება გადავიდეს ნორმალურ, საქმიან, ცივილიზებულ ჩარჩოებში. სწორედ ეს გაღიზიანებთ, რადგან ფიქრობთ, რომ იქ არ იქნებით პოლიტიკური დუღილის ცენტრში. გარიყულები და მოწყვეტილები იქნებით, მაგრამ გარწმუნებთ, ასე არ იქნება. იქაც იქნება პრესა, ისევ გაშუქდება სხდომები. რაც შეეხება იმას, როგორ ვირბენთ წინ და უკან კვირაში ორჯერ მთელი სტაფით, ხარჯები და ა.შ. ამაზე საუბარი ბავშვურია.

კიდევ ერთი საკითხი. ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში. სემეკი, კონტროლის პალატა და საგზაო დეპარტამენტი რომ გადადიოდა ქუთაისში, ამაზე რატომ არ ამოიღეთ ხმა?! მარტო პარლამენტზე გადაწყვეტილებას რატომ უპირისპირდებით? იმიტომ, რომ ფიქრობთ, ქუთაისში თუ იქნებით, თქვენს პოლიტიკურ მიზნებს, ამოცანებს ხალხს ვერ გააგონებთ...

ეკონომიკურ ეფექტებზეც მინდა რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანო. ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოების მეტი გარანტია შეიქმნება, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი დასავლეთში გადავა და იქაური სიტუაცია გამყარდება, ეკონომიკისთვის შეიძლება მხოლოდ დადებითი იყოს. ეკონომიკას, ინვესტიციებს სჭირდება სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო. თბილისს მოაკლდება სამუშაო ადგილები ქუთაისში დამატების ხარჯზე - ეს არ არის არგუმენტები. სახელმწიფოს სახსრებით დაფინანსებული მუშაკების რაოდენობის გაზრდას კი არ ვაპირებთ ქვეყანაში, ვაპირებთ ეკონომიკა, კერძო სექტორი გაძლიერდეს, ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, გაჩნდნენ მეწარმეები და კერძო სექტორმა შექმნას სამუშაო ადგილები. როცა ვამბობთ, რა ხარჯები იქნება გასაწევი, ხარჯები უნდა დაითვალოს, მაგრამ უპრიანი იქნება, ხარჯები დავითვალოთ იმასთან ერთად, რამხელა ამონაგები ექნება სახელმწიფოს და ადგილობრივ ეკონომიკას მაშინ, როცა პარლამენტი ნაწილობრივ გადავა ქუთაისში.