13 წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, 3 –3 „თავისუფალი დემოკრატებდან“და „ეროვნული ფორუმიდან“, ხოლო 2-2 „რესპუბლიკელებიდან“, „კონსერვატორებიდან“ და პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“, - პარტიული ნიშნით, ამ პროპორციით დაკომპლექტდა კოალიცია „ქართული ოცნების“ სია. სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სახელით თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში გასამარჯვებლად 25 ადამიანი იბძოლებს. პარტიული შემადგენლობის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე განმარტავს, რომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების პროპორცია პარტიულ სიაშიც მაჟორიტარულის მსგავსია და ყველა კანდიდატი საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანია.
„ყველა წარმოდგენილი პიროვნება არის ღირსეული - თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანები არიან. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იქნება გასაკეთებელი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ქალაქის მომავალ მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად ისინი ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კანდიდატების შერჩევის დროს ძირითად პრინციპად პროფესიონალიზმს ასახელებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია და აღნიშნავს, რომ კოალიციის პროპორციული სიის წარმოამდგენელები თბილისის საკრებულოში პოლიტიკური კურსის და პოლიტიკური ორიენტირების განმსაზღვრელები იქნებიან.
„მათი შერჩევის ძირითადი პრინციპი არის პროფესიონალიზმი. ის საქმიანობა, რომელიც მათ გასწიეს, რომ ქვეყანა დღემდე ასეთი ფორმით მოგვეყვანა. ბევრი იბრძოლეს 2011, 2012, 2013 წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შემადგენლობაა, რომელიც კიდევ უფრო გვაძლიერებს. ეს გუნდი ჩვენთან ერთად იზრუნებს დედაქალაქის რეკრეაციულ განვითარებაზე, ქალაქმშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და თითოეული ადამიანის ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე“, - აცხადებს დავით ნარმანია.
კოალიციის თბილისის სიაში პირველი ნომერი ირაკლი ფავლენიშვილია, რომლის შესახებაც ინფორმაცია for.ge-მ პრეზენტაციამდე, ექსკულზიურად გაავრცელა. იგი პროფესორია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. ფავლენიშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრობის შემთხვევაში მისი პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოციალური სფერო იქნება.
„პირველ რიგში, მე რაშიც თავს პროფესიონალად მივიჩნევ, ეს არის ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო განათლების და სოციალური საკითხები. ეს პრობლემები მწვავედ დგას დღეს საქართველოში. თბილისელებმა იმიტომ უნდა ამირჩიონ, რომ მათთვის ბევრი რამე გაკეთდება. თბილისი მაგალითია მთელი საქართველოსთვის და თუ აქ ყველაფერი კარგად იქნება, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ეს გავრცელდება მთელს საქართველოზე“, - განმარტავს ირაკლი ფავლენიშვილი.
სიის პირველი ნომერი აცხადებს, რომ კოალიციის მიერ კანდიდატად დასახელებას არ ელოდა და ამაზე არც უოცნებია.
„სამი კვირის წინ ჩემი CV ნახეს, შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობა. 2-3 დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად, გავეცანი, როგორ მუშაობს საკრებულო, რა მიზნები და მისია აქვს და დავთანხმდი“, - გვითხრა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პროპორციულ სიაში მეორე ნომერი „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი ნინო გოგუაძეა. რამდენიმე კანდიდატის მსგავსად იგი 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში გლდანის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობისთვისაც იბრძვის.
„დიდი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც გლდანის ამომრჩევლის, ისე თბილისის მოსახლეობის წინაშე. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი იქნება ყველაზე პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც შევა ქალაქის საკრებულოში და რომელიც ყველა დანაპირებს შეასრულებს“, - აცხადებს ნინო გოგუაძე და აღნიშნავს, რომ კოალიციის სიაში იმაზე მეტი ქალბატონია, ვიდრე თბილისის მოქმედ საკრებულოში, შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, წარმომადგენლობით ორგანოში ვითარება ამ კუთხითაც შეიცვლება.
პროპორციული სიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თბილისის მოქმედი საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი კი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აქცენტს თბილისის, როგორც ქალაქის განვითარებაზე აკეთებს.
„მთავარი პრიორიტეტი არის „ქართული ოცნების“ და დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის შესრულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რომლითაც თბილისი თბილისს დაემსგავსება ნაწილობრივ. ოთხი წელი არ არის ის ვადა, რომ ამდენწლიანი ნგრევის შემდეგ ქალაქი ქალაქს დაამსგავსო“,- განმარტავს მუსხელიშვილი.
„ქართული ოცნების“ 25-კაციან სიაში მე-15 ნომრით მოხვდა უფლებადამცველი რატი იონათამიშვილი. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი For.ge-სთან განმარტავს, რომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პროგრამასთან საკუთარი ხედვების თანხვედრის გამო მიიღო.
„წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან ერთად ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს ვიცავდი, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება დაუცველი ხდება, როცა სხვისი უფლება ილახება. ჩემი ხედვის თანხვედრა მოხდა „ქართული ოცნების“ პროგრამასთან და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, კოალიცია მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. ხალხის სიმპათია არის ჩვენს მხარეს, რადგან ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, ხალხის საჭიროებებზე მორგებული და მათი ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი პროგრამით მოვდივართ თვითმმართველობაში“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
მაჟორიტარობის კანდიდატების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პარტიების მსგავსად პროპორციული სიის შემადგენლობაც გაასაჯაროვა. თუმცა, ამ დრომდე უცნობი რჩება, ვინ იქნება კოალიციიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
კოალიციაში განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს შემადგენლობიდან აირჩევა. ის შეიძლება იყოს სიის ნებისმიერი ნომერი და მათ შორის, მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრობისთვის მებრძოლთა პროპორციული სია რიგითობის მიხედვით ასე გამოიყურება:
ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ნინო გოგუაძე - „საქართველოს კონსერვატიული პარტია“
გიორგი ალიბეგაშვილი -„ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
გიორგი ტყემალაძე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
ნუგზარ მალაღურაძე - „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
გულიკო ზუმბაძე - „საქართველოს რეპუბლიკური პარტია“
თევდორე კობახიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
გიორგი მუსხელიშვილი - „თავისუფალი დემოკრატები“
ირაკლი გვილავა - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ავთანდილ დავითაძე - „ეროვნული ფორუმი“
თამარ ტალიაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია“
მალხაზ მჭედლიშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ვლადიმერ ძნელაძე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ქეთევან ჯოხაძე - „საქართველოს კონსერვატიული პარტია“
ბესიკ ქარცივაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
გიორგი ახვლედიანი - „თავისუფალი დემოკრატები“
ნიკოლოზ დერიუგინი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
კახა ჩაკვეტაძე - „ეროვნული ფორუმი“
ლაშა სამხარაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დავით სოსელია - „ეროვნული ფორუმი“
ირმა ზავრადაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ნინელი ფუტკარაძე - „თავისუფალი დემოკრატები“
ნელი კობიაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.