ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი, პირველი მოსმენით, მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილავს და დაამტკიცებს. საკანონმდებლო პაკეტი ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით ახალ რეგულაციებს აწესებს. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ყველა მნიშვნელოვან პრინციპსა და რეგულაციაზე შეთანხმება მიღწეულია. ღიად მხოლოდ ერთი საკითხი რჩება, თუ ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები.
ამ საკანონმდებო პაკეტის მიღებას წინ უსწრებდა „რუსთავი 2“-ის ეთერით 2013 წლით დათარიღებული სატელეფონი ჩანაწერების გამოქვეყნება. არხის ხელმძღვანელობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდშია გადაღებული.
ბრალდებას არ იზიარებს მმართველი კოალიცია და ექსპერტთა ნაწილი, რომელთა განცხადებით, ჩანაწერები სწორედ იმ პერიოდშია გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
პარალელურად კი ყოფილმა შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სპეციალური მოწყობილობები, მოსასმენი აპარატურა, ასევე სხვა საშუალებები, რომლითაც მათ აქვთ საშუალება განახორციელონ უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ ფაქტების ერთად დალაგებით, მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა პროვოცირებული და გამოყენებული. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ყოფილმა მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ მათგან წამოყენებულ საკითხს ქართული საზოგადოების პროტესტი არ მოჰყვება. შესაბისად, ეს უფრო დასავლეთისთვის იყო განკუთვნილი.
„ალბათ დასავლეთს მოამარაგებენ ამ თემით. ეს ის წლებია, როდესაც ბევრ რამეზე პასუხისმგებელი მაინც სააკაშვილი იყო. ნაციონალებმა ის მოახერხეს, რომ ხელისუფლება გადაიყვანეს რეაგირების და თავისმართლების რეჟიმში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ მესმის მორატორიუმის გამოცხადების ლოგიკა. არ ვთვლი, რომ გამართლებული იყო ეს განცხადება. ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სამართალდარღვევებზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ეს არის ერთ-ერთი რაუნდი ასეთი თვითგადარჩენის გამოვლენის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ მორატორიუმის არსი არასწორად იქნა გაგებული.
„სინამდვილეში ნათქვამი იყო, რომ სადაც არაა გადაუდებელი საჭიროება თავი იქნას შეკავებეული სისხლის სამართლებლივი დევნისაგან, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი ასეთი საქმის დროს ხდება სპეკულირება, რომ იმიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ მას მონაწილეობა უნდა მიეღო არჩევნებში და ა.შ. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ როცა ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, თავი უნდა შეიკავონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, კახი კახიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია სიტყვა მორატორიუმი და მისი მოთხოვა პრემიერისგან.
„ერთი მხრივ, ამავე პერმიერს, ის ადამაინები, რომლებიც ითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, ითხოვენ, რომ შენ პროკურატურაზე ზეგავალენა არ უნდა გქონდესო, მეორე დღეს ეუბნებიან, რომ იქნებ პროკურატურას უთხრა, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს, ამ საარჩევო პერიოდში პოლიტიკური აქტივისტების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გადაიდოსო.
საბოლოოდ უნდა დავლაგდეთ, როგორი სისტემა გვინდა, სამართალდამცავი სისტემა რომელიც მხოლოდ პირველ პირებს ემორჩილება და ქათმის ქურდების პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს, თუ ჩვენ გვინდა სამართალდამცავი სისტემა, რომელიც მოქედებს კანონის ფარგლებში და პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირში არაა“, - ამბობს კახი კახიშვილი.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შსს-ს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კუდ-ის თანამშრომელბის მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო დაფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია.
პროკურატურაში ამბობენ, რომ მაღალი ალბათობით, აღნიშნული ტექნიკით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. აქვე დაანოსდა, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის დაძებნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით და ისინი კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა სააკაშვილს დაქვემდებარებული დაცვის სპეციალურის სამსახურის მიერ უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ისეთი ადგილი იქნება შერჩეული, რომლის ხელის ხლება დიდი სკანდალის მიზეზი გახება.
„გნებავთ „რუსთავი 2“-ს შენობაში რომ მოაწყოს ხელისუფლებამ ჩხრეკა, მედიის მიმართ ზეწოლაზე ალაპარაკდება „ნაციონალური მოძრაობა“, თვითონ მათ ოფისში რომ მოაწყოს, იტყვიან აი ოპოზიციის მიმართ რეპრესია გრძელდებაო. ორივე შემთხვევაში ჩხრეკა წამგებიანია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მოსახლეობის დასაფიქრებლად ეს ვერსიები საჯაროდ უნდა დაიდოს, რათა არჩევნებზე მისულმა მოქალაქემ ეს ფაქტიც გაიაზროს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ამ ფაქტებზე რეაგირება არ უნდა იყოს, რადგან ახლა სიტუაციას არ ცვლის ამ აპარატურის პოვნა-არპოვნა. არჩევნების შემდეგ ამ ხაზით სამართლიანობის აღდგენა გვიანი არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
კახი კახიშვილის განცხადებით, დაკარგულია არა მხოლოდ მოსასმენი აპარატურა, არამედ სათვალთვალო აპარატურა, ასევე ფოტოაპარატის სპეციალური გამადიდებელი ობიექტივები, რომლითაც სპეცსამსახურები ადამიანების იღებდნენ ძალიან შორი მანძილიდან.
„დაახლოებით ერთი წლის წინ მითხეს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა. ჩემთვის გაუგებარია ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა თუნდაც ერთი პირის დადგენა და მისი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ის რაც ჩვენ ვნახეთ, გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთებას, რომ ჩვენ ვართ დაუცველები.
ფაქტობრივად, ძალიან ადვილად შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანის კერძო საუბრების მოსმენა. წარმოიდგინეთ რა დღეშია დღეს საქართველოს უსაფრთხოება. ჩემთვის არაერთხელ უთქვამს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ დღესაც კი არ არიან დარწმუნებული, რომ არ უსმენენ იმ აპარატურით, რომელიც გატაცებული იქნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი სპეცამსახურების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ახალი მასალებიც გამოქვეყნდეს.
„თუ ერთი წლის წინ ხელისუფლება საუბრობდა, რომ ვიღაცას არალეგალურად აქვს ასეთი აპარატურა, მითუმეტეს, რომ ამას იყენებს სისტემატურად, აქ საკითხი დგება სპეცსამსახურების კვალიფიკაციაში. როდესაც გაქვს ასეთი ოპერატიული ინფორმაცია და ერთი წლის განმავლობაშ მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება, თუ საერთოდ ეძებდნენ, უკვე სპესამსახურების პასუხიმგებლობის საკითხია. ჩემთვის გაუგებარია მშვიდად რომ უყურებს ამას ხელისუფლება. მაქვს კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა ერთი წლის განმავლობაში ამის პელენგაცია, რაც სავსებით შესაძლებელია, რა ხდება?“, - ინტერესდება ხუხაშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციაზე პასუხები უნდა იყოს რაციონალური და ეფექტური.
„ვიცი რა „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა, მათ აქვთ უფრო ახალი მასალები. მათ აქვთ საკმაოდ დიდი არქივი. ისინი მოქმედებენ ასე - გამოუშვებენ ისეთს, რაზეც შეიძლება მეორე მხარეს ჰქონდეს არგუმენტები და მეორე დარტყმას უკეთებენ უფრო სერიოზულს. ეტაპობრივად მოქმედებენ, ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, ეს არ იყო ერთჯერადი. უფრო სისტემურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ასიმეტრული პასუხები უნდა გაეცეს ამას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და რატომ ვერ შეძლო გამოძიებამ ერთი წლის განმავლობაში იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებმაც აღნიშნული აპარატურა გაიტაცეს, ამ საკითხების გარკვევას For.ge. მთავარი პროკურატურის საგამოძიები დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეეცადა, თუმცა როგორც პრეს-სამსახურში გვითხრეს დეპარტამენტის უფროსი მივლინებით იმყოფება და მასთან კომუმუნიკაცია ვერ მოხდებოდა. (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც პრეს-სამსახურში გვპასუხობენ, რომ საგამოძიებოს უფროსი მივლინებაში იმყოფება.) მოგვიანებით ჩვენ საქმის პროკურორთან კოკა კაციტაძესთან შევეცადეთ დაკავშირებას, მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ გვითხრა, რომ პროკურორთან არკვევდა კომუნიკაციის პროცესს. დღის განმავლობაში for.ge რამდენიმეჯერ დაუკავშირდა პრეს-სამსახურს, თუმცა დღის ბოლოს გვიპასუხეს, რომ კაციტაძე შეხვედრაზე იმყოფება და კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა.