საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს, პოლიტიკურ ძალებში კი იმაზე კამათობენ, ვინ წავა ბრიუსელში და ისტორიულ დოკუმენტს ვინ მოაწერს ხელს - პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია როგორ დაკომპლექტება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის ცნობით, შეთანხმებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. თავად ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველო და არა - პერსონალურად ის.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და ქვეყანამ თავი კიდევ ერთხელ არ უნდა შეირცხვინოს, მმართველი გუნდი კი, დოკუმენტის მნიშვნელობაზე აპელირებს და მსგავს დეტალზე ყურადღებას არ ამახვილებს.
27 ივნისს, ქართულ საზოგადოებას ევროპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავს თუ გიორგი მარგველაშვილი, ეს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გაირკვევა, მაგრამ პრემიერ-მინისტრს „თბილი“ მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ უკვე დაჰპირდა, რომელმაც დღეს აქცენტები ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელ შედეგებზე გააკეთა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების შემდეგ, საქართველოსა და ევროპას საერთო მომავალი ექნებათ.
მისი შეფასებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულება ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მისი ხელმოწერა.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმამ, ფაქტობრივად, მაიდნის რევოლუცია გამოიწვია. ეს ხაზს აღნიშნული ხელშეკრულების მნიშვნელობას უსვამს. ხელმოწერის შემდეგ ის უნდა შევასრულოთ, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელმოწერა. პრაქტიკაში ვიხილავთ რა შედეგები უნდა დადგეს - ხანგრძლივი პერსპექტივით, შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა შევადაროთ. მაგალითად, პოლონეთისა და უკრაინის. პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა და მისი მშპ სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის. აი, ეს არის სარგებელი“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ჰერმან ვან რომპეის განმარტებით, ქართულ ეკონომიკას მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებზე გასვლა უზარმაზარ შესაძლებლობას შეუქმნის.
„ვხედავთ, რომ გარდამავალი პერიოდი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ეკონომიკის ადაპტირება მოახდინოთ. 2013 -2014 წლებში, ფინანსური ნაბიჯები გადავდგით და გარდამავალი პერიოდის სირთულეების დასაძლევად ასიგნებები გამოვყავით და ხელმოწერამდე მივედით, შემდეგ კი შესრულება მოდის. იმედს ვიტოვებთ, რომ ვიზების ლიბერალიზაციაც მალე მოხდება. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება თანამშრომლობის საბოლოო ეტაპი არ იქნება და მისი შესრულების შემდეგ, საერთო მომავალი გვექნება“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჰერმან ვან რომპეიმ ყურადღება საქართველოს უსაფრთხოებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით საქართველოს უსაფრთხოებაც იზრდება.
მისი მოსაზრებით, ევროკავშირი საქართველოს მხარესაა და ქვეყნის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია სწორედ ეს არის.
„ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძლიერი და სანდრო მეზობელი გეყოლებათ. ევროკავშირი - 500 მილიონი მოქალაქე და 28 წევრი ქვეყანაა. საქართველოს დაცვის თვალსაზრისით, პასუხისმგებლობა წლების წინ ავიღეთ და თქვენი ტერიტორიული მთლიანობს დაცვას ასევე ვაგრძელებთ. თქვენს მხრეს ვართ და ესაა საუკეთესო გარანტია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. საქართველო მარტო არ გახლავთ! თქვენ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა გაქვთ“, - განაცხადა რომპეიმ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
პრემიერის თქმით, ხელშეკრულება ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის.
„ასოცირების შეთანხმებისთვის და მისი განხორციელებისთვის აქტიურად ვემზადებით. ასოცირების პროცესი ძალიან შრომატევადია, რომელიც ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. მზად ვართ, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - დასძინა პრემიერმა, ალექსი პეტრიაშვილმა კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, ასოცირების ხელშეკრულებას ვინ უნდა მოაწეროს ხელი.
მინისტრის მოსაზრებით, იქედან გამომდინარე, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს და ასევე მთავრობაა პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც მოილაპარაკა ევროკავშირთან, ხელშეკრულებას ხელს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს.
ევროინტერგაციის მინისტრს საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება და for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
„მოსაბერზებელი და დიდი სირცხვილის მატარებელია ის, რაც ხელისუფლების ეშალონებში ხდება. ეს ფრანსუა ოლანდის დახვედრის დროსაც გამოჩნდა. გავიგეთ, რომ ღარიბაშვილი ვერ გაიზარდა და ვერც ვერასოდეს გაიზრდება. ისიც ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ინფორმირებული არ არის, მაგრამ თავი კიდევ ერთხელ აღარ უნდა შევირცხვინოთ“, - აღნიშნავს თარგამაძე, რომლის პოზიციას იზიარებს გიორგი კანდელაკი.
დეპუტატის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაჩქარდა.
„ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო და ახლა სრულდება. სამწუხაროდ, ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას არ მცირდება და პირიქით, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში ანტიდასავლური ძალების გაძლიერება ხდება. მათ შორის, გაძლიერება სახეზეა უმრავლესობის შიგნით, რადგან არ არის დასამალი, რომ პარლამენტის დე-ფაქტო თავმჯდომარე გია ვოლსკია“, - განაცხადა კანდელაკმა.
ოპონენტების კრიტიკას უმრავლესობაში არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მთავარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ფორმდება და არა ის, თუ ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს.
ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ძალიან დიდი ნაბიჯი იდგმევა.
„უფრო მნიშვნელოვანია, ხელმოწერის შემდგომ ჩასატარებელი სამუშაოები. იცით, რომ თავისუფლების ვაჭრობის სივრცის შეთანხმება ავტომატურად ძალაში შედის და იწყებს მოქმედებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სავაჭრო ეკონომიკური სისტემის მოწყობის თვალსაზრისით, ორივე მხარეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ახლა კი იმაზე საუბარი დოკუმენტს ვინ მოაწერს ხელს, არასერიოზულად მიმაჩნია“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს სახელმწიფო ზეიმით უნდა შეხვდეს.
„არ აქვს დიდი მნიშვნელობა, დოკუმენტს ვინ მოაწერს ხელს. მოლაპარაკებებს ვინც აწარმოებდა, ხელშეკრულებას ხელი სწორედ მან უნდა მოაწეროს. ამ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დოკუმენტს სახელმწიფო აწერს ხელს. შეთანხმებას მარგველაშვილის ხელმოწერა ექნება თუ ღარიბაშვილის, რა მნიშვნელობა აქვს?!“,- განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.
მართალია, ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე ევროპასთან კონსულტაციები მთავრობამ აწარმოა, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის წარმმართველი ქვეყნის პრეზიდენტია. შესაბამისად, კითხვებიც კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე ჩნდება - უნდა წავიდეს თუ არა ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილი და უნდა მოაწეროს თუ არა ხელი მან ასოცირების შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრიცის შესახებ შეთანხმებას საქართველო 27 ივნისს, ბრიუსელში მოაწერს ხელს. ხელმოწერის პროცესი აგვისტოში უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპელებმა ვადები წინ გადმოწიეს.