„ქართული ოცნების“ თბილისის სიის პირველი ნომერი - ირაკლი ფავლენიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ თბილისის სიის პირველი ნომერი - ირაკლი ფავლენიშვილი იქნება

პოლიტიკური პარტიები დღეს, საარჩევნო სიებს ოფიციალურად წარადგენენ. მმართველი გუნდის საარჩევნო სია გასაიდუმლოებულია და ის ხელმისაწვდომი არა თუ მედიისთვის, არამედ უმრავლესობისთვისაც არ არის.

for.ge-მ სიის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ექსკლუზიურად ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის სიის პირველი ნომერი პროფესიით ექიმი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფავლენიშვილის გარდა, თბილისის სიის პირველ ათეულში „თავისუფალი-დემოკრატებიდან“ წარდგენილნი იქნებიან - გიორგი მუსხელიშვილი, „რესპუბლიკელებიდან“ გულიკო ზუმბაძე, „მრეწველებიდან“ გიორგი ტყემალაძე.

რაც შეეხება სხვა პირებს, მათ შესახებ ინფორმაციას უმრავლესობაში არ ფლობენ და პრეზენტაციის გამართვას ელოდებიან, მაგრამ ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ „მრეწველებიდან“ თბილისის საარჩევნო სიაში მოხვდნენ - ვლადიმერ ძნელაძე, ზაზა ჭილაძე, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ტარსაიძე, ლევან სისვაძე, ლევან დარახველიძე, გიორგი კახნიაშვილი, თამარ თოლორაია, ირინე წულიკიძე. ხოლო, „რესპუბლიკელებიდან“ წარდგენილი იქნება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

აღნიშნული პირების გარდა, მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში თუ ვინ მოხვდა, ამას საზოგადოება რამდენიმე საათში გაიგებს, მაგრამ რაც შეეხება ფავლენიშვილის ბიოგრაფიას, ის 2003 წლიდან დღემდე რეზიდენტურის პროგრამის „ნეონატოლოგია ” - პროგრამ - დირექტორატის წევრია. საქმიანობის მანძილზე, მას მომზადებული აქვს 250 პუბლიკაცია, მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო.

ირაკლი ფავლენიშვილს 1989 წელს, მიღებული აქვს ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიპლომი და მედალი, 1993 წელს, სოდერბერგის ფონდის პრემია. ასევე მან 1993 წელს მიიღო საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურიატის წოდება, ხოლო 1994 წელს, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემია. ამასთან, ფავლენიშვილი დაჯილდოვებულია ლუიზიანას შტატის სამედიცინო საზოგადოების დიპლომით და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ვერცხლის მედალით.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, გამგებლობის კანდიდატები და მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს, ყველაზე მეტი დრო კი სიის დაკომპლექტებას დაუთმეს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ საარჩევნო სიაში ყოფილი ნაციონალები არ იქნებიან.