ვის შევჩივლოთ. ნოდარ ახალკაცი  მკვდარია

ვის შევჩივლოთ. ნოდარ ახალკაცი მკვდარია

დიახ, ნოდარ ახალკაცი უკვე მოვინელეთ. მისი ადგილი მერაბ ჟორდანიამ დაიკავა, მაგრამ ქართულ ფეხბურთს დღეს აღარც ახალკაცი ჰყავს და აღარც ჟორდანია. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ადვილად შეცვლი. საქმე ანდრო ჟორდანიას და ნოდარ ახალკაცის შემცვლელის პოვნაა.

დღეს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ ქართულ ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე, იმაზეც, რომ აქ ნიჭიერებს არ ახარებენ...

ეტყობა, 28 აპრილის, ნორვეგიის ნაკრებთან სამარცხვინო წაგება (1:4) იყო საჭირო იმისათვის, რომ საყოველთაო განგაში აგვეტეხა.

დღეს პატარა ბავშვებიც კი სვამენ ლოგიკურ კითხვას: თუ საზღვარგარეთის სხვადასხვა გუნდში ჩვენი ბიჭები, ჩვენი ვარსკვლავები კარგად თამაშობენ, ეროვნულ ნაკრებში ასე საცოდავად რატომ გამოიყურებიან?

პატარა ბავშვებიც კი ლოგიკურ კითხვას ლოგიკურადვე უპასუხებენ: მწვრთნელი, მწვრთნელი გვინდა!

მერედა, სად არის მწვრთნელი?

- ლატვიას არ ჰყავდა მწვრთნელი და ძოძუაშვილი მიიწვიეს. ჩვენ არ გვყავდა მწვრთნელი და ძოძუაშვილი გავუშვით! - გაოცებას ვერ მალავს მიხეილ სააკაშვილი.

მოდი და ნუ გაიოცებ: ნორვეგიის ნაკრები, რომელთანაც ჩვენ ასე უსუსურები გამოვჩნდით, ლატვიის გუნდმა ნორვეგიაში დაამარცხა (?!).

და მხოლოდ ეს არის გასაოცარი?

კორუფცია, ქიშპი, ძმაბიჭობა და სიძე-სიმამრიანობა!...

და აი, შედეგიც!

ჩვენ ვნახეთ, როგორ დაფრინავდნენ მინდორზე ნორვეგიელი ფეხბურთელები.

„ფრთები, ფრთები, გვინდა!“ - ჩვენც.

მაგრამ მანამდე მწვრთნელი, მწვრთნელი გვინდა!

თუმცა, ვინ იცის, უფრო მანამდე ქართულ ფეხბურთში, საერთოდ, სპორტში ვითარების გაჯანსაღება გვინდა...