დაურ თარბამ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, თარბას თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. მისი განცხადება გადადგომის შესახებ დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ დაურ თარბასა და ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას შორის ურთიერთობა ბოლო დროს დაიძაბა. მიზეზებად სეპარატისტული აფხაზეთის მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული "დათმობის" პოლიტიკა სახელდებოდა. თარბა ასევე გამოთქვამდა უკმაყოფილებას აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიადისათვის ინერტული მასალების გატანის საკითხებზე და მას რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების "არც თუ ისე სუფთად ათვისების" საკითხებიც აღელვებდა.
აი რას წერს აფხაზური ოპოზიციური პრესა დაურ თარბას გადადგომის შესახებ:
დაურ თარბას თანამდებობიდან წასვლა შესაძლოა მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის საფუძველი გახდეს. მის თანამდებობიდან წასვლას ექსპერტებმა სენსაციური უწოდეს, იმიტომ, რომ თარბა უბრალოდ ვიცე-პრემიერი კი არ იყო, არამედ იგი "პროპრეზიდენტული" პარტიის "ედინაია აბხაზიას" ლიდერი და სერგეი ბაღაფშის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირიც გახლდათ - მისი იმედი და საყრდენი.
თებერვალში მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული წარმატებული კამპანია ჩაატარა და აფხაზეთის ყველა რეგიონში "ედინაია აბხაზიამ" მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა. მის გადგომამდე ერთი დღით ადრე კი პრემიერ მინისტრსა სერგეი შამბამ ვიცე-პრემიერებს შორის უფლებამოსილებები გადაანაწილა.
აი ჩამონათვალი სფეროებისა რომლებსაც დაურ თარბა კურირებდა: აფხაზური ენის განვითარება, რეპატრიაცია, კავშირგაბმულობა, ეკოლოგია, კურორტები და ტურიზმი, ტრანსპორტი, პრივატიზაცია და ა.შ. ამიტომაც მისი გადადგომა "საკუთარი სურვილით" აფხაზეთის საზოგადოებისთვის "მეხის გავარდნას გავდა".
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ დაურ თარბამ გადადგომის გადაწყვეტილება სერგეი ბაღაფშთან გამართული "მძიმე საუბრის" შემდეგ მიიღო. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ თავად ბაღაფში არ აპირებდა თარბას თანამდებობიდან გაშვებას, თუმცა ვიცე-პრემიერმა მაინც გადაწყვიტა - "იგი უნდა წავიდეს!."
ალბათ ეს კარგად გააზრებული ნაბიჯია მისი მხრიდან - ჯერ კიდევ 2004 წელს როდესაც ბაღაფში ხელისუფლებაში მოდიოდა დაურ თარბა მისი ამალის ერთ -ერთი უმნიშვნელო ფიგურა იყო. თუმცა მას შემდეგ რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება "ედინაია აბხაზიას" საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობიდან პოლირიკურ პარტიად გარდაქმნის შესახებ დაურ თარბას ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა.
ბაღაფშის ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის განმავლობაში თარბა იმდენად გაიზარდა, რომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას თავისი საკუთარი პოლიტიკური თამაშის დაწყება სურდეს და არა სხვის თამაშში მონაწილეობა.
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა - ოთხი წელი, თუმცა მიუხედავად ამისა პოლიტიკური ელიტა უკვე ფიქრობს თუ როგორი იქნება კონფიგურაცია სერგეი ბაღაფშის ავანსცენიდან წასვლის შემდეგ.
დღეს თავად ხელისუფლებაში საპრეზიდენტო სავარძელს ორი "მძიმე კატეგორიის" პოლიტიკოსი იზომებს - სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი და ამასთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ჩინოვნიკს როდი აქვთ გაკეთებული არჩევანი ამ ორ ადამიანს შორის. არსებობს კიდევ მესამე კატეგორია, თანაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იმგვარი პოლიტიკოსებისა, რომლებსაც არც ერთი და არც მეორე კანდიდატი არ აწყობს.
იმ ფაქტს თუ რატომ გადადგა დაურ თარბა მაინცდამაინც ახლა თავისი ახსნა აქვს - საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტი 5 მილიარდის მიღებას აპირებს რუსული დახმარების სახით. დაურ თარბა კი თანამდებობაზე ყოფნის დროს აქტიური მომხრე იყო იმისა, რომ რუსეთიდან მომავალი თანხები "სამართლიანად და სუფთად" ათვისებულიყო. თუმცა წინა ტრანშთან დაკავშირებით ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლება სკანდალში გაეხვა. როგორც ჩანს თარბა კარგად ხვდება, რომ რუსეთიდან მომავალი მორიგი ფინანსური დახმარების ათვისება ასევე "არც თუ ისე უღრუბლო იქნება" და მას ისიც კარგად ესმის, რომ ხელისუფლებაში დარჩენით თავის იმიჯს ავნებს.
ამას გარდა, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებია და თუკი თარბა პარტიის ლიდერის თანამდებობაზე დარჩა მას შეეძლება უფრო აქტიურად ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი, რომელიც მომაცალში "ოლიმპის შტურმისათვის" მისი მთავარი საყრდენი გახდება.