ორი ქვეყანა განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინული სახელმწიფოს ნგრევას და მოსკოვის მიერ გაჩაღებული კრიზისის გამწვავებას. ესენია, მოლდავეთი და საქართველო, რომლებმაც ევროკავშირთან დაახლოების გზა აირჩიეს და რუსეთთან ძველ კავშირებზე თქვეს უარი. 6 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი პარიზში იმყოფება. მან le Monde-ს იმ შიშების შესახებ უამბო, რომელიც უკავშირდება რუსეთის ახალ საგარეოპოლიტიკურ კურსს მისი ახლო სამეზობლოს მიმართ.
თქვენ პარიზში მოლდავეთიდან ჩამოხვედით, რომელიც საქართველოს მსგავსად არანაკლებ წუხს უკრაინული კრიზისის გამწვავების გამო...
ჩვენი ქვეყნების ბედისწერა მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოლდავეთი და საქართველო ერთადერთი ქვეყნებია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სახელმწიფოებიდან, რომლებიც წინსვლას განაგრძობენ და აპირებენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ამ მხრივ ხელს უშლის ყველა მეზობელ სახელმწიფოს. ამიტომ უკრაინაში მოვლენების განვითარება სერიოზულად გვაშფოთებს.
მოლდავეთს დღემდე საკმაოდ არამდგრადი ვითარება აქვს დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. მან არ იცის, როდის და რა ელის. ჩვენ შემთხვევაში, რუსეთმა უკვე გაითამაშა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კარტი. საქართველოში არ არსებობს ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა მასობრივი სახალხო მოძრაობა. ბოლო გამოკითხვის თანამხად, ადამიანთა 65% მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, მაშინ როდესაც ევრაზიის კავშირს ემხრობა მხოლოდ 16%.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ სივრცეში იგრძნობა იმ ძალთა ზემოქმედება, რომლებიც ევროკავშირის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილები არიან, მაგალითად გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია...
ლაპარაკია, დიდწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩენაზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს ნატოსთან დაახლოების მიზანშეწონილობას. თბილისში პუშკინის მოედანზე რამდენიმე ათეული დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთს უნდა შევურიგდეთ, რომ ნატო მიგვატოვებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ძალა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ნატოსკენ სვლას. ეკლესია კი, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდეგ გავლენით მეორე სუბიექტია. შეცდომაა იმაზე ლაპარაკი, თითქოს ის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. მის ლიდერებს და თავად პატრიარქს მიაჩნიათ, რომ ევროპული კულტურა ჩვენ კულტურასთან ახლოსაა.
იმავდროულად, აღსანიშნავია გულწრფელი წუხილი ახალ პრობლემებზე ადამიანის უფლებების სფეროში. კერძოდ, ერთსქესიანთა ქორწინებასა და მსგავს თემებზე, რომელიც შეიძლება პირველ ნაბიჯად იქცეს ამ მიმართულებით. ეკლესია მიისწრაფვის საზოგადოების ზნეობრივი იერის შენარჩუნებისაკენ, ამიტომ მისი მხრიდან წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო. ქართველების 90%-ზე მეტი ამბობს, რომ პატრიარქს ენდობა.
თქვენ თქვით, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კარტი. ფიქრობთ, რომ მას მეტის გაკეთება არ შეუძლია?
ამ რეგიონების ანექსიის გამორიცხვა სინამდვილეში არ შეიძლება. მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა: რუსეთი სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა აფხაზების მხრიდან, რომლებისთვისაც 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა საბოლოო იყო. სამხრეთ ოსეთში ყველაფერი, როგორც ჩანს, ტაქტიკური სვლა იყო. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ამ კარტის ამოქმედება, რადგან ოსეთი მისთვის დიდი სამხედრო ბაზის მსგავსი რამ არის. რუსეთმა, რომ რესპუბლიკაში რეფრენდუმი ჩაატაროს რეგიონის მიერთების თემაზე, ეს მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ოპერაციის დაწყება იქნება. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მეეჭვება, რომ მას ამისთვის აუცილებელი შესაძლებლობები აქვს. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოს მთავრობის გონიერი და ზომიერი პოლიტიკა ხელს შეუშლის ამ სცენარის რეალიზებას.
არ ვფიქრობ, რომ რუსეთში უკრაინის მოვლენები გათვლილი ჰქონდათ. მოსკოვს სურდა ამ ქვეყნის შენარჩუნება საკუთარი გავლენის ზონაში იანუკოვიჩის დახმარებით, და არა უკრაინის სახელმწიფოს დანგრევა. მან სათანადოდ ვერ შეაფასა მაიდანის სიმტკიცე. დღეს, სიტუაციის ასაღწერად ყველაზე შესაფერისი სიტყვა - “გაურკვევლობაა”. რაიმე პროგნოზის გაკეთებაც კი დღეს უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს ჩვენი ამოცანის მნიშვნელობას: ევროინტეგრაცია და ნატოსკენ სვლა უმოკლეს ვადებში.
მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს 2008 წლის გაკვეთილები: ნატოს სამიტი ბუქარესტში და რუსეთთან ომი. ვცდილობთ აღარ გავიმეოროთ ეს, თავიდან ავიცილოთ ფუჭი მსხვერპლი და გაუმართლებელი რისკები.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ახლახანს ვაშინგტონს მიმართა, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოში ნატოს ძალები განალაგოს. ეს არ არის “გაუმართლებელი რისკი”?
საუბარი იყო ჩვენი გრძელვადიანი ამოცანის ხაზგასმაზე, რაც ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. არ ვფიქრობ, რომ ის სხვა რამეს გულისმობდა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუკი ხვალ დილით გავიგებთ, რომ ალიანსში მიგვიღეს. ალიანსის გაფართოება საქართველოსაც გამოადგება და ნატოსაც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღქმული რუსეთისთვის ომის გამოცხადებად.
მაგრამ თქვენ ხომ იცით, როგორი მიუღებლობა, პარანოიის ზღვარზე არსებული ზიზღი აქვს მოსკოვს ნატოს მიმართ...
პარანოია ბევრ საკითხს ეხება და არამხოლოდ ნატოს. ის მიმართულია ყველაფერზე, რაც რუსეთს ხელს უშლის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კონტროლი განამტკიცოს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, ვინმეს ნეიტრალიტეტი და ა.შ.
როგორ შეაფასებთ რუსეთის ლიდერებში ნაციონალისტური განწყობების აღზევებას ბოლო ორი თვის განმავლობაში?
ძველმა რუსეთმა გაიღვიძა. ჩვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვერ გაიგეს: რუსეთის ხელმძღვანელობას და მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ძლიერი რუსეთი - ეს დიდი რუსეთია. ასეთია განვითარების კონცეფცია. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ გაფართოვდეს, გაზარდოს საზღვრები. ეს ლოგიკურია, თუკი გავითვალიწინებთ იმ პოლიტიკას, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება, იმ დროიდან, როდესაც ვლადიმერ პუტინი თავის მხარდამჭერებთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა. მათთვის მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქცა საბჭოთა კავშირის დანგრევა და არა მეორე მსოფლიო ომი ან ბოლშევიზმი.
ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის არამხოლოდ საქართველოს, უკრაინას და სომხეთს, არამედ ევროკავშირსაც. რუსეთის ჩარევა უკრაინის ბედის განსაზღვრაში - ეს დარტყმაა ევროკავშირისათვის. ბლოკი რომ მართლაც ერთიანი იყოს, რუსეთს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდებოდა. თუკი ევროკავშირი დაქსაქსულია, რუსეთმა იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულ სახელმწიფოებთან, საფრანგეთთან ან ლიტვასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდა შესანიშნავად მუშაობს. არსებობს საკმაოდ პოპულარული შეხედულება რუსეთთან თანაცხოვრებაზე, რომელიც პირველ რიგში აქვთ მათ, ვინც მტრულად უყურებს ევროკავშირის რაიმე ფორმით გაფართოებას. ასეთ წარმოდგენებში ევროპული საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოები ველური სივრცეა, სადაც არადისციპლინირებული ერები არეულობებს აწყობენ და რუსეთმა მათზე უნდა იზრუნოს. სანაცვლოდ, რუსეთი იძლევა რესურსების მიწოდების გარანტიებს და ხსნის შესაძლებლობებს ბიზნესის წარმოებისათვის.
იქნებ, რამდენიმე სიტყვა გვითხრათ საქართველოს შიდა ვითარებაზე. არსებობს სერიოზული ეჭვები პოლიტიკურ და სამართლებრივ ვენდეტაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნების მიმართ...
სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა. ქართველები ბედნიერნი იქნებოდნენ, თუკი დაწყებული გამოძიებები უფრო ეფექტურად წარიმართებოდა, თუკი ბრალდებულები სასამართლოს წინაშე წარდგებოდნენ. მაგრამ ამ ყველაფერმა გააჩინა მხოლოდ ფუჭი ხმაური როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ. ერთმა გამოძიებამ ბუნებრივად გამოიწვია მეორე. დღეს არავითარი ეჭვი აღარ არსებობს, რომ [სააკაშვილის პრეზიდენტობის დროის] სისტემური პრობლემები არსებობდა არამხოლოდ ციხეებში, არამედ სხვა დარგებშიც: ეს ეხება აქტივების განაწილებას, მეგობრების მიერ მომგებიანი კონტრაქტების მიღებას, საბიუჯეტო რესურსების გამოყენებას. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც ერთი ბრალდება თბილისის მერის, უგულავას წინააღმდეგ. საუბარია, 30 მილიონ დოლარზე, რომელიც ამოიღეს ქალაქის ბიუჯეტიდან სამი-ოთხი თვით ადრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მერი მეორე ან მესამე პირი იყოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.
მაგრამ, სააკაშვილისგან ჩვენების მოთხოვნა არ აღვივებს ისეთ ეჭვებს, როგორიცაა სასამართლოს გზით შურისძიება?
სააკაშვილი მოწმედ დაიბარეს. პირადად მისთვის ბრალი არავი წაუყენებია, მის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა. პროკურატურაში უნდათ, რომ მან მისცეს ჩვენება რამდენიმე საქმეზე. თუმცა სააკაშვილმა, მედიამ და ხალხმა უმალ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ არის მიმართული. არავის აზრადაც კი არ მოსდის, რომ ის შეიძლება იყოს უდანაშაულო მოწმე. ეს ეხება მაგალითად, 2006 წელს ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო მკაცრად გააკრიტიკა. სააკაშვილმა კი იმ დროს მკვლელებს ამნისტია გამოუცხადა.
როგორ აფასებთ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გავლენას მისი პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ?
ზუსტად ერთი წლის წინ მან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგებოდა. ბოლო დღემდე ვცდილობდი მის დარწმუნებას დარჩენილიყო, რადგან ის ჩვენ გვჭირდება. მის გარეშე რთული იყო კოალიცია “ქართული ოცნების” მომავლის წარმოდგენა, რომელიც ექვსი პარტიის ერთობაა.
წასვლის შემდეგ ჩვენ მასთან კავშირი გვაქვს. არაერთხელ შევხვდი მას, ჩვენ ვლაპარაკობდით თვეში ერთხელ-ორჯერ. ზოგჯერ რჩევისთვისაც მივმართავ, ზოგჯერ კი თავად მიკავშირდება კონსუტაციებისათვის თავის არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მაგრამ ის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი გახდა სწორედ სიტყვის თავისუფლებისათვის. ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, იყო უჩვეულო და გასაოცარი. მას უნდა მოქალაქეებს უბიძგოს უფრო აქტიური როლისაკენ ქვეყნის ცხოვრებაში.
foreignpress.ge