„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომერი „5“ დაკარგა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომერი „5“ დაკარგა

ხელისუფლების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომერი 5-იც დაკარგა და ცესკოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია „ქრისტიან-კონსერვატიულ პარტია“, რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი „5“-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო. მიზეზად საარჩევნო კოდექსის ის ნორმა მიუთითეს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია ღებულობდეს მონაწილეობას წინასაპარლამენტო არჩევნებში.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტირებულია 2 საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება“ და „არასაპარლამენტო ოპოზიცია“. გარდა ამისა, კომისიაში ბლოკად დარეგისტრირების შესახებ განაცხადი „სამართლიანი საქართველოსთვის“ და „ევროპელ დემოკრატებს“ აქვთ შეტანილი. 

იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი „5“ ამის შესახებ 16 მაისამდე გახდება ცნობილი. როგორც ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ეკა აზარაშვილმა for.ge-სთან საუბრისას განმარტა, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს. მისი თქმით, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

აზარაშვილი ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

„ვინაიდან ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი ჩანაწერის გამო, რომელიც საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი გადაწყდა ცესკო-ს მიერ“, - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება - წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყოფილ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ არანაირი საკანონმდებლო და იურიდიული საფუძველი საარჩევნო ნომრის ჩამორთმევის არ არსებობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიერ ცესკოზე ზეწოლას უკავშირებს. 
„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ტექნიკური ბლოკი, „ქრისტიან-კონსერვატიულ“ პარტიასთან, რაც, როგორც ჩანს, ძალიან აღელვებს ხელისუფლებას, ვინაიდან ეს გზას გაგვიხსნის უფრო ფართო წარმომადგენლობისთვის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, ამიტომ ბოლო დღეებში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ დაეშვა ამ ბლოკის შექმნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლოკი მაინც დარეგისტრირდა, მიღებულია გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება დღეს უკვე ოფიციალურად გვაცნობა ცესკომ, რომ ამ საარჩევნო ბლოკს და ჩვენ პარტიას არ მიენიჭება ნომერი ხუთი - ის ნომერი, რომლითაც ბოლო 12 წლის მანძილზე ყოველთვის, ყველა არჩევნებში გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“. მინდა, მკაფიოდ განვმარტო, არანაირი საკანონმდებლო და იურიდიული საფუძველი ასეთი გადაწყვეტილებისთვის არ არსებობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირეობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს, რომ მალაშხიას პარტიასთან ბლოკის შექმნის გადაწყვეტილება საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია. მისივე თქმით, ეს არის ახალი ადამიანების მოზიდვის საშუალება. იმავდროულად, არის მეტი დაფინანსების მიღების ალბათობაც, რაც ოპოზიციაში მყოფი პარტიისთვის დამატებითი რესურსია და ამ რესურსზე უარი ნამდვილად არ უნდა ითქვას. გარდა ფინანსურ-მატერიალური მხარისა და ფრაქციების შექმნისა, ბეჟაშვილის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკოში დამატებითი წევრის შეყვანის საშუალებაც არსებობს.