„თბილისის სამიტი“ - სამი პრეზიდენტის საერთო ეკონომიკური ინტერესები

„თბილისის სამიტი“ - სამი პრეზიდენტის საერთო ეკონომიკური ინტერესები

ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები, ეს „თბილისის სამიტის“ მთავარი თემებია. სამიტი ოფიციალურად დღეს დილით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა და მას სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაესწრნენ.

სამიტის გახსნისას წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში გიორგი მარგველაშვილმა სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოსთან თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს.

აზრბაიჯანის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანს წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები აქვს და „თბილისის სამიტისგანაც“ ბრწყინვალე შედეგს ელის.

„კავშირები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ, არის დიდი ხნის კავშირები. უმაღლეს დონეზეა ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენ ბევრ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ეს სამმხრივი ურთიერთობა არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს, მთელ მსოფლიოს ემსახუროს. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ჩვენს ორმხრივ ინტერესებზე“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში ისეთ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-თბილისი-ყარსი“ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები კავკასიის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

„ყველანი ვაცნობიერებთ ამ გლობალური პროექტების მნიშვნელობას. ეს სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ვფიქრობ, ამას სათანადოდ აფასებენ მთლიანად რეგიონში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები არის კედელი, რომელიც გვაშორებს, - არა, ჩვენ, ფაქტობრივად, მას ვაქცევთ დამაკავშირებელ გზად. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს მეზობლებს და აძლიერებს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას“, - განაცხადა აბდულა გიულიმ და აღნიშნა, რომ მსგავსი სამიტები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება.

სამიტის ფარგლებში შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეშიც გაიმართა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ავლაბრის სასახლეში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ოფიციალური სადილის შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივი შეხვედრა სტუმრად მყოფ პრეზიდენტებს შორისაც შედგა.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ჩვენ სამ ქვეყანას შორის. ეს ისტორიული თანამშრომლობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონის ეკონომიკაზე, სტაბილურობაზე, გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზე როგორც აზიაში, ასევე ევროპაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის გათვალისწინების შედეგად სარგებლობს ამ თანამშრომლობის შედეგებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

აბდულა გიულიმ კი განმარტა, რომ სწორედ რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული გულწრფელი ურთიერთობებით აიხსნება „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, „ბაქო-თბილის-ერზრუმის“ გაზსადენისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის წარმატება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სარკინიგზო მიმოსვლის პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება, საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელება კი კვლავ გაგრძელდება.

„საქართველოსთან გვაქვს 1,5 მილიარდი დოლარის ტვირთბრუნვა და თურქეთის ინვესტიციები საქართველოში 1 მილიარდზე მეტია. არიან თურქული კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ საქართველოში ინვესტირებას ძალიან დიდი ინტერესით. ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ იმოძრაონ პასპორტის, ვიზის გარეშე, უბრალოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული, ბრწყინვალე ურთიერთობები აზერბაიჯანთან. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, კერძოდ ტვირთბრუნვა 4,7 მილიარდი დოლარის ტოლია და ინვესტიციების ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა აბდულა გიულიმ.

„თბილისის სამიტი“ ახალი ინიციატივის საბაბი გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის. ილჰამ ალიევი გამოვიდა წინადადებით, რომ შემდეგი სამიტი აზერბაიჯანში გაიმართოს.

„თბილისის სამიტის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ეკონომიკური გუნდის მინისტრები იყვნენ თურქეთიდანაც.

ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სამიტი თბილ ატმოსფეროში გაიმართა და მიმდინარე პროექტების შესახებ კონკრეტული ანგარიშები და პრეზენტაციები მოეწყო.

„ვაჭრობის მხრივ, აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი პარტნიორები არიან. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ სამივე ქვეყანამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს თანამშრომლობა, რაც ბიზნესების გარდა ხალხის თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ფორუმიც გაიმართა, რომელსაც თურქეთიდან დაახლოებით 80 ბიზნესმენი დაესწრო. ეკონომიკურ ფორუმს მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიულიც შეუერთდნენ.

ღარიბაშვილი თურქ ბიზნესმენებს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და საქართველოში ბიზნესსაქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კარი ღიაა თქვენთვის, თუ გადაწყვეტთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას. ჩვენი მხრივ კი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაიაც დაესწრო. მისი განცხადებით, თურქეთის მხრიდან ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ბევრი საინტერესო შემოთავაზება უკვე გამოიკვეთა და მათ განხორციელებას პრეზიდენტების დონეზე გამართული სამიტიც ხელს შეუწყობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ორმხრივ შეხვედრაზე თურქეთის მხრიდან გამოითქვა სურვილი მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაში თანამონაწილეობაზე, საუბარი ასევე იყო საქართველოში განსახორციელებელ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში თურქეთის ჩართვასა და საზღვაო სფეროში საქართველო-თურქეთის აქტიურ თანამშრომლობაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველო დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. თურქეთის პრეზიდენტი კი თბილისში რჩება. პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და აბდულა გიულის შეხვედრა ხვალ გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება და ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება.

ანკარაში გამგზავრებამდე თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობს.