ანტიდისკიმინაციული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტში „საზოგადოებრივი ზნეობის“ ნორმის ჩადებამ მმართველ გუნდში უთანხოება წარმოშვა. ჩანაწერის წინააღმდეგ თამარ კორძაია და თინა ხიდაშელი გამოვიდნენ და კანონიდან აღნიშნული ნორმის ამოღება მოითხოვეს, მაგრამ მათ საპასუხოდ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.
საბოლოო ჯამში, კანონში ზნეობისა და მორალის ნორმა დარჩა, მაგრამ თუ რა გახდა უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ესაუბრა:
ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია, მაგრამ საზოგადოების ნაწილში მაინც რჩება მოსაზრება, რომ ცვლილებები საფრთხის შემცველია. არ ფიქრობთ, რომ პრობლემები დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის არარსებობამ წარმოშვა?
- საშიში არაფერია. საფრთხე არც თავში იყო, მაგრამ კანონში შეტანილი დამატების შემდეგ, ინტერპრეტაციის საშუალებაც აღარ იქნება. რაც დეპუტატი ვარ, ყველაზე მძიმე კვირა მქონდა, რადგან კანონპროქტის განხილვა ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამ პროცესის ხარვეზი ის იყო, რომ საჯარო განხილვებს მეტი დრო არ დაეთმო. სჯობდა, ცვლილებებზე მსჯელობა ღია სივრცეში ყველა მხარის ჩართვით მომხდარიყო.
ამ კანონპროექტზე მუშაობა ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მას პარლამენტში ინიცირების შემდეგ გავეცანი. ამ პროცესში, ალბათ, ერთ-ერთი ცუდი როლის შემსრულებელი დროის სიმწირე აღმოჩნდა. განმარტება საკმარისად არ გაკეთდა, თუ რა ეწერა კანონპროექტში და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.
ცვლილებებს სასულიერო პირები გაეცვნენ, მაგრამ ისინი მაინც თვლიდნენ, რომ კანონპროექტი სოდომ-გომორის ცოდვის პროპაგანდას ეწევა...
- მთავარი პრინციპები, რაც კანონიდან გამოიკვეთა არის ის, რომ ადამიანი არ დავჩაგროთ, მასზე არ ვიძალადოთ და ნებისმიერი ადამიანის უფლება სახელმწიფომ აღიაროს. ადამიანი რომ იბადება, ის ღვთის შვილია და მას უფლებები უნდა ჰქონდეს. ეს კანონი ამ უფლებების აღიარებაა და არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ჩვენს გვერდით განსხვავებული ადამიანები არსებობენ. არსებობის უფლება მათაც აქვთ. რაც შეეხება იმას, თუ რა საფრთხეები დაინახეს ეკლესიის წარმომადგენლებმა, ცალკეული პირების მხრიდან კანონი არასწორად იყო განმარტებული და ნათქვამი იყო, რომ ვახალესიებთ იმას, რასაც ეკლესია ცოდვად მიიჩნევს.
1996 წლიდან, პარლამენტი კანონებს იღებდა, სადაც „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ეწერა. ანუ, ეს არ იყო ახალი ცნებები, რაც გაჩნდა. სასულიერო პირებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, კანონში დამცავი ნორმები ჩაიდო, რაც კომპრომისი იყო და არა სისუსტე. ხელისუფლება მაშინ არის ძლიერი, როცა საზოგადოების განწყობის შესაბამისად, უკან დახევა შეუძლია. თუ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ყრუ კედელი აღიმართება, კომუნიკაცია იკარგება და რეალობას მოწყდები.
კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტი დაკონკრეტდა და ჩაიწერა, რომ „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადოებრივი წესრიგის და ზნეობის დაცვა ხდება და როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება“. კანონში ამ ნორმის ჩამატება მმართველ გუნდში უთანხმოების მიზეზი გახდა. თქვენ თამარ კორძაია და თინა ხიდაშელი დაგიპირისპირდნენ. For.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული დეპუტატები ამ ნორმის ამოღებას ითხოვდნენ, თქვენ კი განაცხადეთ, რომ ამ ნორმის გარეშე ცვლილებას მხარს არ დაუჭერდით...
- დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო. ეს კანონპროექტი საფრთხის შეცვლელი არ იყო, მაგრამ როცა მღელვარება საზოგადოების ნეიტრალურ ნაწილსაც გადაედო, საჭირო გახდა გარკვეული სიცხადის შეტანა. კანონში ევროპის კონვენციით დადგენილი სტანდარტი „საზოგადოებრივი ზნეობა“ და მორალი შემოვიდა. რწმენის და თავისუფლების ნაწილია, სადაც წერია, რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი საზოგადოებრივ მორალს ეწინაღმდეგება. რა არის მორალი, ეს შეფასებითი კატეგორიაა, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა ქართული კანონმდებლობისთვის. „ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში“ ახალი ჩანაწერია, სადაც ჩავწერეთ, რომ საზოგადოებისადმი უპატივცემულო ქცევა, რომელიც საზოგადების ზნეობას ეწინააღმდეგება, შეიძლება დასჯადი იყოს. თუ ქუჩაში შიშველი ადამიანები დარბიან და იქ სექსუალური ხასიათის ქცევას გამოხატავენ, პოლიციელი ვალდებულია ისინი დააჯარიმოს. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და აბსოლუტური უფლება არ არსებობს.
თუმცა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ ნორმის შემოღება მისთვის „სიურპრიზი“ იყო...
- ამ საკითხზე კომიტეტზე ვიმსჯელეთ, მაგრამ სესიაზეც შეიძლება იყოს სიახლეები. სიმძიმე ჩვენს კომიტეტზე გადმოვიდა და ბუნებრივია, ეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა. საზოგადოებრივი ზნეობის ნორმასთან პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს და ეს დასაცავიც არ უნდა იყოს. ამ ნორმას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მაგრამ მგონი, არასწორად იყო გაგებული. ვთქვი, რომ თუ ამ ელემენტს ამოვიღებდით, გამიჭირდებოდა ამეხსნა, რატომ შევიცვალე პოზიცია და ამ ნორმის ამოღებას მხარს არ დავუჭერდი.
ანტიდისკრიმინაცული კანონპროექტის თაობაზე, თქვენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც ესაუბრეთ. როგორი იყო უწმინდესისა და უნეტარესის პოზიცია?
- საქართველოს პატრიარქს რამდენჯერმე შევხვდი და პატრიარქს ძალიან მშვიდი, დაბალანსებული და გაწონასწორებული პოზიცია ჰქონდა. უწმინდესი კატეგორიული არ იყო. თავისი ზომიერებით და სიბრძნით მან დაგვანახა, რომ ზოგჯერ შესაძლებელია, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განსხვავებული პოზიცია იყოს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. პატრიარქი ბრძანებს, რომ ყველაზე საშიში კატეგორიული საუბარია და თუ ჩვენ სიყვარულსა და თანასწორობაზე ვსაუბრობთ, იქ საზოგადოებას სიყვარულით უნდა ველაპარაკოთ და ასეთი ჩხუბით, აგრესიით ადამიანებს უფრო შევაშინებთ და დავაბრკოლებთ.
სასულიერო პირების პოზიცია არაერთგვაროვანი იყო. რამდენიმე მღვდელმთავარმა დამირეკა და მითხრა, რომ ისინი არ ფიქრობდნენ, რომ რაიმე სახიფათო იყო, როგორც ამას სხვები ამბობდნენ. ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ცალკეული ჯგუფების მიერ მთელი საპატრიარქოს პოზიცია იყო გამოხატული. პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიცია არის - აკადემიური, წინდახეული და უწმინდესმა თქვა, რომ როგორც ქვეყანას და მის მომავალს სჭირდება, ისე მოიქეცით! ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ცალკეული გამონათავმები აცდენილი იყო და საკითხს აქაც ინდივიდვალურად უნდა მივუდგეთ. როგორც ერშია განსხვავებული ადამიანები, ასევე ბერშია.
თუმცა, საპატრიარქოსგან განსხვავებით, ის სასულიერო პირები იყვნენ კატეგორიულები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. მათ ხელისუფლებას უსაყვედურეს, რომ „თუ ვინმეს ეცოდინებოდა რომ ამ კანონის მიღებას აპირებდით, ხმას ვინ მოგცემდათ“. ჩემი კითხვის ადრესატი არ ხართ, მაგრამ მაინც გკითხვათ, ამ პირების მხრიდან მსგავსი ტონი მაშინ რატომ არ გვესმოდა, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანებს აწამებდნენ, იჭერდნენ, ქონებას ართმევდნენ და თურმე, აუპატიურებდნენ კიდეც...
- გეთანხმებით. კომიტეტის ის სხდომა უმძიმესი იყო. ყველაფერი გავაკეთე, რომ საკუთარი სათქმელი ეთქვათ და არ შეზღუდულიყვნენ, მაგრამ იქ იყო ფორმები, რომელიც ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო. ეს არ იყო პერსონალური თავდასხმა, მაგრამ გუნდის მიმართ როცა ასეთი აგრესია იყო გამოხატული, ეს ძალიან მძიმე იყო. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ბევრად მშვიდ და თბილ ვითარებში წარიმართა.
თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ 17 წელია მოძღვარი მყავს, მაზიარებელი მართლმადიდებელი ვარ და უწმინდესთან ძალიან ახლოს ვარ. უწმინდესისგან და ჩემი მოძღვრისგან ასეთ კატეგორიულ ტონალობაში საუბარი არასოდეს მომისმენია, რაც საკომიტეტო განხილვის დროს მესმოდა. სასულიერო პირებს დიდ პატივს ვცემ და არ მინდა, განკითხვაში შევიდე, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ის ტონალობა, გამოხატვის ის ფორმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი იყო, საზოგადოების იმ ნაწილს აბრკოლებს, რომელთაც სასულიერო სივრცეში შესვლა და უფრო მეტად რელიგიურობა სურთ.
სასულიერო პირების გარდა, თქვენი ოპონენტები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და მისი გაერთიანება. როგორც ფიქრობთ, კანონი გახდება თუ არა იმის საბაბი, რომ არჩევნებზე, მათ შედეგი გაიუმჯობესონ?
- პროცესზე გარკვეული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ გადამწყვეტი არ მგონია. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა აკრძალული ხაზი გადაკვეთეს, მაგრამ ამ კანონზე ასეთი ტიპის დემაგოგია და მანიპულაციები არ შეიძლება. საზოგადოების ფაქიზ და სულიერ თემებზე პოლიტიკური სპეკულაცია დაიწყეს. ნინო ბურჯანაძის კომენტარმა გამაოგნა, როცა მან თქვა, რომ კანონით ინცესტის და გაუკუღმართებული სექსუალური ფორმების წახლისება და პროპაგანდა ხდება. იურისტის მხრიდან ასეთი განმარტება ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ იცი რა წერია კანონში, ან იცი და საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეგყავს. იმ პოლიტიკოსების პოზიციები მაკვირვებს, ვინც ღიად ცრუობს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სიცრუესა და სიმართლეს შორის ზღვარს დაინახავს, ის სწორ არჩევანს გააკეთებს. პოლიტიკოსს, რომელსაც ამ თემებით ქულების მოპოვება სურს, მას ამომრჩეველი ყველაზე ნაკლებად უნდა ენდოს.
და ბოლოს, პარლამენტმა კანონი 104 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. მოგვიანებით, სოსო ჯაჭვლიანმა განმარტა, რომ მას ხმის მიცემა შეეშალა, მაგრამ დარბაზში იყვნენ დიმიტრი ხუნდაძე, გია გაჩეჩილაძე, ელისო ჩაფიძე, დარეჯან ჩხეტიანი და ვანო კიღურაძე, რომელთაც თავი შეიკავეს. მათ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის ფურცელზე მათი ხმები მათი სურვილისამებრ ხელით ჩაასწორა. ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო, თუ დავით უსუფაშვილმა მათ თავშეკავების საშუალება არ მისცა და ისინი უხერხულ ვითარებაში ჩააყენა?
- შეიძლება, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ უცნაური კი იყო, რაც მოხდა. ყველამ თქვა, რომ საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონდათ. შეიძლება, შემთხვევითობა იყო, ან არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას უნდა დავუჯეროთ.