„პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა უკანგადადგმული ნაბიჯია“

„პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა უკანგადადგმული ნაბიჯია“

თბილისის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პარლამენტთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა. დღეს დღის წესრიგში მთავრობის შექმნის, მისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების საკითხების განხილვაა.

„დღემდე აღნიშნული საკითხები კონსტიტუციაში საკმაოდ პრობლემატურია. გართულებულია როგორც მთავრობის შექმნის, ასევე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ეს ყველაფერი კონსტიტუციაში იმდაგვარად უნდა დაიწეროს, რომ შეესაბამებოდეს კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს - ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, გასაგები და არ უნდა მოითხოვდეს დიდ დროს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

უკვე გაკეთდა შეფასებები, რომ შემოთავაზებული ვარიანტი შეიცავს პუნქტებს სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდაზეა საუბარი, რამაც კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საკონსტიტუციო ცვლილებები სავარაუდოდ, ფართო მსჯელობის საგანი გახდება. რა პლუსები და მინუსები გააჩნია შემოთავაზებულ ვარიანტს, ამ თემაზე ექსპერტი საკონსტიტუციო საკითხებში ირაკლი კობახიძე გვესაუბრება.

ბატონო ირაკლი, თითქოს ყველასთვის მისაღები იყო საპარლამენტო მოდელი, რომელიც პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებამოსილებას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა?

- რამდენადაც ვიცი, ამ ინიციატივის ავტორები თავად ყოველთვის საპარლამენტო მმართველობას უჭერდნენ მხარს, ანუ მომხრე იყვნენ ძლიერი პარლამენტის და მის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობის, რაც გამორიცხავს პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოებას - საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტის როლი არის არსებითად სიმბოლური, ნომინალური.

რაც შეეხება ამ ინიციატივას, მისი შემოტანის შემთხვევაში, საპარლამენტო მმართველობიდან გამოდის, რომ გადავდივართ ნახევრადსაპრეზიდენტო, შერეულ მმართველობაზე, რაც ნიშნავს უკან დახევას საპარლამენტო მოდელიდან. შესაბამისად, ეს ინიციატივა, ამ კუთხით, უარყოფითად უნდა ჩაითვალოს.

საპარლამენტო მმართველობა ითვლება ბევრად უფრო დემოკრატიულ მოდელად, ვიდრე ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემა.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლებოდა გაჩენილიყო ეს იდეა, იმიტომ ხომ არა, რომ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი უკმაყოფილო იყო პრეზიდენტის დაკნინებული როლით? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ლობირებს ამ საკითხს?

- თუ ვემხრობით საპარლამენტო მმართველობას და ეს არის, ჩემი აზრით, ბევრად დემოკრატიული მოდელი, ამ შემთხვევაში ჩვენ მომხრეც კი უნდა ვიყოთ სუსტი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობის. ანუ, პრეზიდენტი თუ არის ზედმეტად დასუსტებული, ის არის საპარლამენტო მმართველობის მოდელისთვის დამახასიათებელი პრეზიდენტი, შესაბამისად, ის უნდა იყოს აღჭურვილი სწორედ იმ სუსტი უფლებამოსილებებით, რომელიც აქვს მას დღეს მინიჭებული.

ვერ გეტყვით, ამ ინიციატივის შემოტანის კონკრეტული მიზეზი რა იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებსაც. შესაძლებელია, არსებობს გარკვეული სუბიექტური ინტერესი, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის ხარჯზე შეიზღუდოს ხელისუფლების რომელიმე სხვა სუბიექტის ძალაუფლება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალაუფლების დაბალანსებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯად ამ ინიციტივას ვერ აღვიქვამ.

როდესაც მმართველობის ახალ მოდელზე გადავედით, საუბარი იყო იმაზეც, რომ ზედმეტად გაძლიერდა როგორც პარლამენტის, ასევე პრემიერის ინსტიტუტი, რაც ასევე ძლიერ პრეზიდენტს უნდა დაებალანსებინა. როგორ ფიქრობთ, ამ ლოგიკას ხომ არ მიჰყვებოდა საკონსტიტუციო კომისია, როდესაც ცვლილებებს ამზადებდა?

- აქცენტი კეთდებოდა, პირველ რიგში, უნდობლობის ვოტუმზე და საუბარი იყო იმაზე, რომ გაძლიერებული იყო ამ მოდელში პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება პარლამენტის დასუსტების ხარჯზე. ანუ, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ურთიერთობას, აქ საკითხი ასე ვერ დადგება, რადგან თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მმართველობაზე, პრეზიდენტი უნდა იყოს სუსტი და მთავრობა - ძლიერი.

აქ საუბრობდნენ იმ პრობლემაზე, რომელიც იდგა პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების გარკვეული ფორმით გაძლიერებით ამ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით, ეს არის ის მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს ძალაუფლებას ამ ახალ მოდელში.

ახალ მოდელზე გადასვლისთანავე ითქვა, რომ კონსტიტუცია იყო დასახვეწი და კორექტირება აუცილებელი იქნებოდა, როგორ ფიქრობთ, რა აქცენტები უნდა გაკეთებულიყო?

- პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია ურთიერთობა პარლამენტსა და მთავრობას შორის, ეს -ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვყოფდი უნდობლობის ვოტუმს, ანუ პარლამენტს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

მეორე პრობლემა, რომელსაც გამოვყოფდი, ეს არის ურთიერთობების არამკაფიო მოწესრიგება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე - ეს არის დამახასიათებელი საპარლამენტო მმართველობისთვის.

ასეთ დროს პრეზიდენტს აქვს მინიჭებული ერთგვარი ზედმეტი კომპეტენციები აღმასრულებელ სფეროში, განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ მისი უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორიცაა, მაგალითად, იგივე ელჩების დანიშვნის და გათავისუფლების პროცესში მონაწილეობა და ა.შ.

ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ჩვენ გავაძლიეროთ გარკვეული დამატებითი ბერკეტებით, საჭიროა საპარლამენტო მმართველობის გასაძლიერებლად შეიზღუდოს პრეზიდენტის ის კომპეტენციები, რომელიც მას ზედმეტად აქვს მინიჭებული.

ამის საჭიროებაზე, ანუ პრეზიდენტისთვის ზედმეტი კომპეტენციის ჩამოცილებაზე თავის დროზე ვენეციის კომისიაც საუბრობდა და ამაზე საუბრობდნენ ქართველი ექსპერტებიც.

ხმალაძის მიერ შემოთავაზებულ პროექტში არის ჩანაწერი პრეზიდენტის დისკრეციის საკითხზე პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს უნდა იყოს დისკრეცია თუ უნდა იყოს ვალდებულება, როცა მთავრობა ვერ კომპლექტდება?

- ზოგადად, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მთლიანად არის მოსაწესრიგებელი. საუბარია უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმზე, რომელიც არის დანერგილი კონსტიტუციის ახალი ვარიანტით. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი გულისხმობს იმას, რომ მიდის ძველი მთავრობა, მათ შორის, ძველი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ამავდროულად, აყალიბებს ახალ მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრით.

შესაბამისად, როდესაც საუბარია კონსტრუქციულ ვოტუმზე, იქ საერთოდ აბსურდია პარლამენტის დათხოვნა. ანუ, თუ უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი გვაქვს ჩამოყალიბებული, იქ პარლამენტის დათხოვნის საკითხი საერთოდ არ დგება, რადგან მარტივი უნდა იყოს პროცედურა - პარლამენტი უშვებს ძველ მთავრობას და მოჰყავს მთავრობის ახალი შემადგენლობა. შესაბამისად, მთავარი ის არის, რომ 81-ე მუხლი უნდა დაიხვეწოს, მოექცეს ის იმ ლოგიკურ ჩარჩოებში, რომელსაც გვკარნახობს კონსტიტუციური სამართლის თეორია და ამ შემთხვევაში, ეს პრობლემა საერთოდ აღარ დადგება - ვგულისხმობ, პარლამენტის დათხოვნას.

საკამათო გახდა ისიც, მთავრობას პარლამენტმა ნდობა მთლიანად უნდა გამოუცხადოს, თუ ნდობა უნდა გამოუცხადოს მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს...

- აქ ორი სხვადასვა გადაწყვეტა არსებობს. სხვადასხვა კონსტიტუციაში არის მოდელები, სადაც მთლიანად მთავრობას უცხადდება ნდობა, ამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. არის განსხვავებული მოდელებიც, სადაც პრემიერ-მინისტრს უცხადებენ ნდობას და ამისი მაგალითია გერმანია, სადაც პარლამენტი სწორედ კანცლერს უცხადებს ნდობას და არა მთავრობის მთლიან შემადგენლობას - ეს უკვე არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი.

ანუ, როგორც ვთქვი, ორივე მოდელს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, დემოკრატიულ სტანდარტებს ერთი ვარიანტიც შეესაბამება და მეორეც და საბოლოოდ, პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი ეს საკითხი, პარლამენტმა, შესაძლოა, როგორც ერთ, ასევე მეორე ვარიანტს მიანიჭოს უპირატესობა.

პროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას თავდაპირველად პრეზიდენტი წარადგენს. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, კანდიდატურას ჯერ პარლამენტი წარუდგენდა პრეზიდენტს და შემდეგ წარადგენს პრეზიდენტი მას. ეს ჩანაწერი რამდენად სერიოზულად აძლიერებს პრეზიდენტის როლს?

- პრეზიდენტი ძლიერდება არსებულ სტატუსთან შედარებით. საკითხი დგება ასე: ცალკე აღებული ვერ განვიხილავთ ვერც ერთ უფლებამოსილებას, ყველაფერი უნდა განვიხილოთ საერთო მოდელის ჭრილში და უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, საპარლამენტო მმართველობა თუ შერეული მმართველობა. თუ ჩვენ ვართ საპარლამენტო მმართველობის მომხრე, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ყოველგვარი აქტიური მონაწილეობა მთავრობის ფორმირების საკითხში უნდა გამოვრიცხოთ.

შერეულ მმართველობაში საკითხი სხვანაირად დგას, იქ პრეზიდენტი შეიძლება იყოს აქტიურად ჩართული მთავრობის ფორმირებაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

უმჯობესია, შევინარჩუნოთ არსებითად, საპარლამენტო სისტემა, რომელიც უბრალოდ, საჭიროებს დამატებით დახვეწას და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. ანუ ამ კუთხით უნდა იმუშავოს კომისიამ და არა პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდის მიმართულებით.

ცვლილებათა პროექტში საუბარია პრემიერის არჩევაზეც - პრემიერ-მინისტრად აირჩევა მხოლოდ პარლამენტის წევრი თუ იგი თანამდებობიდან გადადგება, ან გადააყენებენ, ის პარლამენტში დაბრუნდება. როგორც ხმალაძე განმარტავს ეს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერი არ აღმოჩნდეს ხელისუფლების გარეთ, თამაშგარე მდგომარეობაში...

- მითითებული იყო ისიც, რომ მსგავსი მოდელები მოქმედებს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოდელი ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ისტორიულად ადრეულ ეტაპზე. დღეს ტრადიციას ინარჩუნებენ და არ ცვლიან ამ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ თვისობრივად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პირდაპირ კავშირს დავამყარებთ პრემიერ-მინისტრსა და წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს შორის, ბუნებრივია, ეს ზღვარი აღმასრულებელსა და საკანონმდებლო სტრუქტურებს შორის არსებითად ირღვევა. შესაბამისად, ეს ინიციატივაც შეიძლება ჩაითვალოს უკანგადადგმულ ნაბიჯად დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და მისი მიღება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ერთ პრაქტიკულ პრობლემასაც გავუსვებდი ხაზს - მოუქნელი ხდება ასეთი სისტემა, როდესაც პარლამენტს მხოლოდ თავისი რიგებიდან შეუძლია პრემიერ-მინისტრის შერჩევა. სპეციფიკაც ძალიან განსხვავებულია დეპუტატის სტატუსსა და აღმასრულებლის სტატუსს შორის. მაგალითად, შესაძლოა ერთმა მინისტრმა თავი გამოავლინოს როგორც ძალზე წარმატებულმა პოტენციურმა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტს არავითარი შესაძლებლობა აღარ ექნება, რომ ის დააწინაუროს და წარადგინონ პრემიერ-მინისტრად.

რატომ უნდა იყოს სისტემა ასეთი მოუქნელი და რატომ უნდა იყოს შეზღუდული პარლამენტი თავისი გადაწყვეტყილების მიღებისას, ჩემთვის გაუგებარია და მხარს არ დავუჭერდი.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის მხოლოდ სამუშაო პროცესი და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება ცვლილებათა პაკეტი?

- ბუნებრივია, ეს უნდა განვიხილოთ ერთგვარ პირველად შემოთავაზებად, თუმცა აუცილებელია ამ წინადადებების დახვეწა იმისათვის, რომ საბოლოოდ, შედეგად მივიღოთ დახვეწილი კონსტიტუცია. თუ ასაეთი ტიპის ინიციატივებს მივიღებთ და მის საფუძველზე ჩამოყალიბდება საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო ვარიანტი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება. ანუ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით ჩამოყალიბდეს საბოლოო, დახვეწილი დოკუმენტი და საჭიროა ფართო მსჯელობა ნებისმიერ ინიციატივაზე, რომელსაც კომისიის ცალკეული წევრი თუ ნებისმიერი სხვა სუბიექტი შემოგვთავაზებს.