დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის საკონსტიტუციო წინადადები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგფუმა განიხილა. დეპუტატი მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის გაძლიერების საკონსტიტუციო წინადადებით გამოდის. ხმალაძის მიერ მომზადებული ვარიანტით პრეზიდენტს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის დისკრეციული უფლებამოსილება ეძლევა.
დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირების წყაროა პარლამენტი. კერძოდ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატს წარადგენს პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური ძალა.
„სადღეისოდ მთავრობის ფორმირების უაზრო და ზედმეტად გაჭიანურებული პროცედურა მოქმედებს“, - ასე ხსნის ხმალაძე მის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირების პროცესში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს თავდაპირველად პრეზიდენტი წარუდგენს. დეპუტატი ამბობს, რომ დღეს არის სრულიად უაზრო პროცედურა, რაც ზედმეტად აჭიანურებს მთავრობის შექმნას.
როგორც დეპუტატი განმარტავს, დღევანდელი მოდელით, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობამ და, თუ უმრავლესობა არ არის, არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შემდეგ ეს კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მას. თუ წარდგენილი კანდიდატურა ვერ გავიდა, ამის შემდეგ არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა სუბიექტმა უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს და მერე პრეზიდენტმა უკან უნდა დაუბრუნოს პარლამენტს. და თუ კვლავ ვერ გავიდა, ამის შემდეგ მესამე ადგილზე გასულმა უნდა წარადგინოს და ეს ყველაფერი რომ ამოიწურება, შემდგომ პარლამენტმა თვითონ უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი.
მოდელი, რომელიც ახლა სამუშაო ჯგუფში განიხილება, არის მარტივი და ლოგიკური. კერძოდ, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე, პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. თუ პარლამენტმა ის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია, ყველაფერი ამით დამთავრდება. ხოლო თუ არ აირჩევს, მაშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები თავად პარლამეტში დასახელდება და თუ რომელიმე აირჩა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დანიშნოს იგი. თუკი ვერ მოხდება არჩევა, არჩევნების შემდეგი ტური გაიმართება, რომელშიც ყველა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. თუ ისევ ვერ მოხდება არჩევა, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს.
„აღნიშნული მოდელის მიხედვით ცხადი ხდება, რომ პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს, რომლის თაობაზე გამოიკვეთება, რომ მას პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს. თუკი პრეზიდენტი ასე არ მოიქცევა და პრემიერ-მინისტრად სხვა კანდიდატურას წარადგენს, ის ჩავარდება და პარლამენტი თავად აირჩევს იმას, ვინც უნდა. ამით მთავრობის ფორმირების პროცესი შემოკლდება“, - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო კომისია , ჯერ უცნობია.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ხმალაძის ინიციატივის პრეზენტაცია საკონსტიტუციო კომისიის ერთ ჯგუფში გაკეთდა. მისივე განცხადებით, ეს არის საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრის ერთ-ერთი ინიციატივა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ კომისია მივიდა გადაწყვეტილებამდე, ან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტის როლი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში, არის ნაადრევი და ნაჩქარევი.
„სხვა წევრებსაც გააჩნიათ საკუთარი პოზიცია. კომისია რომელს შეარჩევს და საბოლოოდ კონსტიტუცია რა ფორმას მიიღებს, ამაზე საუბარი ნაადრევია. რა ფორმის იქნება კონსტიტუცია, საჯარო განხილვას ექვემდებარება. ამაში მონაწილეობას იღებს პარლამენტი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და შესაბამისად, მთავრობაც. მთავრობა უფლებამოსილია გარკვეული შენიშვნები წარუდგინოს პარლამენტს უკვე კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში. ეს არის სამუშაო პერიოდი, როდესაც უამრავი საკითხი განიხილება. ეს არის ხმალაძის იდეა, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის როლი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში, მაგრამ ეს არ არის კომისიის გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
დეპუტატ პავლე კუბლაშვილის აზრით, მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის ჩარევა სწორი არ იქნება.
„დღეს მოქმედი საკონსტიტუციო მოდელი ითვალისწინებს, რომ მთავრობის ფორმირების ერთადერთი წყარო არის მხოლოდ პარლამენტი. ბატონ ვახტანგ ხმალაძის წინადადებით, გამოდის, რომ პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად, მეტად თუ ნაკლებად მთავრობის შექმნის პროცესში ერევა. არ მგონია, ეს სწორი იყოს და არ მგონია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩემი აზრით, შემოთავაზებული წინადადება პარლამენტს ასუსტებს. ვფიქრობ, რომ პარლამენტის ფუნქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მთავრობის კონტროლთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ფუნქციის პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის გადანაწილება სწორად არ მიმაჩნია“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
კონსტუტიციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტი. მისი თქმით, ლაპარაკი მიდის არსებული კონსტიტუციის ფარგლებში და არა რაღაცა ახალის შემოტანაზე. მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მთავრობის ფორმირების ის წესი, რომელზედაც იყო ლაპარაკი, არანაირად არ ზრდის პრეზიდენტის უფლებამოსილებას. აჟიოტაჟი ატყდა არაფრის გამო. ეს არის სამუშაო პროცესი. მთავრობის დღევანდელი ფორმირების პროცედურა დროში ძალიან გავრცობილია. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ არის კიდევ საკითხები, რომელიც სხვაგვარად უნდა იქნეს ფორმირებული.
მთავარი რაზეც აპელირებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ლაპარაკი იყო მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებაზე, მათ შორის უნდობლობის სხვადასხვა საკითხზე იყო ლაპარაკი. დღევანდელი კონსტიტუცია, რომ შესაცვლელი არ იყოს, მაშინ არც შეიქმნებოდა ეს ჯგუფი. როდესაც ხდება რაღაცის განხილვა, ეს ნიშნავს, რომ ხდება საკითხის განხილვა და არა სხვა“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე განცხადებით, ვარიანტი რომელზედაც ამ შეხვედრაზე იყო ლაპარაკი არ გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას.
„რეალურად მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და ეს საპარლამენტო რესპუბლიკა დახვეწილი უნდა იყოს. ამაზე იყო ლაპარაკი. ვიღაცას შეიძლება ეჩვენება, რომ ვიღაცის გაძლიერება ხდება, ვიღაცას შეიძლება ეჩვენება, რომ აქ პოლიტიკა არის ჩართული. ჯერჯერობით, არც რაიმეზე შევთანხმებულვართ. კონსტიტუცია გამჭვირვალე და სრულფასოვანი უნდა იყოს. ამასთანავე, კონსტიტუციაში რჩება მთავარი მოდელი, რომ ქვეყანაში იყოს რეალური საპარლამენტო მმართველობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.